ილია მეორე: ქვეყანას გურამ დოჩანაშვილის სახით კიდევ ერთი ბუმბერაზი ადამიანი დააკლდა

© Sputnik / STRINGERილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
ქართული თანამედროვე ლიტერატურის კლასიკოსს, მწერალ გურამ დოჩანაშვილს 26 მარტს 82 წელი შეუსრულდა – მწერალი 3 აპრილს გარდაიცვალა

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მწერალ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

გურამ დოჩანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
საქართველო გურამ დოჩანაშვილს ემშვიდობება

როგორც პატრიარქის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, გურამ დოჩანაშვილი სიმბოლოა სულიერი სიდიადის, უბრალოების, სათნოების, თავმდაბლობის, ბავშვური გულუბრყვილობის, სიყვარულის, ეროვნულობისა და  ღვთისმოსაობის.

„ბედნიერებაა, რომ ასეთი პიროვნება არის უდიდესი მწერალი და ამ სიკეთეს სხვათაც უნაწილებს. მკითხველს თავისი აზროვნების გულითად თანაზიარად ხდის და, ამასთან, ცხოვრების ჭეშმარიტი გზისა და სიცოცხლის არსის შესახებ აფიქრებს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში 3 აპრილს გარდაიცვალა. ქართული ლიტერატურის თანამედროვე კლასიკოსი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე, თავისი ვაჟის გვერდით დაკრძალეს.  მწერალმა შვილის, ირაკლის გვერდით დასაფლავება დატოვა ანდერძად. მისი ვაჟი 1990 წელს 22 წლისა გარდაიცვალა. ქალაქის ხელისუფლებამ დოჩანაშვილის ოჯახს მწერლის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა შესთავაზა, თუმცა ოჯახმა მისი უკანასკნელი ნების აღსრულება გადაწყვიტა.

გურამ დოჩანაშვილი თანამედროვე ქართული პროზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მკითხველისთვის ცნობილია მისი ნაწარმოებები – „სამოსელი პირველი", „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები", „ხორუმი ქართული ცეკვაა" და სხვ.

გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.

ყველა ახალი ამბავი
0