ვაქცინაცია

ჩინეთის ელჩი: Sinopharm-ის ვაქცინის ექსპორტი 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება

33
(განახლებულია 20:07 05.04.2021)
დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის პრეზენტაცია გაიმართა.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ჩინეთი საქართველოს კომპანია „სინოფარმის“ მიერ წარმოებულ ვაქცინას მიაწვდის, რომელიც ტრადიციულ, სანდო, ვირუსის ინაქტივირების მეთოდით არის დამზადებული, განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იენმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ პრეზენტაციაზე.

როდის დაიწყება საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია: გამყრელიძის განმარტება>>

საქართველომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა 3 აპრილს მიიღო. ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი, რომელიც ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია. კომპანია Sinopharm-მა ვაქცინა უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

„ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დონე ძალიან მაღალია. ამ დროისათვის ეს ვაქცინა არა მხოლოდ ჩინეთში გამოიყენება, არამედ მისი ექსპორტი 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მსოფლიოში გამოყენებულია 100 მილიონზე მეტი დოზა. ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდ არის აღიარებული“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

მისი თქმით, ჩინური მხარე იმედოვნებს, რომ ჩინური ვაქცინა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართველი ხალხის სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საქმეში.

„შემდეგ ეტაპზე ჩინეთი მზად არის, გააგრძელოს ქართულ მხარესთან ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობა. მათ შორის ვაქცინების მიმართულებით, რათა ერთად შევუწყოთ ხელი საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის ჩამოყალიბებას“, – აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ვაქცინების მიმართ მოთხოვნა როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით ძალიან მაღალია, ხოლო ვაქცინების წარმოების მოცულობა არასაკმარისია. და ასეთ ვითარებაში ქართული მხარის თხოვნის შესაბამისად, ჩინეთის მხარემ საქართველოს ვაქცინა მიაწოდა.

„ვიმედოვნებ, ჩინური ვაქცინა საქართველოს COVID-19-ის სწრაფად დამარცხებაში და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის, განვითარებისა და ნორმალური ცხოვრების რეჟიმის აღდგენაში დაეხმარება“, – განაცხადა ლი იენმა.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინური მხარე ჩინურ-ქართულ ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ხოლო დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის პრეზენტაცია გაიმართა.

ამჟამად საქართველოში ვაქცინაციისთვის Pfizer-ის და AstraZeneca-ს პრეპარატები გამოიყენება. ჩინური წარმოშობის კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეისყიდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას აპრილის შუა რიცხვებში ელოდება, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, თუ როდის დაიწყება საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია.

33
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (519)
სოფიკო შევარდნაძე

„საათობრივად ვიკვებებოდი და დავდიოდი ფეხით 5 კილომეტრს“ - სოფიკო შევარდნაძე ოსულობაზე

12
(განახლებულია 14:13 15.04.2021)
საქართველოს მეორე პრეზიდენტის შვილიშვილი დედა მარტის მიწურულს გახდა. მას ვაჟი შეეძინა. სოფიკომ შვილის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე გაამხილა ორსულობის ამბავი

მას მერე, რაც დედა გახდა, სოფო შევარდნაძე „ინსტაგრამზე“ ხშირად წერს ახალი ამპლუის შესახებ და თავის მოსაზრებებს თუ შეგრძნებებს უზიარებს სხვა დედებს. ამჯერად დედობისთვის მზადებასა და ორსულობაზე ისაუბრა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ორსულობისას რეჟიმზე გააკეთა აქცენტი: საათობრივად იკვებებოდა და ეძინა იმდენ ხანს, რამდენსაც ითხოვდა ორგანიზმი. ასევე ყოველდღე დადიოდა ფეხით 5 კილომეტრს, უსმენდა კლასიკურ მუსიკას და ჩასახვის დღიდან ელაპარაკებოდა პატარას.

„სრულფასოვნად ვმუშაობდი, ვიღებდი გადაცემებს და მხოლოდ მშობიარობამდე ორი კვირით ადრე გავუშვი ჯგუფი შვებულებაში. არაფერი არ წამიკითხავს, ხანდახან ვუსმენდი ბავშვთა ფსიქოლოგებს და ნეიროქოუჩებს, რათა გამეგო, როგორი მიდგომები და თეორიებია ადრეული აღზრდის მიმართულებით.
მჯეროდა, რომ დანარჩენი თავისით მოვიდოდა, გამოცდილებასთან ერთად“, - ამბობს სოფო.

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი დედა 42 წლის ასაკში გახდა. ტელეწამყვანმა 21 თებერვალს ინფორმაცია ორსულობის შესახებ Clubhouse-ის მოდურ დანართთან საუბრისას გაამხილა, სადაც სტუმრები ბავშვთა აღზრდის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

ცნობილ ტელეწამყვანს პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, ამიტომ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ამის შესახებ მას ჯერ თავის „ინსტაგრამზეც“ არ დაუწერია. ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანმა აღიარა, რომ უჭირს მისთვის შესაფერისი მეორე ნახევრის მოძებნა, როდესაც თვალწინ ჰყავს ორი ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორებიც ბაბუამისი და მამამისი არიან.

სოფიკო 21 წლის იყო, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და დღემდე არ დაქორწინებულა. ნიუ-იორკში ჟურნალისტმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გაიცნო, მან რჩეული საკუთარ ბაბუასაც კი გააცნო და გამოაცხადა ქორწინების შესახებ, თუმცა ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიხვდა, რომ არ სურდა მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად გაეტარებინა.

12
თემები:
ქართველი სელებრითები
კახა კალაძე

კალაძე: ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას

22
(განახლებულია 13:59 15.04.2021)
კახა კალაძეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ვესტიბულოპათიის დიაგნოზი დაუსვეს – ექიმების განცხადებით, მერის ავადმყოფობა მის სპორტულ წარსულს უკავშირდება.

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში კვირის ბოლოსთვის დაბრუნდება და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. 

43 წლის კალაძე უცხოეთში გამოკვლევების ჩასატარებლად 12 აპრილს გაემგზავრა – იგი მარტის ბოლოს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ე.წ. ვესტიბულოპათიის დიაგნოზით (ვესტიბულარული ანალიზატორის ფუნქციის დარღვევა) მოხვდა. 4 აპრილს მან კლინიკა დატოვა და რეაბილიტაციის კურსს სახლის პირობებში გადიოდა. 

„დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ბედნიერი ვარ, რომ კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად განვახორციელებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ Facebook-ჩართვაში.

ადრე ქართულ მასმედიაში თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის მმართველი გუნდიდან და, ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ვერსიით, კალაძე მილანში დაბრუნებას გეგმავს, სადაც ფეხბურთელის წარმატებული კარიერა ჰქონდა.

კონკრეტულად რომელ ქვეყანაში იმყოფება დედაქალაქის მერი, ამის თაობაზე ინფორმაციას თბილისის მერიის პრეს-სამსახური არ ავრცელებს.

22