ლიუთერანული ეკლესია თბილისში

„ვუერთდებით თქვენს სიხარულს“: საქართველოს პირველი პირები კათოლიკეებს აღდგომას ულოცავენ

61
(განახლებულია 13:28 04.04.2021)
დღეს კათოლიკური, სომხური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ.

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. საქართველოს პირველი პირები ყველა იმ ქრისტიანს, ვინც დღეს აღდგომას ზეიმობს, დღესასწაულს ულოცავენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყველას, ვინც დღეს მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს, დღესასწაული მიულოცა და ბედნიერება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.

„ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავს. გულითადად ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებსა და ყველას, ვინც დღეს სულიერი ამაღლების, სიცოცხლის გამარჯვებისა და სიკეთის მიერ ბოროტების ძლევის დღესასწაულს ზეიმობს. ვუერთდები თქვენს სიხარულს“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე, მთავრობის მეთაურმა აღდგომის დღესასწაული მიულოცა კათოლიკურ, სომხურ და ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიებს.

„საყოველთაო განახლებისა და უკეთესი მომავლის რწმენის ამ წმინდა დღეს ვუერთდები თქვენს სიხარულს და ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას ვუსურვებ თქვენს ოჯახებსა და ჩვენს სამშობლოს“, – წერს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე, აღდგომის დღესასწაული მიულოცა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქრისტიანული სამყაროს იმ ნაწილს, ვინც დღეს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავს.

„მინდა, ყველას, ვინც აღნიშნავს დღევანდელ დღეს - ჩემს ძვირფას თანამოქალაქეებს, ჩემს უცხოელ მეგობრებს მივულოცო სიცოცხლისა და განახლების დღესასწაული. გისურვებთ სიკეთეს, სიყვარულს, მშვიდობას და კეთილდღეობას!“, - წერს კალაძე.

დღეს კათოლიკური, სომხური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულის თარიღს კათოლიკეებიც და მართლმადიდებლებიც ერთნაირი წესით განსაზღვრავენ, მართლმადიდებლების და კათოლიკეების აღდგომის თარიღები განსხვავდება და ამის მიზეზი გრიგორიანულ და იულიუსის კალენდრებში არსებული სხვაობაა. თარიღებს შორის განსხვავება ზოგჯერ ერთ კვირას შეადგენს, ზოგჯერ რამდენიმეს, ზოგჯერ ერთმანეთს ემთხვევა კიდეც. მაგალითად ბოლოს კათოლიკური და მართლმადიდებლური აღდგომის თარიღები 2017 წელს დაემთხვა.

2021 წელს კათოლიკური ეკლესია აღდგომას დღეს, 4 აპრილს ზეიმობს, ხოლო მართლმადიდებელი კი  - 2 მაისს.

 

 

 

 

 

61
ვარლამ გოლეთიანი. საპროტესტო აქცია ქუთაისში

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ღამეს გაათენებენ

85
მხოლოდ მშვიდობიანი ბრძოლა და ერთმანეთის სიყვარული არის გამარჯვების საწინდარი, აცხადებს აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია ამ დრომდე გრძელდება, იუწყება „პირველი არხი“.

აქციის ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, აქტივისტები ღამეს ცენტრალურ მოედანზე გაათენებენ.

„თუ იქნება თქვენი ნება-სურვილი, ვაჩვენოთ ჩვენი ძალა ხელისუფლებას და გავათენოთ დღევანდელი ღამე აქ. ჩვენ უკვე შევძლებთ ხვალინდელ დღეს, გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ადამიანების გამოსვლა, ბლოკირება მთელი ქვეყნის... ეს იქნება ქმედება, რომელიც გააოცებს მსოფლიოს და ყველას აჩვენებს ჩვენს სულიერ და ზნეობრივ სახეს“, - განაცხადა გოლეთიანმა და  აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

გოლეთიანის მტკიცებით, აქციის საორგანიზაციო დეტალები საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებულია.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროტესტი არავითარ შემთხვევაში არ გასცდება კანონის ფარგლებს და იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი.

