კორონავირუსის ეპიდემია – ადამიანები პირბადეებით

გამყრელიძე: წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, არაა გამორიცხული, რომ მესამე ტალღა დაიწყოს

95
(განახლებულია 15:13 31.03.2021)
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ბოლო ორი დღის მონაცემებით, ინფიცირების მაჩვენებელი გადასცდა იმ ზღვარს, რომელიც არ დაფიქსირებულა თებერვლის დასაწყისის შემდეგ.

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. მე არავის ვაშინებ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტუაცია მაგონებს დაახლოებით იმას, რაც გვქონდა სექტემბერ-ოქტომბერში, და თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, არაა გამორიცხული, რომ შევიდეთ მესამე ტალღაში, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

როდის დაიწყება საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია: გამყრელიძის განმარტება>>

გამყრელიძის განცხადებით, უკვე დაფიქსირდა მცირე კლასტერული ​ეპიდაფეთქებები საწარმოებსა და რაიონებში, მაგალითად, „აჭარა ტექსტილში“, კასპში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. მისი თქმით, მატულობს ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობაც.

„მაგრამ ვიდრე... იმუნიტეტი „დაგროვდება" ქვეყანაში, იქამდე ერთადერთ საშუალებად რჩება პირბადე, დისტანცია და დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება“, - განაცხადა გამყრელძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანას კორონავირუსი ჯერ არ დაუმარცხებია, ამიტომ მოსახლეობა არ უნდა მოეშვას.

„აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. სამწუხაროდ ისევ მოვეშვით, რაიონებში ისევ იმართება ქორწილები, ჭირის სუფრები, რაც ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება იქ, სადაც შემთხვევების მატებაა, და ეს კონკრეტული ადგილების ჩაკეტვას და გამოკვლევას გულისხმობს.

ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსზე 6 757 ადამიანი აიცრა. 14 აპრილამდე ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებულია 14 224 ადამიანი. აქედან 3 609 მედპერსონალია და 10 615 – 65 წელს ზემოთ მოქალაქე.

ამასთან, მისი განცხადებით, 10 046 ადამიანი დარეგისტრირებულია Pfizer–ის ვაქცინაზე, ხოლო 4 138 – AstraZeneca–ს ვაქცინაზე. აქტიურობა შეიმჩნევა თბილისში, რეგიონებში კი – ნაკლებად, აღნიშნა გამყრელიძემ.

ვაქცინაცია ქვეყანაში 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო, ხოლო 30 მარტიდან მას Pfizer–ის ვაქცინა დაემატა. უკვე ელოდებიან საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანას. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მოქალაქეებს შეუძლიათ, თავად შეარჩიონ პრეპარატი.

ქართველი ეპიდემიოლოგები აცრილ მოქალაქეებს რჩევებს აძლევენ>>

საქართველოში ვაქცინაცია მედპერსონალის აცრით დაიწყო. თუმცა, დაბალი მიმართვიანობისა და ვაქცინის მიმართ უნდობლობის გამო ამ პროცესში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები ჩართეს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში  616-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  281.761-ს მიაღწია.

95
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (519)
თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე: ჯერ კიდევ გვაქვს შანსი თავიდან ავირიდოთ მესამე ტალღა

13
(განახლებულია 13:29 15.04.2021)
სპეციალისტები შიშობენ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანა გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.

 

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. თუ მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხეს გაიაზრებს, მესამე ტალღის შეჩერება შესაძლებელი გახდება,  განაცხადა თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენდირექტორმა  თენგიზ ცერცვაძემ.

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დღითიდღე უარესდება. ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ოთხნიშნა მაჩვენებელს მიუახლოვდა. სპეციალისტები მესამე ტალღის მოახლოებაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებას კვლავ მოუწიოს შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება. 

„თუ ბოლოდე გავიაზრებთ იმ საფრთხეს, რომელსაც მესამე ტალღა უქმნის მთელ მსოფლიოს და საქართველოს, მის ეკონომიკასა და ჯანდაცვის სექტორს, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ შევაჩეროთ და თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის განცხადებით, თუ ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღას ვერ აიცილებს თავიდან, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ჰოსპიტალური  სექტორი დადგება.

ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა კლინიკურ სექტორზე უკვე აისახა. დღითიდღე იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის  დაახლოებით 2 ათასი თავისუფალი საწოლია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია და პაციენტების მისაღებად მზად არის.

თუმცა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს და დღეს მოქმედი კოვიდ–შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება, ჯანდაცვის სისტემასა და კლინიკურ სექტორს გაუჭირდება გაზრდილი შემთხვევების მართვა. მათი თქმით, ქვეყანაში  რეგულაციების სრულ გაუქმებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც მოსახლეობის 60-70% ვაქცინირებული იქნება.
ხელისუფლების წარმომადგნლები და  ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ  კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ,  მათ შორის, პირბადის სწორად ტარების, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1.030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების საერთო რაოდენობამ 292 ათასს გადააჭარბა.

13
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (519)
პოლიცია

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

20
(განახლებულია 11:44 15.04.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან დარჩენილია „კომენდანტის საათი“, პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის  1.528 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის  117 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1.257 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის  154  ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

20