ჩინური კომპანია Sinopharm-ის პრეპარატი

ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი უკვე საქართველოშია

103
(განახლებულია 14:45 04.04.2021)
კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელსაც ვაქცინაციისთვის მხოლოდ უნგრეთი იყენებს, ჯანმოს აღიარება ჯერ არ მიუღია.

თბილისი, 3 აპრილი  – Sputnik.  საქართველომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა მიიღო, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.

ვაქცინები სპეციალური რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოიტანეს. ამ დროისთვის, ვაქცინების დასაწყობება მიმდინარეობს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, ვაქცინა აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებელი ორგანოს მიერ. მისი შენახვის პირობა არის +2–+8 გრადუსი.

Sinopharm-ს ჯერ არ მიუღია ჯანმოს ავტორიზაცია, ამიტომ იმუნიზაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, როცა ვაქცინა ავრტორიზაციას მიიღებს. ავტორიზაციის პროცესი აპრილის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

„ამ ვაქცინას დღეის მდგომარეობით ათეულობით ქვეყანა უკვე იყენებს და 40 მლნ.-ზე მეტი ადამიანი არის ვაქცინირებული „სინოფარმით“. კვლევები, რომელიც ვაქცინის თაობაზეა ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებს“, - განაცხადა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, „სინოფარმის“ ვაქცინა ავტორიზებულია მკაცრი მარეგულირებლის, უნგრეთის წამლის სააგენტოს მიერ, რაც საქართველოს სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში სრულად ჯდება და იძლევა პასუხისმგებლობის დაზღვევის საშუალებას ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში. 

მისი თქმით, ჩინური პრეპარატით ვაქცინაცია აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

„ვაქცინაცია აპრილის მეორე ნახევრიდან, ვფიქრობთ, უკვე იქნება ხელმისაწვდომი ყველა იმ იმუნიზაციის ცენტრში, რომელიც დღეის მდგომარეობით ჩართულია პროგრამაში. ეს ვაქცინაც ასევე შეუერთდება ჩვენი იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში გამოყენებული სხვა ვაქცინების სიას, რაც მოგვცემს ვაქცინაციის გეგმით განსაზღვრული სამიზნეების მიღწევის საშუალებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია, აღნიშნავენ ეპიდემიოლოგები. ამ ტექნოლოგიითაა შემუშავებული, მაგალითად, დიფტერიის, В–ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველასა და სხვა დაავადებების ვაქცინები.

ამჟამად საქართველოში ვაქცინაციისთვის Pfizer-ის და AstraZeneca-ს პრეპარატები გამოიყენება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 9.735 ადამიანმა გაიკეთა (ბოლო 24 საათში - 826).

 

103
დისტანციური სწავლება

ფოთში სასწავლო პროცესი შეწყდა: სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ

13
(განახლებულია 14:14 14.04.2021)
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.085 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 120 სამეგრელო–ზემო სვანეთში  დაფიქსირდა

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტში  გაზრდილი ინფიცირების შემთხვევის გამო, საჯარო და კერძო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, იუწყება პირველი არხი.

ფოთის რესურს–ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით, ფოთის მასშტაბით 11 საჯარო და ოთხი კერძო სკოლა ონლაინ–ფორმატში ორი კვირის ვადით გააგრძელებს ფუნქციონირებას. 

„აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელდა. სასწავლო დაწესებულებებში კვლავაც გაგრძელდება პედაგოგთა ტესტირებები და სკოლის ადმინისტრაციები მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებენ“, – განაცხადა რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა ქორქიამ.

ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მატების გამო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება ბუნებრივ გარემოში, სასკოლო სივრცეში შეძლონ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 ცალკეული კლასი იმყოფება.

13
თემები:
განათლება საქართველოში
პოლიცია

პროტესტი გრძელდება: რიონის ხეობაში რკინის ბარიკადები აღმართეს

18
(განახლებულია 14:08 14.04.2021)
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, მომიტინგეებს დღეს სამართალდამცველებმა გზა ჩაუხერგეს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა  რიონის ხეობაში „გუმათჰესთან“ რკინის ღობე აღმართეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

ძალოვანებმა ამ ფორმით გადაუკეტეს გზა დემონსტრანტებს, რომლებიც „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. აქტივისტები „გუმათჰესიდან“ სოფელ ნამოხვანისკენ მსვლელობის მოწყობას გეგმავდნენ, რათა იქ მიმდინარე სამუშაებისთვის ხელი შეეშალათ. ახლა პროტესტის ნიშნად აქტივისტები რკინის ღობეებს მუშტებს ურტყამენ. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. რადგანაც გამოიდარა, აქტივისტები დღეს უფრო მასშტაბურ აქციას გვპირდებიან და მათ, შესაძლოა, სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც შეუერთდნენ.

გასულ ღამეს რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ინვესტორი კომპანია ENKA-ს ერთ-ერთი ოფისისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მოხდა დაპირისპირება, შედეგად დაკავებულია ექვსი  ადამიანი.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე გუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

18