„ბევრი ბერკეტი გვაქვს, რითაც ვიმოქმედებთ მათზე, შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ყველა ქალაქი, ყველგან გამოვიდეთ. ჩვენი სიმრავლით ვუთხრათ ხელისუფლებას – იყავი ჩვენი მსახური. თუ შენ არ მოემსახურები ქართველ ხალხს, ჩვენი, როგორც ერის, სულისკვეთება, გაგტეხს წელში“, - განაცხადა გოლეთიანმა.

მისი თქმით, სწორედ მშვიდობიანი ბრძოლა მიიყვანს მათ გამარჯვებამდე.

აქციის მონაწილეები ხვალ 08:00 საათზე მსვლელობით კვლავ გუმათისკენ გაემართებიან.

 რიონის ხეობაში „გუმათჰესთან“ დღეს დილას აქტივისტებს პოლიციელების მიერ აღმართული რკინის  ღობე დახვდათ - ძალოვანებმა ამ ფორმით გადაუკეტეს გზა დემონსტრანტებს, რომლებიც „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. აქტივისტები „გუმათჰესიდან“ სოფელ ნამოხვანისკენ მსვლელობის მოწყობას გეგმავდნენ, რათა იქ მიმდინარე სამუშაოებისთვის ხელი შეეშალათ.

გასულ ღამეს კი რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ინვესტორი კომპანია ENKA-ს ერთ-ერთი ოფისისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მოხდა დაპირისპირება, შედეგად დაკავებულია ექვსი  ადამიანი.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თურნავა: ახლა მაინც, საპატრიარქოს მოწოდების ფონზე, ყველა ამბიცია გვერდზე გადავდოთ >>

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე ღუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

85
აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ნამახვანჰესის“ საკითხზე მედიატორი ვიქნებით

82
(განახლებულია 22:55 14.04.2021)
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, გუშინ აქციაზე 6 აქტივისტი დააკავეს, დღეს სამართალდამცველებმა მომიტინგეებს გზა ჩაუხერგეს.

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საპატრიარქო „ნამახვანჰესის“ საკითხზე ხელისუფლებასა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის მედიატორის როლს შეასრულებს, იმუშავებს ორივე მხარესთან, რომ არ მოხდეს რადიკალიზაცია და დარჩეს სივრცე დიალოგისთვის, განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღეს საქართველოს საპატრიარქო „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა და რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელი უწოდა.  საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მტკიცებით, საქართველოს საპატრიარქო პირველად არ ერევა აღნიშნულ საკითხში.

„ის დიალოგები, რომლებიც აქამდე შედგა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ჩვენი ჩარევის შედეგად მოხდა. ისმის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, საპატრიარქო რატომ არ ერევა, სინამდვილეში, ვმუშაობთ ორივე მხარესთან იმისათვის, რომ არ მოხდეს რადიკალიზაცია და დარჩეს სივრცე დიალოგისთვის“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ „ნამახვანჰესის“ კონტრაქტის პირობები უფრო დაწვრილებით უნდა იყოს განხილული და საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიწოდოს.

„ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ის, რომ მშვიდობისაკენ მოვუწოდოთ, კეთილგონიერება გამოიჩინონ ყველამ და დიალოგის სივრცე შექმნან. ჩვენ ვერ ვაფასებთ რეალურად ვერც ეკონომიკურ მხარეს, ვერც კონტრაქტის სუსტ და ძლიერ მხარეებს, ამიტომ ვიქნებით, როგორც მედიატორი ამ პროცესში“, – აღნიშნა დეკანოზმა.

რიონის ხეობაში „გუმათჰესთან“ დღეს დილას აქტივისტებს პოლიციელების მიერ აღმართული რკინის  ღობე დახვდათ - ძალოვანებმა ამ ფორმით გადაუკეტეს გზა დემონსტრანტებს, რომლებიც „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. აქტივისტები „გუმათჰესიდან“ სოფელ ნამოხვანისკენ მსვლელობის მოწყობას გეგმავდნენ, რათა იქ მიმდინარე სამუშაოებისთვის ხელი შეეშალათ.

