Pfizer-ის ვაქცინა

თამარ გაბუნიამ Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის თარიღი დაასახელა

80
(განახლებულია 10:52 06.03.2021)
შეთანხმების მიხედვით, საქართველო Pfizer-ის ლიმიტირებულ, 29.250 დოზას ელოდება, რაც შეეხება AstraZeneca-ს, ქვეყანას დაახლოებით 180 ათასიდან 300 ათას დოზამდე ვაქცინა უნდა გადმოეცეს.

თბილისი, 5 მარტი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის  ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

COVAX–პლატფორმის მეშვეობით ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო და ქვეყანას მედპერსონალის ვაქცინაცია უნდა დაეწყო. მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა  გადაიდო, რასაც ქვეყანაში სკანდალი მოჰყვა. 

გაბუნიას განცხადებით, დღეს Pfizer -ის  სათავო ოფისთან და ასევე COVAX-ის წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ვაქცინის შემოტანისთვის დამატებითი დეტალები დაზუსტდა.

„Pfizer-მა კონკრეტული ინფორმაცია მოითხოვა იმ ცენტრებზე, სადაც აეროპორტიდან ვაქცინის გადაიტანენ, ასევე, იმ სამედიცინო დაწესებულებებზე, სადაც ვაქცინაცია განხორციელდება. სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა Pfizer-ის  ვაქცინით დაიწყება“, – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შესაძლოა მარტის ბოლოსთვის ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინაც შემოვიდეს.

„AstraZeneca-ს იმ 129 600 დოზიდან, რომელიც მაისის ბოლომდე უნდა მიგვეღო, პირველი ნაწილი შემოვა მარტის ბოლომდე. მოლოდინი გვაქვს, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში მარტის ბოლოს უნდა დაიწყოს“, — აღნიშნა მან.

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.

სპეციალისტების თქმით, იმისათვის, რომ კორონავირუსი აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს, საჭიროა აიცრას მოსახლეობის 80%, მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებმაც ინფექცია გადაიტანეს.

80
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (504)
სამძებრო ოპერაცია რიონზე

კარვები აღებულია: რა ვითარებაა „ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე

30
(განახლებულია 00:55 12.04.2021)
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მიეცეთ უფლება გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე, ხოლო სამართალდამცველები მათ ალტერნატიულ ლოკაციად სოფელ გუმათს სთავაზობენ

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვების აღებამ შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა და აქციის ორგანიზატორებს კარვების სოფელ გუმათში ჩატანა შესთავაზეს, ამის შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კარვების აღება სოფელ ნამოხვანში მდინარე რიონის მოსალოდნელ ადიდებას უკავშირდება.

„მეტეოროლოგები გვიწინასწარმეტყველებენ ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას, მოსალოდნელია მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა, დავდექით აუცილებლობის წინაშე, რომ კარვები იქედან აგვეღო. ამის ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს კანონი პოლიციის შესახებ, 26-ე მუხლი. ამ დროისთვის კარვები არის მანქანებზე დალაგებული და შევთავაზეთ, რომ გუმათში ჩავიტანდით, სადაც ერთი კარავი უკვე დგას. მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ დადგან ეს კარვები და მშვიდობიან ვითარებაში გააგრძელონ პროტესტი“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

აქციის მონაწილეები თანახმა არიან, პროტესტი გადაიტანონ სხვა ადგილას, მაგრამ არა სოფელ გუმათში, როგორც ამას შსს სთავაზობს, არამედ სოფელ ნამოხვანთან. მათი მტკიცებით, იმ ადგილას, სადაც კარვები იყო გაშლილი, რიონის ადიდება არ ხდება, რადგან ამაღლებული ადგილია და მდინარის ადიდება უბრალო საბაბია კარვების ასაღებად. პოლიციას უკვე რამდენიმე დღეა გზა გადაკეტილი ჰქონდა და აქციის მონაწილეებს ნამოხვანში კარვებთან არ უშვებდა.

ამ დროისათვის აქციის მონაწილეები (დაახლოებით 400 ადამიანი) სოფელ გუმათთან „გუმათ ჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებულები და მათ ნამოხვანიდან ქუთაისის მიმართულებით გზა პროტესტის ნიშნად საკუთარი ავტომობილებით გადაკეტეს.

„მოვუწოდებ ყველას, რომ მოვიდნენ აქ... ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, ერთმანეთის მხარში დგომით ეს პრობლემა გადავჭრათ. მოვუწოდებთ მშვიდობიანად, ჩვენ არ მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ და გადავიდეთ ხელჩართულ ბრძოლაზე. უბრალოდ, გვჭირდება ადამიანების სიმრავლე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.

დღეს აქციაზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ასევე ესწრებოდ კარვების აღების პროცესს.

„დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

პარალელურად რიონში მიმდინარეობს აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნიკა ანთიძის ძებნა, რომელიც შაბათ საღამოს მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს მისი გადარჩენა, მაგრამ უშედეგოდ, ის დინებამ წაიღო. მის ძებნაში მყვინთავები არიან ჩართული.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარვების აღება მათ შორის ამ ინციდენტსაც უკავშირდება - თითქოს კარვები სამძებრო ოპერაციას ხელს უშლიდა.

სამოქალაქო აქტივისტების, ადგილობრივი მცხოვრებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების პროტესტი რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ 168-ე დღე გრძელდება. მთელი ეს პერიოდი აქციის მონაწილეები ღამეებს ნამოხვანში გაშლილ კარვებში ათენებდნენ. ამაღამ ისინი საკუთარ ავტომობილებში გუმათში გაათენებენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რათა ჰესის მშენებლობა შეწყდეს, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი მოშალოს. თავისი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებაზე გარემოზე და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. „რიონის ხეობის მცველებმა“ ქუთაისში უკვე ორი მრავალათასიანი მიტინგი გამართეს. ისინი ასევე მოითხოვენ, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

30
სპეცოპერაცია რიონზე

პოლიციამ „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა კარვების გატანა დაიწყო

112
შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი სოფელ ნამოხვანის მიმდებარედ მოსალოდნელია რიონის წყლის დონის განსაკუთრებული მატება

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეების რიონის მახლობლად გაშლილი კარვების გატანის გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით  საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ პოლიციის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ კარვები სამძებრო სამუშაოებს უშლის.

„დაგვირეკა სამხარეო პოლიციის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა და გვითხრა რომ კარვები უნდა ავიღოთ, რადგან თქვენი კარვები სამძებრო სამუშაოების წარმოების პროცესს ხელს უშლისო“, - განაცხადა გოლეთიანმა სოციალურ ქსელში.

გოლეთიანი აცხადებს, რომ კარვები გაშლილია აქციის ერთ-ერთი მონაწილის კუთვნილ მიწაზე, რაც კერძო საკუთრებას წარმოადგენს და ამიტომ შსს-ს კარვების დაშლის უფლება არ აქვს.

მისივე თქმით, კარვების ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს არ უშვებენ, პოლიციამ კარვების დაშლა უკვე დაიწყო.

„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო უწყვეტი აქცია რიონის ხეობაში 167-ე დღე გრძელდება. აქციის მონაწილეები დღე და ღამე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ღამეებს იქვე გაშლილ კარვებში ათენებენ.

შაბათს საღამოს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ანთიძემ თავისი ტელეფონი ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და წყალში შევიდა. იქვე მყოფმა ადამიანებმა მისი გადარჩენა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ის დინებამ წაიღო. მის სამძებრო ოპერაციაში მყვინთავები მონაწილეობენ.

112