პოლიცია

დიდ დიღომში რამდენიმე უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო

0
(განახლებულია 16:24 02.04.2021)
როგორც თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოკვლევა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და დიღომი 8-ის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობისა და კონსტრუქციის დემონტაჟი დაიწყო, ნათქვამია თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კი, კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო. 

კანონის თანახმად, მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მოახდინოს მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ. რაც შეეხება უკვე შესახლებულ შენობებს, მათზე სხვა საკანონმდებლო წესი მოქმედებს, რაც მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება.

საქართველოში უკანონო მშენებლობების პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის, როდესაც ეს საკითხი არანაირად არ კონტროლდებოდა.

თბილისში უკანონო მშენებლობების თემა განსაკუთრებით აქტუალური გასული წლის დეკემბერში გახდა. მერიამ ე.წ. აფრიკის დასახლებაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე უკანონოდ აშენებული სახლების ნაწილის დემონტაჟი განახორციელა. სახლების დანგრევას პოლიციასა და სახლების მფლობელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მერიაში განაცხადეს, რომ დემონტაჟისთვის დრო სათანადოდ შეირჩა – სახლების მშენებლობა დასრულებული არ იყო და მათში არავინ ცხოვრობდა.

 

0
თემები:
თბილისის მერია (353)
საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ საჩუქრად 30 ახალი ავტომობილი მიიღო

საქართველოს სასაზღვრო პოლიციას საჩუქრად 30 ახალი ავტომობილი გადაეცა

0
აღნიშნულია, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) თავისი სატრანსპორტო საშუალებების მოდერნიზება შსს-თან მჭიდრო თანამშრომლობაში განახორციელა.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. ევროკავშირმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციას მაღალი გამავლობის 30 ავტომობილი გადასცა.

საქართველომ 3.3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები მიიღო პროექტის - „ევროკავშირი უსაფრთხოებისათვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) საზღვრის ინტეგრირებული მართვის“ - ფარგლებში.

აღნიშნულია, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) თავისი სატრანსპორტო საშუალებების მოდერნიზება შსს-თან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა.

როგორც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა განაცხადა, დღევანდელი ღონისძიება შესყიდვების მნიშვნელოვანი პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს და ის საზღვრების მართვაში შესაძლებლობების გასაძლიერებლად ბოლო 10 წლის განმავლობაში ტარდება.

 

0
კოტე აფხაზის ქუჩა

საქართველოში ოფიციალური უქმეები გამოცხადდა: ვინ გააგრძელებს მუშაობას

0
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად გამოცხადებული უქმეები 30 აპრილს დაიწყება და 13 მაისამდე გასტანს

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა დადგენილება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ 4-8 მაისის და 10-11 მაისის პერიოდში, ამგვარად ქვეყანას ეძლევა თითქმის ორკვირიანი დასვენება, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველას არ შეეხება.

საქართველოში 30 აპრილიდან 3 მაისამდე იქნება ოფიციალური უქმეები სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, 9 მაისი - ოფიციალური უქმე დღეა გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის დღესთან დაკავშირებული უქმე დღეა. ამგვარად საქართველოში უქმე დღეები 30 აპრილს დაიწყება და 13 მაისამდე გაგრძელდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები განსაზღვრავენ ის წარმოებებს და საქმიანობის იმ სახეობებს, რომელთაც უქმე დღეები არ შეეხება. ეს არის ის სფეროები, რომლებიც ჩართული არიან ეპიდსიტუაციის მართვაში, სახელმწიფო ფუნქციების განხორციელებაში და აუცილებელია საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

უქმეები არ შეეხება ასევე ბანკების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებს.

საქართველოში უქმეები მოსახლეობის მობილობის და კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად გამოცხადდა. ამასთან, ეპიდემიოლოგებმა ამ კვირაში ინფიცირების მესამე ტალღის დაწყება დააანონსეს.

0
საპროტესტო ავტოგარბენი რუსთავის ციხის მიმართულებით

საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა 19 აპრილისთვის საპროტესტო აქცია დააანონსეს

0
(განახლებულია 22:23 17.04.2021)
კერძოდ, აქციაზე გაკეთდება განცხადება 15 მაისის ღონისძიებაზე და მთლიანობაში ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით

თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტიები 19 აპრილს რიყის პარკში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბებიან, განაცხადა პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა გასული წლის ბოლოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გაერთიანდა.

„19 აპრილს, 15:00 საათზე რიყეზე იქნება არა ის დიდი აქცია, არამედ უფრო საერთო შტაბის წარდგენა. თითოეული პარტია ალბათ 15-15 ადამიანს წარმოვადგენთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, აქციაზე გაკეთდება განცხადება 15 მაისის ღონისძიების თაობაზე და ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

ოპოზიცია 15 მაისს თბილისის ცენტრში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბურ აქციას გეგმავს და რეგიონებში უკვე შეხვედრები დაიწყო.

ამასთან, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარასკევს ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ 30 მარტს შემოთავაზებულ დოკუმენტს, რომელიც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას ემსახურება.

თავის მხრივ, ოპოზიცია ხუთიდან მხოლოდ სამ პუნქტს ეთანხმება და არ აპირებს ამ დოკუმენტის ხელმოწერას, სანამ პატიმრობაში მყოფი „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა ნელია და ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა არ გათავისუფლდებიან და დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების შესახებ ჩანაწერი არ გაჩნდება.

ვადამდელი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში დადგა 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელთა შედეგადაც „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნება ზედიზედ მესამედ შეძლო. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ სახელმწიფო რესურსი გამოიყენა და არჩევნები გააყალბა.

0