ადამიანები პირბადეებით

ქართველი ეპიდემიოლოგები აცრილ მოქალაქეებს რჩევებს აძლევენ

122
(განახლებულია 15:13 30.03.2021)
პირველი და მთავარი რეკომენდაცია მათთვის, ვინც უკვე აიცრა, არის ის, რომ მათ უნდა განაგრძონ პირბადის ტარება და დაიცვან დისტანცია.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი აქვეყნებს რეკომენდაციებს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც უკვე ჩაიტარეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ცენტრი მათ სთხოვს, ისევ მისდიონ დადგენილ წესებს.

პირველი და მთავარი რეკომენდაციაა – პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, სულ მცირე ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა და მასობრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდება. მოქალაქეებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ დადგენილი შეზღუდვები მოგზაურობის დროს, ხოლო ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტი კორონავირუსზე.

ამ დროისთვის ბრიტანულ–შვედური კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინით საქართველოში აცრილია 5 ათასზე მეტი მოქალაქე. 30 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყება Pfizer-ის პრეპარატითაც, რომლის პირველი პარტია (30 ათასამდე დოზა) ქვეყანაში გასულ კვირაში შემოვიდა.

აცრილი ადამიანებისთვის შესაძლოა წამახალისებელი ღონისძიებები დაიგეგმოს>>

საქართველოში ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით 15 მარტს დაიწყო. თავდაპირველად აცრა უტარდებოდა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, მაგრამ დაბალი აქტიურობის გამო 25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები ჩაერთვნენ.

122
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (519)
ბათუმი

ბათუმში სამუშაოს მაძიებლებს 400-მდე ვაკანსიას შესთავაზებენ

9
(განახლებულია 14:46 15.04.2021)
ფორუმის ფარგლებში, სამსახურის მაძიებლებს  საშუალება ექნებათ გაეცნონ და თავად შეარჩიონ აჭარის შრომის ბაზარზე არსებული აქტიური ვაკანსიები.

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ბათუმში, 16 აპრილს დასაქმების ფორუმი „ახალი შესაძლებლობა თქვენი დასაქმებისთვის“ გაიმართება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ფორუმზე წარმოდგენილი იქნება რეგიონში მომუშავე წამყვანი კომპანიების ვაკანსიები ისეთ სფეროებში, როგორიცაა გადამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა და დისტრიბუცია, მშენებლობა, სასტუმროების, რესტორნების, სათამაშო ბიზნესი, ჯანდაცვა და სხვ. ფორუმი  პიაცას მოედანზე 12:00 საათზე დაიწყება 16:00 საათზე დასრულდება. 

კომპანიების წარმომადგენლები სამუშაოს მაძიებლებს მიაწვდიან ინფორმაციას კომპანიის საქმიანობის, შრომის პირობების, ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ. 20–ზე მეტი კომპანია 400–მდე ვაკანსიას წარმოადგენს.
დასაქმების ფორუმის მთავარი მიზანია – დაინტერესებულ პირებს რეგიონში არსებული ვაკანსიების, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში მიაწოდონ. მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიებმა კი შეძლონ სასურველი ადამიანური რესურსის მოძიება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ყველა სამუშაოს მაძიებელს მოუწოდებს, დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. სააგენტოს ცნობით, პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში ისინი მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, ასევე, დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ.

დასაქმების პირველი სახელმწიფო სამსახური – აჭარის დასაქმების სააგენტო 2011 წელს შეიქმნა.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ბათუმში დასაქმების ფორუმი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა კოვიდ–რეგულაციის დაცვით ჩატარდება.

9
სოფიკო შევარდნაძე

„საათობრივად ვიკვებებოდი და დავდიოდი ფეხით 5 კილომეტრს“ - სოფიკო შევარდნაძე ოსულობაზე

27
(განახლებულია 14:13 15.04.2021)
საქართველოს მეორე პრეზიდენტის შვილიშვილი დედა მარტის მიწურულს გახდა. მას ვაჟი შეეძინა. სოფიკომ შვილის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე გაამხილა ორსულობის ამბავი

მას მერე, რაც დედა გახდა, სოფო შევარდნაძე „ინსტაგრამზე“ ხშირად წერს ახალი ამპლუის შესახებ და თავის მოსაზრებებს თუ შეგრძნებებს უზიარებს სხვა დედებს. ამჯერად დედობისთვის მზადებასა და ორსულობაზე ისაუბრა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ორსულობისას რეჟიმზე გააკეთა აქცენტი: საათობრივად იკვებებოდა და ეძინა იმდენ ხანს, რამდენსაც ითხოვდა ორგანიზმი. ასევე ყოველდღე დადიოდა ფეხით 5 კილომეტრს, უსმენდა კლასიკურ მუსიკას და ჩასახვის დღიდან ელაპარაკებოდა პატარას.

„სრულფასოვნად ვმუშაობდი, ვიღებდი გადაცემებს და მხოლოდ მშობიარობამდე ორი კვირით ადრე გავუშვი ჯგუფი შვებულებაში. არაფერი არ წამიკითხავს, ხანდახან ვუსმენდი ბავშვთა ფსიქოლოგებს და ნეიროქოუჩებს, რათა გამეგო, როგორი მიდგომები და თეორიებია ადრეული აღზრდის მიმართულებით.
მჯეროდა, რომ დანარჩენი თავისით მოვიდოდა, გამოცდილებასთან ერთად“, - ამბობს სოფო.

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი დედა 42 წლის ასაკში გახდა. ტელეწამყვანმა 21 თებერვალს ინფორმაცია ორსულობის შესახებ Clubhouse-ის მოდურ დანართთან საუბრისას გაამხილა, სადაც სტუმრები ბავშვთა აღზრდის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

ცნობილ ტელეწამყვანს პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, ამიტომ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ამის შესახებ მას ჯერ თავის „ინსტაგრამზეც“ არ დაუწერია. ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანმა აღიარა, რომ უჭირს მისთვის შესაფერისი მეორე ნახევრის მოძებნა, როდესაც თვალწინ ჰყავს ორი ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორებიც ბაბუამისი და მამამისი არიან.

სოფიკო 21 წლის იყო, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და დღემდე არ დაქორწინებულა. ნიუ-იორკში ჟურნალისტმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გაიცნო, მან რჩეული საკუთარ ბაბუასაც კი გააცნო და გამოაცხადა ქორწინების შესახებ, თუმცა ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიხვდა, რომ არ სურდა მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად გაეტარებინა.

27
თემები:
ქართველი სელებრითები