საპროტესტო აქცია ბათუმში

ბათუმელები ქალაქის ბულვარისთვის იბრძვიან

43
(განახლებულია 20:50 30.03.2021)
ქალაქის მოსახლეობა წინააღმდეგია, რომ ბათუმის მთავარი ღირსშესანიშნაობა – ბულვარი ნაწილ-ნაწილ დაარიგონ კერძო მფლობელობაში.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ბათუმის საკრებულომ კომპანია Batumi Tower-სთვის (სასტუმრო „ელ მერიდიანის“ მფლობელი) 3.380 კვადრატული მეტრი ფართობის სანაპირო ზოლის ხანგრძლივი ვადით იჯარის გადაცემის საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო. ამას წინ მოქალაქეების ხმაურიანი აქცია უძღოდა საკრებულოს შენობის წინ, იუწყება გამოცემა „ბათუმელები“.

ბათუმის საკრებულოს წინ ქალაქის მცხოვრებლები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები დილიდან შეიკრიბნენ, რათა პლაჟის კერძო მფლობელობაში გადაცემა გაეპროტესტებინათ. ისინი შენობაში შეჭრას შეეცადნენ, მაგრამ პოლიციის წინააღმდეგობას წააწყდნენ.

ბათუმის ბულვარის დირექტორის ირაკლი ჯინჭარაძის თქმით, ბულვარი არის საჯარო და უნდა იყოს ყველასთვის მისაწვდომი. ამგვარი განზრახვა კი წმინდა წყლის დანაშაულია.

„ეს არის დანაშაული ჩვენი შვილების წინაშე. მე წინააღმდეგი ვარ. მეც თქვენი გუნდის წევრი ვარ და არ მოგცემთ ამის ნებას. პატივს ვცემ ყველა ინვესტორს, გადასცენ მათ სხვა ტერიტორია, მაგრამ არა ბათუმის ბულვარი. ეს დანაშაულია!" – განაცხადა ჯინჭარაძემ.

საჭირო გახდა ბათუმის საკრებულოს სხდომის შეწყვეტა. საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ შესვენება გამოაცხადა და სხდომათა დარბაზი დატოვა, ხოლო როცა დაბრუნდა, განაცხადა, რომ ბულვარის ნაწილის კერძო კომპანიისთვის გადაცემის საკითხი განუსაზღვრელი დროით, ბულვარის მოწყობის გეგმის დამტკიცებამდე გადაიდო.

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა შემუშავდება>>

საკრებულოს ბათუმის მერიის დადგენილება რომ დაემტკიცებინა, პლაჟის 3.380 კვ.მ ფართობის ზოლი Batumi Tower-ის მფლობელობაში 15 წლით გადავიდოდა. მაგრამ საკითხი დღის წესრიგიდან მხოლოდ დროებით მოიხსნა, რაც ნიშნავს, რომ ბათუმელების ბრძოლა ბულვარისთვის არ დასრულებულა.

43
თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე: ჯერ კიდევ გვაქვს შანსი თავიდან ავირიდოთ მესამე ტალღა

13
(განახლებულია 13:29 15.04.2021)
სპეციალისტები შიშობენ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანა გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.

 

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. თუ მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხეს გაიაზრებს, მესამე ტალღის შეჩერება შესაძლებელი გახდება,  განაცხადა თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენდირექტორმა  თენგიზ ცერცვაძემ.

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დღითიდღე უარესდება. ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ოთხნიშნა მაჩვენებელს მიუახლოვდა. სპეციალისტები მესამე ტალღის მოახლოებაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებას კვლავ მოუწიოს შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება. 

„თუ ბოლოდე გავიაზრებთ იმ საფრთხეს, რომელსაც მესამე ტალღა უქმნის მთელ მსოფლიოს და საქართველოს, მის ეკონომიკასა და ჯანდაცვის სექტორს, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ შევაჩეროთ და თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის განცხადებით, თუ ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღას ვერ აიცილებს თავიდან, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ჰოსპიტალური  სექტორი დადგება.

ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა კლინიკურ სექტორზე უკვე აისახა. დღითიდღე იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის  დაახლოებით 2 ათასი თავისუფალი საწოლია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია და პაციენტების მისაღებად მზად არის.

თუმცა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს და დღეს მოქმედი კოვიდ–შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება, ჯანდაცვის სისტემასა და კლინიკურ სექტორს გაუჭირდება გაზრდილი შემთხვევების მართვა. მათი თქმით, ქვეყანაში  რეგულაციების სრულ გაუქმებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც მოსახლეობის 60-70% ვაქცინირებული იქნება.
ხელისუფლების წარმომადგნლები და  ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ  კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ,  მათ შორის, პირბადის სწორად ტარების, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1.030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების საერთო რაოდენობამ 292 ათასს გადააჭარბა.

13
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
პოლიცია

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

20
(განახლებულია 11:44 15.04.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან დარჩენილია „კომენდანტის საათი“, პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის  1.528 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის  117 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1.257 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის  154  ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

20