მინისტრებმა პირობა შეასრულეს: „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პირველი შეხვედრა შედგა

© Sputnik / STRINGERაქცია
აქცია  - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გამოწერა
ნამოხვანისა და ჟონეთის მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მდინარე რიონზე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ამ დრომდე გრძელდება. ისინი ხეობიდან ინვესტორის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

 

თბილისი, 5 მარტი - Sputnik. საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის „ნამახვანისა“ და სხვა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა აუცილებელია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობას ადგილობრივები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები და პოლიტიკოსები აპროტესტებენ. ისინი ოთხ თვეზე მეტია, უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ. 

საპროტესტო აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
ღარიბაშვილი „ნამახვანჰესზე“: მინისტრები მოსახლეობას პირადად შეხვდებიან

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის  წინააღმდეგ გაზრდილი პროტესტის ფონზე,  4 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს პროცესებში პირადად ჩართვა და მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა დაავალა.

თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ კითხვებზე, მათ შორის, მის უსაფრთხოებაზე არსებობს კვალიფიციური პასუხები, რომელთაც მოსახლეობას მომავალშიც დეტალურად გააცნობენ.

„შეხვედრაზე დაისვა კითხვები, რომლებზეც არსებობს მარტივი პასუხები. მაგალითად, ჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებზე ჩვენმა ექსპერტებმა შესაბამისი განმარტება გააკეთეს. ზოგადად, კაშხლები, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე „ნამახვანჰესის“ შემთხვევაშიც, დაიცავს ხეობას მეწყერული პროცესებისგან.  ფანტაზიის ნაყოფია აპოკალიპტური სურათი, რომ შესაძლოა დაარტყას დასახლებებს. მსგავს ინფორმაციებს შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრებთან შეხვედრაზე მოსახლეობა ძირითადად დაინტერესდა ინვესტორთან დადებული ხელშეკრულების პირობებით. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განმარტა, კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია გაეცნოს. მისი განცხადებით, მიწა გადაცემულია მხოლოდ იმ პირობით, რომ შესრულდება ინვესტორის მიერ აღებული ყველა ვალდებულება. 

„ენგურჰესი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გაწყვეტს თუ არა საქართველო „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეთანხმებას თურქულ კომპანიასთან

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ჰესი აშენდება იმ ნებართვისა და წესების მიხედვით, რა წესებსაც სახელმწიფო ადგენს და აკონტროლებს. მშენებლობის პროცესში რაიმე გადაცდომის შემთხვევაში კი ხელისუფლება ძალზე პრინციპული იქნება.

„ვფიქრობ, დღეს ხალხმა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღო პასუხი – ეს არის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, გარემოზე ზემოქმედების თუ რა ტიპის რისკებს ატარებდა პროექტი. მათ ამის შესახებ პასუხი ექსპერტებისგან მიიღეს“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ადგილი, სადაც ჰესი შენდება (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), სეისმურად აქტიური ზონაა და აქ სამშენებლო სამუშაოების წარმოება არ შეიძლება. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ პროექტის შემუშავებისას შეცდომები იქნა დაშვებული.

როგორც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოსა და თურქულ კომპანია ENKA–ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების მომზადებაში საუკეთესო ექსპერტები იყვნენ ჩართული სახელმწიფოს მხრიდან და ყველა ის ასპექტი, სადაც საჭირო იყო სახელმწიფო ინტერესების დაცვა, დაცულია. 

საპროტესტო აქცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
EMC: ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგოტარიფს და ენერგოუსაფრთხოებას

შეთანხმება საქართველოსა და კომპანია ENKA–ს შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს, თუ ინვესტორი საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, თუმცა ის ჯერჯერობით ამ ვალდებულებებს ასრულებს, აღნიშნა ჩიქოვანმა.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA–სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group–ს გადასცა.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%–ით გაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0