ხელოვნური სუნთქვის აპარატი

ვაქცინა თუ გული რა გახდა თბილისის ერთ–ერთი კლინიკის ექიმის გარდაცვალების მიზეზი

117
(განახლებულია 17:20 31.03.2021)
ექიმის გარდაცვალების შემთხვევას, რომელმაც ორი კვირის წინ გაიკეთა კორონავირუსის ვაქცინა სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობს.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik.  კლინიკა „მედკაპიტალში“ გამორიცხავენ, რომ მათი კოლეგის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გახდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კლინიკის პედიატრიული განყოფილების 50 წლის ექიმი, რომელმაც ორი კვირის წინ ვაქცინა გაიკეთა, გარდაიცვალა.

კლინიკის წარმომადგენლების თქმით, მათ კოლეგას ვაქცინის გაკეთების შემდეგ არანაირი გართულება არ ჰქონია. ექიმი გულის შეტევით ჩაფიძის კარდიოლოგიურ ცენტრში მოათავსეს, სადაც გარდაიცვალა. 

 „მედკაპიტალის“ გენდირექტორის ზაზა ჯაფარიძის თქმით, ექიმის გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.  მან აცრა 16 მარტს გაიკეთა და 30 მარტს გარდაიცვალა. მისი თქმით, მედიკოსს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

 „პირადად მე და ნებისმიერმა ექიმმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაქცინაციასა და მის გარდაცვალებას შორის პირდაპირი კავშირი დაინახოს. ქალს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, წლების განმავლობაში ავადმყოფობდა და ყოველივე მისი ძირითად დაავადებებს უკავშირდება. ჩვენ ამ ორ შემთხვევას არაფრით არ ვუკავშირებით. ქალი პერიოდულად ავადმყოფობდა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი განმარტებით, კოლეგა სამსახურში 26 მარტამდე დადიოდა, იღებდა პაციენტებს, შემდეგ კი ბიულეტენი აიღო.

 „მთლიანობაში იგი ქრონიკული დაავადებების მატარებელი იყო. მას ფილტვებისა და გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები ჰქონდა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარმაცევტული და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო საქმის შესწავლას უკვე შეუდგა. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც. მისი თქმით, პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის დადგენილი არ არის.

ექიმის გარდაცვალებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო იმოქმედოს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესზე, რომელიც არცთუ აქტიურად მიმდინარეობს. ჯერ კიდევ უცნობია ახალციხეში 27 წლის მედდის გარდაცვალებაზე სასამართლო–სამედიცინო დასკვნა, რომელიც 19 მარტს AstraZeneca–ს პრეპარატით აცრის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

117
Логотип компании Georgian Water and Power (GWP)

თბილისსა და მცხეთაში GWP-ის სერვის–ცენტრები მუშაობის ახალ რეჟიმზე გადადიან

6
(განახლებულია 14:22 14.04.2021)
კომპანია 15 აპრილიდან სერვის–ცენტრების მუშაობას აჩერებს და აბონენტებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის თბილისისა და მცხეთის სერვის–ცენტრებში 15 აპრილიდან მოქალაქეების ვიზიტი შეიზღუდება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

კომპანიის ცნობით, ქვეყნაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, აბონენტები მომსახურებას სრულად დისტანციურად მიიღებენ.

მოქალაქეები განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნას კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე (online@gwp.ge) შეძლებენ. დისტანციურად მიღებული განცხადებების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ კი მომხმარებლები კომპანიისგან პასუხის ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე. კომპანიის ცნობით, დამატებითი ინფორმაცია გაიცემა ცხელი ხაზის (2 931111) მეშვეობითაც.

 

 

6
დისტანციური სწავლება

ფოთში სასწავლო პროცესი შეწყდა: სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ

16
(განახლებულია 14:14 14.04.2021)
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.085 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 120 სამეგრელო–ზემო სვანეთში  დაფიქსირდა

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტში  გაზრდილი ინფიცირების შემთხვევის გამო, საჯარო და კერძო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, იუწყება პირველი არხი.

ფოთის რესურს–ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით, ფოთის მასშტაბით 11 საჯარო და ოთხი კერძო სკოლა ონლაინ–ფორმატში ორი კვირის ვადით გააგრძელებს ფუნქციონირებას. 

„აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელდა. სასწავლო დაწესებულებებში კვლავაც გაგრძელდება პედაგოგთა ტესტირებები და სკოლის ადმინისტრაციები მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებენ“, – განაცხადა რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა ქორქიამ.

ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მატების გამო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება ბუნებრივ გარემოში, სასკოლო სივრცეში შეძლონ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 ცალკეული კლასი იმყოფება.

16
თემები:
განათლება საქართველოში