მომღერალი ზუკა ხუციშვილი „ფარულ კონვერტს“ სტუმრობდა, სადაც მამაზე ისაუბრა. ტელეწამყვანმა ია ფარულავამ ზუკა ხუციშვილს ჰკითხა ერთი ცნობილი ადამიანის შესახებ, რომელმაც გიოს წლების წინ ძალიან ატკინა გული. ამის შესახებ გიოს არასდროს არავისთვის არაფერი უთქვამს, თავისი შვილის გარდა. ეს საიდუმლო მან შვილს სიკვდილის წინ გაუმხილა. კონვერტზე მისი სახელი და გვარი დაუწერეს… ზუკამ კონვერტი გახსნა, მაგრამ საჯაროდ მისი ვინაობის გამხელა არ ისურვა და კონვერტი დაწვა.
„როგორც თქვით, ისე იყო ყველაფერი, მაგრამ რეალურად, არა მგონია, ადამიანები ამქვეყნიდან სინანულის გარეშე მიდიოდნენ. გიოს ცხოვრებაში სულ რამდენიმე ადამიანი იქნებოდა, ვისგანაც გული ეტკინა. ბოღმას არასდროს იდებდა გულში. მოდი, ბოღმასაც არ გავაღვივებ და არც ღირს. გიოს ცხოვრებაში სიკეთის მეტი მართლა არაფერი იყო. ნაღდად არ ღირს ამ ამბის გამხელა. გიოს არ მოეწონებოდა“, - განაცხადა ზუკამ.
გიო ხუციშვილი 2018 წლის ივნისში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ფილარმონიის შენობის წინ მომღერალს ვარსკვლავი გაუხსნეს.
გიო ხუციშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული სიმღერის პოპულარიზებაში. განსაკუთრებით შეიყვარა ხალხმა მის მიერ შესრულებული კომპოზიციები „აყვავდება როცა ნუში" (ნატო გელაშვილთან ერთად), „ნეტავ მართლა გყვარებოდი", „მზე ჩადის და მზე ამოდის" და სხვ.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.528 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.
პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 117 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1.257 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 154 ფაქტი გამოვლინდა.
პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ცნობილი ფოტოგრაფი ირმა შარიქაძე ყოფილი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი იყო. ამის შესახებ თავად ფოტოგრაფმა ტელეკომპანია „პირველთან“ ისაუბრა.
შარიქაძემ აღნიშნა, რომ წლების წინ, ყოფილი მეუღლისგან ისიც იყო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, რის გამოც, რვა თვის შვილთან ერთად, სახლიდან გაიპარა.
ფოტოგრაფი მხარდაჭერას უცხადებს მსახიობ ნინუცა მაყაშვილს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ 11 წლის წინანდელი ძალადობის ფაქტები გაიხსენა და საჯაროდ დასდო ბრალი მის ყოფილ მეუღლეს, მსახიობ ბესო ზანგურს.
„ახლა ჩემი შვილი 21 წლისაა, ფაქტობრივად, ნინუცას მსგავსი სიტუაცია მქონდა, ეს ძალიან რთული მოსაყოლია. დიდი სტრესია ის მომენტი, როცა ცდილობ წახვიდე იმ სახლიდან, სადაც შენზე ძალადობენ, როცა გგონია, რომ თუ რაღაც არასწორად გააკეთე, შეიძლება ვიღაცამ შემთხვევით მოგკლას კიდეც. ძალადობა დიდი ხნის განმავლობაში არ გრძელდებოდა, მაგრამ რამდენიმე შემთხვევა რომ განმეორდა, გადავწყვიტე, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში აღარ მოხდებოდა, ფაქტობრივად, წასასვლელი არსად მქონდა, მაგრამ ასე “არსად” წამოვედი შინიდან მაინც, ბავშვით ხელში, მაშინ 20 წლის ვიყავი, სამწუხაროდ, ისეთ ვითარებაში ვიყავი, არ შემეძლო მეთქვა, – მიშველეთ -მეთქი, ჩემზე ძალადობდა სრულიად უმიზეზოდ”, - განაცხადა ფოტოგრაფმა.
12 აპრილს გადაცემა „ფარულ კონვერტში“ 33 წლის მსახიობმა გაიხსნენა 11 წლის წინანდელი ფაქტები, როდესაც, მისი თქმით, ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა.
ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც. ნინუცა მაყაშვილის თქმით, სწორედ ოჯახური ძალადობა გახდა წყვილის განქორწინების მიზეზი.
მსახიობი ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ნინუცა მაყაშვილზე ძალადობას უარყოფს. ზანგური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ეს გადაცემაში 5 ათასი ლარის მისაღებად მოგონილი ტყუილია და მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.
ფაქტს გამოეხმაურა რუსთაველის თეატრიც. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თეატრი ძალადობას გმობს. განსხვავებული პოზიცია აღმოაჩნდა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს რობერტ სტურუას. „ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!" – დაწერა ცნობილმა რეჟისორმა.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჩადენილი ჯგუფური ძალადობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ექვსივე პირი ბათუმში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ცნობილი სპორტსმენები, ძმები – ფირუზ და რევაზ წულუკიძეები.
გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის გულისხმობს.