გასულ ღამეს კი რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ინვესტორი კომპანია ENKA-ს ერთ-ერთი ოფისისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მოხდა დაპირისპირება, შედეგად დაკავებულია ექვსი  ადამიანი.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე ღუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

82
სვეტიცხოველი მცხეთაში

საეკლესიო კალენდარი: 15 აპრილი

0
(განახლებულია 21:52 14.04.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია15 აპრილს წმინდა გიორგი მაწყვერელის, ღირსი ტიტე საკვირველმოქმედის, მოწამეთა: ამფიანესი და ედესის, ასევე მოწამე პოლიკარპეს ხსენების დღეს აღნიშნავს.  

„Sputnik საქართველო" მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

გიორგი მაწყვერელი

საეკლესიო კალენდარში 15 აპრილი წმიდა გიორგი მაწყვერელის (IX-X) ხსენების დღეა.

გიორგი მაწყვერელი  აწყურის ეპისკოპოსი იყო. ცნობილ მწერალს და საეკლესიო მოღვწეს კარგად იცნობდა მისი თანამედროვე საქართველო, თუმც მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას ჩვენამდე არ მოუღწევია. 

ცნობები წმიდა გიორგი მაწყვერელის შესახებ შემოგვინახა გიორგი მერჩულისა და ბასილი ზარზმელის ნაწარმოებებმა.

გიორგი მერჩულე: „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ წერს: „ვჰგონებდ ცხოვრებასა ამას დაწერად ბრძენთაგან და სრულთა მამათა, რომელნიცა იყვნეს ჟამთა ჩუენთა“, შემდგომ ჩამოთვლის ცნობილ საეკლესიო მწერალთა სახელებს, რომელთაგანაც თანამედროვენი მოელოდნენ ღირსი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერას და მათ შორის ასახელებს ღირს გიორგი მაწყვერელს. ბასილი ზარზმელის თქმით, გიორგი მაწყვერელი, სამცხის საეკლესიო ცხოვრების მეთაური, „აღმოსცენდა ჴევისაგან შუარტყლისა, მშობელთაგან წარჩინებულთა და ღმრთისმოშიშთა; ხოლო აღიზარდა იგი განთქმულსა მას უდაბნოსა ოპიზას“.

უმთავრესი ცნობები ღირსი სერაპიონ ზარზმელის  შესახებ ბასილისთვის მიუწოდებია გიორგი მაწყვერელს

ღირსი გიორგი მაწყვერელი მეტად დაახლოებული ყოფილა წმიდა სერაპიონ ზარზმელთან დასწრებია მის დასაფლავებას და დიდად შეუწყვია ხელი მისი ცხოვრების დაწერისთვისაც.

ღირსმა გიორგიმ აწყურის კათედრა დაიკავა სამცხის დიდი ფეოდალის, გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების მეოთხე წელს, როდესაც ჩორჩანელთა გვარში და სახლეულობაში, და საერთოდ, მთელ სამცხეში დიდი მღელვარება, მტრობა და ძმათაკვლა იყო გაჩაღებული მისი მემკვიდრეობის გამო. ამ განუკითხაობის ჟამს ღირსმა გიორგი მაწყვერელმა „ხელთიდვა განგებაჲ სამცხისაჲ“ და „დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თჳსი“, ვითარცა წეს იყო და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი“. 

ღირსი გიორგი მაწყვერელი მშვიდობით აღესრულა X ს-ის პირველ მეოთხედში.

ტიტე საკვირველთმოქმედი

საეკლესიო კალენდარში 15 აპრილი ღირსი ტიტე საკვირველთმოქმედის (IX) ხსენების დღეა.

