საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა მიღება გრძელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსამხედროები
სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
პირველად თავდაცვის ძალების ისტორიაში – საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მსურველთა მიღება გრძელდება, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

უწყების ცნობით, რეგისტრაციის შედეგად შერჩეული მოქალაქეები დღეს წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე შეიკრიბნენ, სადაც მათ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლამდე შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდათ. 

რეკრუტები წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრში - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
საკონტრაქტო სამსახურის მსურველებმა „კრწანისის“ ბაზაზე სამხედრო მომზადება დაიწყეს

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35 წლამდე საქართველოს მოქალაქეები მიიღებიან. სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

„პირველად თავდაცვის ძალების ისტორიაში, გასულ წელს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რეკრუტები რვა კვირის განმავლობაში საბრძოლო მომზადების კურსს ახალქალაქში მდებარე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში გაივლიან. ისინი საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლიან. მეცადინეობები ჩატარდება ასევე ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.

დღეისათვის საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა, ესენია: სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.

ყველა ახალი ამბავი
0