ადამიანები პირბადეებით

რა შეზღუდვები იხსნება 1 აპრილიდან

300
(განახლებულია 14:37 01.04.2021)
ძირითადი შეზღუდვები – პირბადის რეჟიმი და „კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება, მაგრამ ამუშავდება ბავშვთა გასართობი ცენტრები და თეატრები.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობა 1 აპრილიდან რიგ შეზღუდვებს ხსნის.

ქვეყანაში იხსნება შეზღუდვები თეატრალურ წარმოდგენებზე და სპორტულ შეჯიბრებებზე მაყურებლის დასწრებით.

როდის გაუქმდება „კომენდანტის საათი“? მთავრობის განმარტება>>

გასული წლის ნოემბერში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვალში წარმოადგინა.

1 აპრილიდან სრული დატვირთვით ამუშავდება ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრები, კინოთეატრები.

ამასთან, ქვეყანაში შენარჩუნდება 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების აკრძალვა როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ისე ავტომობილისტებისთვის. „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის ჯარიმა 2 ათასი ლარია.

ასევე ძალაში რჩება პირბადის ტარების რეჟიმი, რომლის დაცვა აუცილებელია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

ამას გარდა, კვების ობიექტებისთვის კვლავ აკრძალული რჩება სტუმრების მიღება უქმე დღეებში, შაბათ-კვირას ისინი მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობენ.

კვლავ დაკეტილი რჩება ქვეყნის სახმელეთო საზღვრები მეზობელი ქვეყნებისთვის.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 281 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 3.778 ადამიანი.

300
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (519)
კახა კალაძე

კალაძე: ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას

15
(განახლებულია 13:59 15.04.2021)
კახა კალაძეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ვესტიბულოპათიის დიაგნოზი დაუსვეს – ექიმების განცხადებით, მერის ავადმყოფობა მის სპორტულ წარსულს უკავშირდება.

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში კვირის ბოლოსთვის დაბრუნდება და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. 

43 წლის კალაძე უცხოეთში გამოკვლევების ჩასატარებლად 12 აპრილს გაემგზავრა – იგი მარტის ბოლოს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ე.წ. ვესტიბულოპათიის დიაგნოზით (ვესტიბულარული ანალიზატორის ფუნქციის დარღვევა) მოხვდა. 4 აპრილს მან კლინიკა დატოვა და რეაბილიტაციის კურსს სახლის პირობებში გადიოდა. 

„დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ბედნიერი ვარ, რომ კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად განვახორციელებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ Facebook-ჩართვაში.

ადრე ქართულ მასმედიაში თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის მმართველი გუნდიდან და, ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ვერსიით, კალაძე მილანში დაბრუნებას გეგმავს, სადაც ფეხბურთელის წარმატებული კარიერა ჰქონდა.

კონკრეტულად რომელ ქვეყანაში იმყოფება დედაქალაქის მერი, ამის თაობაზე ინფორმაციას თბილისის მერიის პრეს-სამსახური არ ავრცელებს.

15
თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე: ჯერ კიდევ გვაქვს შანსი თავიდან ავირიდოთ მესამე ტალღა

17
(განახლებულია 13:29 15.04.2021)
სპეციალისტები შიშობენ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანა გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.

 

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. თუ მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხეს გაიაზრებს, მესამე ტალღის შეჩერება შესაძლებელი გახდება,  განაცხადა თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენდირექტორმა  თენგიზ ცერცვაძემ.

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დღითიდღე უარესდება. ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ოთხნიშნა მაჩვენებელს მიუახლოვდა. სპეციალისტები მესამე ტალღის მოახლოებაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებას კვლავ მოუწიოს შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება. 

„თუ ბოლოდე გავიაზრებთ იმ საფრთხეს, რომელსაც მესამე ტალღა უქმნის მთელ მსოფლიოს და საქართველოს, მის ეკონომიკასა და ჯანდაცვის სექტორს, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ შევაჩეროთ და თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის განცხადებით, თუ ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღას ვერ აიცილებს თავიდან, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ჰოსპიტალური  სექტორი დადგება.

ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა კლინიკურ სექტორზე უკვე აისახა. დღითიდღე იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის  დაახლოებით 2 ათასი თავისუფალი საწოლია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია და პაციენტების მისაღებად მზად არის.

თუმცა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს და დღეს მოქმედი კოვიდ–შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება, ჯანდაცვის სისტემასა და კლინიკურ სექტორს გაუჭირდება გაზრდილი შემთხვევების მართვა. მათი თქმით, ქვეყანაში  რეგულაციების სრულ გაუქმებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც მოსახლეობის 60-70% ვაქცინირებული იქნება.
ხელისუფლების წარმომადგნლები და  ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ  კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ,  მათ შორის, პირბადის სწორად ტარების, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1.030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების საერთო რაოდენობამ 292 ათასს გადააჭარბა.

17
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (519)