ენგურჰესი

პრემიერმა „ენგურჰესზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

267
(განახლებულია 22:58 29.03.2021)
„ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი დერივაციული გვირაბის დაგეგმილი რემონტის გამო მიმდინარე წლის 1 მაისამდე გამორთული იქნება.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს ყველაზე მძლავრ ჰიდროელექტროსადგურზე ესოდენ მასშტაბური სარემონტო სამუშაოები 20 წელზე მეტია არ ჩატარებულა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

სადერივაციო (ჰიდროტექნიკური) გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 20 იანვარს დაიწყო, რის გამოც „ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი 1 მაისამდე გამორთულია. პრემიერი „ენგურჰესზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ორშაბათს გაეცნო. 

„მოგეხსენებათ, ასეთი მასშტაბური, კომპლექსური სამუშაოები 20 წელზე მეტია არ ჩატარებულა. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 43 მილიონ ევროს, აქედან 7 მილიონი ევრო არის გრანტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ევროკომისიიდან, დანარჩენი არის EBRD-ს მხრიდან მთავრობისთვის გამოყოფილი სესხი. სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და მაისის დასაწყისისთვის დასრულდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ენგურჰესს“ დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის.

„მთელი საერთო გენერაციის 40%-ზე მეტი სწორედ „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავდება. აქედან გამომდინარე, „ენგურჰესის“ მნიშვნელობაზე საუბარი არის აუცილებელი და კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჰესს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის“, – დასძინა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, დაახლოებით 50 წლის წინ „ენგურჰესის“ მშენებლობამ ხელი შეუწყო მთლიანად სამეგრელოს რეგიონის განვითარებას. ჰიდროელექტროსადგურზე მუდმივად დასაქმებულია 1,2 ათასი ადამიანი. სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით კი დღეისთვის თანამშრომლების რაოდენობა 650-ით არის გაზრდილი. 

სადერივაციო (ჰიდროტექნიკურ) გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით ჰიდროელექტროსადგურის ხუთივე აგრეგატი გამორთულია. სარეაბილიტაციო პროცესი 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება. დასაქმებულთაგან უმეტესობას ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენს.

სადერივაციო გვირაბში მიმდინარე რეაბილიტაცია გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც სამომავლოდ „ენგურჰესის“ მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებაზე აისახება – შედეგად წყლის დანაკარგები 30-35%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით 100 მლნ კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს.

„ენგურჰესი“ ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. იგი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით „ენგურჰესი“, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ, ვარდნილჰესი №1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40 ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. „ენგურჰესის“ თაღოვან კაშხალს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში ამ ტიპის დამბებს შორის, მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

267
ტურისტები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

19
დღეს დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 4 პროცენტს გადააჭარბა, ხოლო ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 3 პროცენტს მიუახლოვდა

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 818 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 465 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

აჭარა - 75, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 29, კახეთი - 25, გურია - 18,  მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 4,35%, ბოლო 14 დღის - 2,98%, ბოლო 7 დღის - 3,41%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 783 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 280.915-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობaში გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.939-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.478 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.982 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.577, აჭარაში - 405, იმერეთში - 371.

512 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 89 პირი, მათგან თბილისში - 67, იმერეთში - 6, აჭარაში - 7.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 439 ადამიანი, მათ შორის 228 - თბილისში, 196 - აჭარაში.

საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს 7.057 პირი გადის.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 262, ხოლო აჭარაში - 3. თვითიზოლაციაში იმყოფება 16.452 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8.317 პირი, აჭარაში - 2.314, იმერეთში - 1.180.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 818-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.358-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

19
ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი

სამთვიანი პაუზის შემდეგ Wizz Air-მა საქართველოსა და ევროპას შორის რეისები განაახლა

13
რეისს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ქუთაისის მერი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი და ადგილობრივი ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. რეისის მგზავრებს კი ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. სამთვიანი პაუზის შემდეგ უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა, ნათქვამია საქართველო აეროპორტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო. მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.

პირველი რეგულარული ფრენა წუხელ ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით განხორციელდა. რეისი დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. ეს ქუთაისის განახლებული აეროპორტისთვის პირველი პირდაპირი რეგულარული რეისია.

განახლებულ აეროპორტში რეისს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ქუთაისის მერი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი და ადგილობრივი ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. უწყების ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, პირველი რეისის მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ქუთაისის აეროპორტი განახლდა, დასრულდა ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოები და დღეიდან ის უკვე მგზავრებს მასპინძლობს. ტერმინალი ოთხჯერ გაფართოვდა, რაც ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატულ ერთიან სივრცეს ქმნის – საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვისაა საჭირო.

Wizz Air-მა რეგულარული რეისები ქუთაისიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით განაახლა, მაისიდან კი ფრენებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებითაც დაიწყებს. ივნისიდან კი Wizz Air-ი ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს.

ასევე, 2 მაისიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ახალი, ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan, რომელიც პირდაპირ რეგულარულ რეისებს განახორციელებს.  აქთაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს ქუთაისის აეროპორტში განახორციელებს.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას. ავიაკომპანია ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს.

 

 

 

 

13