კორონავირუსის ეპიდემია

გამყრელიძე: დღეს ქვეყანაში 10 კლასტერია ჩამოყალიბებული

92
(განახლებულია 16:09 07.04.2021)
ეპიდემიოლოგები კვლავ კლასტერებზე და ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე საუბრობენ, რამაც შესაძლოა ამ დროისთვის უკვე გაუქმებული კოვიდშეზღუდვების კვლავ ამოქმედება გამოიწვიოს.

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. დღეს ქვეყანაში 10 კლასტერია ჩამოყალიბებული და ყველა მათგანი ქორწილებიდან და ქელეხებიდან იღებს სათავეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოში ეპიდვითარება საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 687 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ცხელ ეპიდწერტილებად რჩება თბილისი, სამეგრელო-ზემო-სვანეთი, აჭარა, იმერეთი. სპეციალისტები კორონავირუსის მესამე ტალღის მოახლოებაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებას კვლავ მოუწევს შემზღუდავ ღონისძიებებს მიმართოს.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, თავი შეიკავონ მსგავსი შეკრებებისგან.

„საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, რომ სოლიდარული უნდა ვიყოთ და ამ ხნის განმავლობაში თავი შევიკავოთ მსგავსი შეკრებებისგან. ინფექცია სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ვაქცინაციაზე და მის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„ვაქცინაცია უფრო ინტენსიური უნდა გახდეს. ახლა ქვეყანაში ვაქცინების 100 ათასზე მეტი დოზის მარაგი გვაქვს. ამ ეტაპზე, აპრილ-მაისში სულ მცირე 3-4 ათასი ადამიანის ყოველდღიურად აცრა გვჭირდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

პანდემიის დაწყებიდან საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 285 ათასზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 275 ათასზე მეტი პაციენტი, 3 840 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

92
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (519)
ბათუმი

ბათუმში სამუშაოს მაძიებლებს 400-მდე ვაკანსიას შესთავაზებენ

7
(განახლებულია 14:46 15.04.2021)
ფორუმის ფარგლებში, სამსახურის მაძიებლებს  საშუალება ექნებათ გაეცნონ და თავად შეარჩიონ აჭარის შრომის ბაზარზე არსებული აქტიური ვაკანსიები.

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ბათუმში, 16 აპრილს დასაქმების ფორუმი „ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის“ გაიმართება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ფორუმზე წარმოდგენილი იქნება რეგიონში მომუშავე წამყვანი კომპანიების ვაკანსიები ისეთ სფეროებში, როგორიცაა გადამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა და დისტრიბუცია, მშენებლობა, სასტუმროების, რესტორნების, სათამაშო ბიზნესი, ჯანდაცვა და სხვ. ფორუმი  პიაცას მოედანზე 12:00 საათზე დაიწყება 16:00 საათზე დასრულდება. 

კომპანიების წარმომადგენლები სამუშაოს მაძიებლებს მიაწვდიან ინფორმაციას კომპანიის საქმიანობის, შრომის პირობების, ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ. 20–ზე მეტი კომპანია 400–მდე ვაკანსიას წარმოადგენს.
დასაქმების ფორუმის მთავარი მიზანია – დაინტერესებულ პირებს რეგიონში არსებული ვაკანსიების, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში მიაწოდონ. მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიებმა კი შეძლონ სასურველი ადამიანური რესურსის მოძიება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ყველა სამუშაოს მაძიებელს მოუწოდებს, დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. სააგენტოს ცნობით, პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში ისინი მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, ასევე, დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ.

დასაქმების პირველი სახელმწიფო სამსახური – აჭარის დასაქმების სააგენტო 2011 წელს შეიქმნა.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ბათუმში დასაქმების ფორუმი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა კოვიდ–რეგულაციის დაცვით ჩატარდება.

7
სოფიკო შევარდნაძე

„საათობრივად ვიკვებებოდი და დავდიოდი ფეხით 5 კილომეტრს“ - სოფიკო შევარდნაძე ოსულობაზე

21
(განახლებულია 14:13 15.04.2021)
საქართველოს მეორე პრეზიდენტის შვილიშვილი დედა მარტის მიწურულს გახდა. მას ვაჟი შეეძინა. სოფიკომ შვილის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე გაამხილა ორსულობის ამბავი

მას მერე, რაც დედა გახდა, სოფო შევარდნაძე „ინსტაგრამზე“ ხშირად წერს ახალი ამპლუის შესახებ და თავის მოსაზრებებს თუ შეგრძნებებს უზიარებს სხვა დედებს. ამჯერად დედობისთვის მზადებასა და ორსულობაზე ისაუბრა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ორსულობისას რეჟიმზე გააკეთა აქცენტი: საათობრივად იკვებებოდა და ეძინა იმდენ ხანს, რამდენსაც ითხოვდა ორგანიზმი. ასევე ყოველდღე დადიოდა ფეხით 5 კილომეტრს, უსმენდა კლასიკურ მუსიკას და ჩასახვის დღიდან ელაპარაკებოდა პატარას.

„სრულფასოვნად ვმუშაობდი, ვიღებდი გადაცემებს და მხოლოდ მშობიარობამდე ორი კვირით ადრე გავუშვი ჯგუფი შვებულებაში. არაფერი არ წამიკითხავს, ხანდახან ვუსმენდი ბავშვთა ფსიქოლოგებს და ნეიროქოუჩებს, რათა გამეგო, როგორი მიდგომები და თეორიებია ადრეული აღზრდის მიმართულებით.
მჯეროდა, რომ დანარჩენი თავისით მოვიდოდა, გამოცდილებასთან ერთად“, - ამბობს სოფო.

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი დედა 42 წლის ასაკში გახდა. ტელეწამყვანმა 21 თებერვალს ინფორმაცია ორსულობის შესახებ Clubhouse-ის მოდურ დანართთან საუბრისას გაამხილა, სადაც სტუმრები ბავშვთა აღზრდის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

ცნობილ ტელეწამყვანს პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, ამიტომ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ამის შესახებ მას ჯერ თავის „ინსტაგრამზეც“ არ დაუწერია. ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანმა აღიარა, რომ უჭირს მისთვის შესაფერისი მეორე ნახევრის მოძებნა, როდესაც თვალწინ ჰყავს ორი ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორებიც ბაბუამისი და მამამისი არიან.

სოფიკო 21 წლის იყო, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და დღემდე არ დაქორწინებულა. ნიუ-იორკში ჟურნალისტმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გაიცნო, მან რჩეული საკუთარ ბაბუასაც კი გააცნო და გამოაცხადა ქორწინების შესახებ, თუმცა ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიხვდა, რომ არ სურდა მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად გაეტარებინა.

21
თემები:
ქართველი სელებრითები