პრემიერი: გიორგი მაზნიაშვილი ყველაფერზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს აყენებდა

© Tbilisi City Hallგიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი
გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გენერალი მაზნიაშვილი თავისი გმირული ცხოვრების ისტორიით მუდამ სანიმუშოდ დარჩება ქართველი მებრძოლებისა და პატრიოტი ადამიანებისთვის.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. გენერალი გიორგი მაზნიაშვილი თავისი გმირული ისტორიით პირადი მამაცობის, სამშობლოსათვის თავდადების მაგალითია მათთვის, ვისთვისაც სამშობლო უზენაესი ფასეულობაა, დაწერა საკუთარ Facebook-გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით. 

გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის გახსნის საზეიმო ცერემონია - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2018
ომში დაუმარცხებელი გენერალი მაზნიაშვილი, შვედი გოგონა სოფია და... ანუკი არეშიძე

„დღეს დაუმარცხებელ გენერლად წოდებული საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა. ჩვენს დიდ მხედრულ ტრადიციებზე აღზრდილმა გენერალმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარის მშენებლობაში... იგი იმ ძალზე იშვიათ მხედართმთავართა რიცხვს ეკუთვნის, ვისაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია", – დაწერა ღარიბაშვილმა.

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი 1871 წლის 6 აპრილს კასპის რაიონის სოფელ სასირეთში დაიბადა. იუნკერთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაზნიაშვილი მეფის არმიაში მსახურობდა. იგი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, ასევე რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში.   

გენერალი მაზნიაშვილი იბრძოდა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესვლისა და მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. მას შემდეგ, რაც წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა, გენერალი საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა, თუმცა 1937 წელს საქართველოში დაბრუნდა. „მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!" — ეს სიტყვები გიორგი მაზნიაშვილს ეკუთვნის.

მალე საბჭოთა ხელისუფლებამ მაზნიაშვილი დააპატიმრა და დახვრიტა. გენერლის საფლავის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

2013 წელს მაშინდელმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი მაზნიაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაწესებულია უწყებრივი მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“, რომელსაც სამხედრო მოსამსახურეებს მასშტაბური სწავლებებისას მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენისა და წარმატებული სამხედრო ოპერაციებისთვის გადასცემენ.

ყველა ახალი ამბავი
0