საქართველოს პრეზიდენტმა კულტურის სფეროში მოღვაწე რვა ქალი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

© photo: President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
გამოწერა
საქართველოში ქალების როლი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მოღვაწე რვა ქალი დააჯილდოვა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
„ძლიერი ქალები, ძლიერი საქართველო“: ქალების მხარდასაჭერად ევროკავშირი კამპანიას იწყებს

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა სახელმწიფო პრემიის ლაურეატებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა ქვეყნის განვითარებაში ქალების განსაკუთრებული როლი.

„ჩვენს ქვეყანაში ქალების როლი განსაკუთრებულია და ეს ისტორიიდან მოგვყვება, როგორც ამ ქვეყნის დამახასიათებელი ნიშანი. ის თანასწორობა, რომელზეც დღეს ბევრს საუბრობენ და რომელიც ბევრი ქვეყნისთვის მიზანს წარმოადგენს, ჩვენთან მოცემულობაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგადაა. კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, თუნდაც იმ საკითხებში, რომელიც ხელფასების გათანაბრების საკითხსა და პოლიტიკაში ქალების ჩართულობას ეხება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდნენ:

– ხელოვნებათმცოდნე ელენე კავლელიშვილი (სიკვდილის შემდეგ) – ქართული ეროვნული საგანძურის კვლევასა და მის დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

– საოპერო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი მედეა ამირანაშვილი – ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

– ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე – ქართველოლოგიის განვითარებაში, ძველი და ახალი ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

– მსახიობი ნათელა მაჭავარიანი – ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

– ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი – ქართული სამხატვრო ხელოვნების კვლევასა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის;

– რეჟისორი ქეთევან (ქეთი) დოლიძე – ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;

– ICOMOS-ის საერთაშორისო სამდივნოს მრჩეველი მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაციების შეფასების საკითხებში რუსუდან მირზიკაშვილი – ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, საზღვარგარეთ პოპულარიზაციასა და საუკეთესოდ წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის;

– ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნე რუსუდან წურწუმია – ქართული მრავალხმიანი მუსიკის კვლევაში, საზღვარგარეთ ქართული მრავალხმიანი მუსიკისა და საქართველოში მსოფლიო მრავალხმიანი მუსიკის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.

ყველა ახალი ამბავი
0