ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

© Sputnik / Alexander Imedashviliფასიანი პარკირება
ფასიანი პარკირება - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
გამოწერა
კახა კალაძის განცხადებით, ზონალური პარკირების პროგრამის განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, რადგანაც მერიის მიერ განხორციელებული ყველა საპილოტო პროექტი წარმატებულია.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა დაინერგება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

ფასიანი პარკინგი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გაძვირდება თუ არა თბილისში პარკირება – ვიცე-მერის პასუხი

თბილისში ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტო ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა სისტემის გაფართოება და დანერგვა თბილისის მასშტაბით. აღნიშნული სისტემა ამ დროისათვის მხოლოდ თბილისის ცენტრალურ უბნებში მოქმედებს.

„შემდეგი გახლავთ ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირები, სადაც ზონალურ–საათობრივი პარკირების დანერგვა მოხდება. კონკრეტულ ლოკაციებზე 10 მუნიციპალური პავილიონი განთავსდება, სადაც ჩვენს თანაქალაქელებს მათი კუთვნილი ავტომანქანების რეგისტრაციაში დახმარებას გაუწევენ“, – განაცხადა კალაძემ.

პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. იმ მოქალაქეებისთვის კი, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პირველი 15 წუთი უფასოა, ხოლო შემდეგ პარკირების ღირებულება საათში 1 ლარია. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2020
კახა კალაძე: ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება

ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს, შეუძლია მის მიერ წინასწარ მითითებული სატრანსპორტო საშუალება საცხოვრებელი სახლიდან თუ ობიექტიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ გააჩეროს. უძრავი ქონების მესაკუთრე ინტერნეტით შეძლებს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრიროს.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ან უძრავი ქონების მფლობელებმა უფასო პარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე – www.tp.ge, სადაც ID ბარათით რეგისტრაციის შემდეგ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და საკადასტრო კოდი აღინიშნება.

ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.

 

ყველა ახალი ამბავი
0