ტიტე საკვირველთმოქმედი სიყრმიდან ბერული ცხოვრებით მოღვაწეობდა სტუდიონის მონასტერში, კონსტანტინეპოლთან ახლოს. მარხვით, წმიდა ცხოვრებით და სიმდაბლით ღირსმა ტიტემ ძმათა შორის საყოველთაო სიყვარული მოიპოვა და, მათივე თხოვნით, ხელდასხმულ იქნა პრესვიტერად, ხატმებრძოლთა ერესის მძვინვარების დროს ღირსი ტიტე მტკიცედ იცავდა წმიდა ხატთა თაყვანისცემის მართლმადიდებლურ წესს. სათნო ცხოვრებისათვის უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში. 

მოწამეები მფიანე და ედესი

საეკლესიო კალენდარში 15 აპრილი მოწამეების ამფიანე და ედესის (+306) ხსენების დღეა.

ამფიანე და ედესი  ძმები იყვნენ. ცხოვრობდნენ პატრაში (ლუკიის პროვინცია), ქალაქის კერპთაყვანისმცემელი მმართველის ოჯახში. ისინი წარმართული სიბრძნის დასაუფლებლად ქალაქ ბირითში გაგზავნეს. აქ ძმები ქრისტეს სჯულზე მოექცნენ და მისი მხურვალე მიმდევრები გახდნენ, შემდეგ წარმართი მშობლები დატოვეს და წავიდნენ კესარიაში, სადაც ნახეს მოძღვარი, პრესვიტერი პამფიოლე და მისი ხელმძღვანელობით დაიწყეს მოღვაწეობა.
იმ დროს, იმპერატორ მაქსიმიანეს (+305-313) ბრძანებით, კესარიის ყველა მცხოვრებს მსხვერპლი უნდა შეეწირა კერპებისათვის. ბევრი ქრისტიანი გაექცა კერპთაყვანისცემის საცდურს და მივარდნილ ადგილებში გაიხიზნა. გაიხიზნენ წმიდა ამფიანე და ედესიც, მაგრამ ერთხელ, როდესაც ქალაქის მმართველი ტაძარში მსხვერპლშეწირვაზე შევიდა, ამფიანე მას თამამად მიეახლა და ურჩია, ცრუმსახურებისთვის თავი დაენებებინა და ქრისტეს სჯულზე მოქცეულიყო. მმართველის ბრძანებით ამფიანე შეიპყრეს, სასტიკად გვემეს და საკანში ჩააგდეს. ორი დღე ტანჯავდნენ ჭაბუკ მოწამეს, რკინის ჯოხით ცემდნენ, ზეთში ამოვლებული სელით უწვავდნენ სხეულს, ბოლოს კი ყელზე ქვა დაკიდეს და ზღვაში გადააგდეს. მოწამის გვამი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა. ქრისტიანებმა ის პატივით მიაბარეს მიწას. 


ედესიც სასტიკად აწამეს, შემდეგ კი სპილენძის მაღაროებში გაგზავნეს სამუშაოდ. რამდენიმე წლის შემდეგ გაანთავისუფლეს და ალექსანდრიაში გადაასახლეს. აქ მან ქალაქის მმართველი, იეროკლე ამხილა ქრისტიანთა მიმართ უზომო სიმკაცრეში, რისთვისაც სასტიკად აწამეს და ძმის მსგავსად ზღვაში დაახრჩვეს.

მოწამე პოლიკარპე 

საეკლესიო კალენდარში 15 აპრილი წმიდა მოწამე პოლიკარპეს (IV) ხსენების დღეა.

პოლიკარპე  იმპერატორ მაქსიმიანეს (+305-313) მხილებისათვის ეწამა, რომელმაც უდანაშაულო ქრისტიანთა სისხლი დაღვარა ალექსანდრიაში.

მან საჯაროდ აღიარა ქრისტე და ნებაყოფლობით წავიდა სატანჯველად. ხანგრძლივი წამების შემდეგ წმიდა მოწამეს თავი მოჰკვეთეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

0
თემები:
საეკლესიო კალენდარი