ვაქცინაცია

ცერცვაძე: საქართველო ივნისის ბოლოს Novavax-ის ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს

322
(განახლებულია 22:38 03.03.2021)
იანვარში ფართომასშტაბიან ბრიტანულ კვლევაში Novavax-ის  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 89,3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. კომპანია Novavax-თან ვაქცინის მილიონი დოზის მოწოდებაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ COVAX–პლატფორმამ  საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა - Novavax შესთავაზა. როგორც  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, COVAX-ი საქართველოს მიმართავს, დაადასტუროს, თუ არის დაინტერესებული ახალი ვაქცინით. გაბუნიას თქმით, ქვეყანა ამ ინტერესს დაადასტურებს.

თენგიზ ცერცავაძის განმარტებით, შეთანხმება უკვე მიღწეულია და მას წინ არაფერი უდგას.  მისი განცხადებით, ვაქცინის მოწოდება დაახლოებით ივნისის ბოლოსთვის იგეგმება.

„ეს გადაწყვეტს პირველი წლის იმუნიზაციის საკითხს. საქართველომ Novavax-თან ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა კომუნიკაცია. ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ არის, მაგრამ არსებული ინფორმაციით, Novavax-ითაც ორჯერ აცრა იქნება საჭირო", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Novavax-ი ამერიკული ვაქცინის შემქმნელი კომპანიაა. COVAX- პლატფორმაზე Novavax უკვე გამოჩნდა, მაგრამ ის ავტორიზებული ჯერ არ არის და ამ პროცესს ახლა გადის. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციისგან გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაციას მიმდინარე წლის მაისის დასაწყისისთვის ელის.

COVAX–პლატფორმის მეშვეობით ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო და ქვეყანას მედპერსონალის ვაქცინაცია უნდა დაეწყო. მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა მარტისთვის გადაიდო. ამასთან, ქვეყანაში უკვე შემოტანილია 50 ათასი სპეციალური შპრიცი, რომელიც აცრისთვის არის საჭირო. მობილიზებულია სპეციალური მაცივრები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინის შესანახად არის საჭირო. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება.

322
სპეცოპერაცია რიონზე

პოლიციამ „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა კარვების გატანა დაიწყო

107
შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი სოფელ ნამოხვანის მიმდებარედ მოსალოდნელია რიონის წყლის დონის განსაკუთრებული მატება

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეების რიონის მახლობლად გაშლილი კარვების გატანის გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით  საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ პოლიციის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ კარვები სამძებრო სამუშაოებს უშლის.

„დაგვირეკა სამხარეო პოლიციის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა და გვითხრა რომ კარვები უნდა ავიღოთ, რადგან თქვენი კარვები სამძებრო სამუშაოების წარმოების პროცესს ხელს უშლისო“, - განაცხადა გოლეთიანმა სოციალურ ქსელში.

გოლეთიანი აცხადებს, რომ კარვები გაშლილია აქციის ერთ-ერთი მონაწილის კუთვნილ მიწაზე, რაც კერძო საკუთრებას წარმოადგენს და ამიტომ შსს-ს კარვების დაშლის უფლება არ აქვს.

მისივე თქმით, კარვების ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს არ უშვებენ, პოლიციამ კარვების დაშლა უკვე დაიწყო.

„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო უწყვეტი აქცია რიონის ხეობაში 167-ე დღე გრძელდება. აქციის მონაწილეები დღე და ღამე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ღამეებს იქვე გაშლილ კარვებში ათენებენ.

შაბათს საღამოს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ანთიძემ თავისი ტელეფონი ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და წყალში შევიდა. იქვე მყოფმა ადამიანებმა მისი გადარჩენა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ის დინებამ წაიღო. მის სამძებრო ოპერაციაში მყვინთავები მონაწილეობენ.

107
დიჯეის მიკშერი ღამის კლუბში

თბილისში ღამის კლუბი სამჯერ დაჯარიმების მიუხედავად საქმიანობას აგრძელებდა

71
(განახლებულია 16:14 11.04.2021)
შრომის ინსპექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ ჩაერთონ ხალხმრავალ  სოციალურ ღონისძიებებში

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ფართზე დიდი რაოდენობით მოქალაქეების ჩართულობით ფართომასშტაბიანი აკრძალული სოციალური ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით გაიმართა, განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც უამრავი ადამიანია შეკრებილი და უხეშად ირღვევა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული რეგულაციები.

შრომის ინსპექციამ გამოავლინა დარღვევის ჩამდენი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ აკრძალულ ღონისძიებას და დადგენილების შესაბამისად არ განახორციელეს სავალდებულო შეტყობინება, აღნიშნა ფერაძემ.

მისივე თქმით, დამრღვევი პირები მოქმედებდნენ ერთგვარი სქემის მიხედვით და იჯარის, ქვეიჯარის ხელშეკრულებების სიმრავლის გამოყენებით ცდილობდნენ ფართის გადაცემის რეალური მიზნის შენიღბვას, აკრძალული აქტივობის ორგანიზებისა და ხელშეწყობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.

მისივე განმარტებით, ამ ობიექტზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაფიქსირდა ანალოგიური დარღვევის სამი ფაქტი, რაზეც გატარდა კანონით დადგენილი ღონისძიებები და დაჯარიმდნენ აქტივობის ორგანიზატორები.

„ყველა კომპანია თუ ფიზიკური პირი, ვინც სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით ჩართული იყო ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევის სქემაში... დაჯარიმდა კანონით დადგენილი წესით. ხოლო ობიექტს, სადაც იმართებოდა სოციალური ღონისძიება, დარღვევის კრიტიკული შეუსაბამობისა და არაერთჯერადი ხასიათის გათვალისწინებით, შეუჩერდა საქმიანობა“, - განაცხადა ფერაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პირობებში, შრომის ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ეფექტიანი კოორდინაციის გზით, აგრძელებს აქტიურ მონიტორინგს დადგენილებით განსაზღვრული დარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.

„მოვუწოდებთ ყველა თანამოქალაქეს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ ჩაერთონ მსგავს სოციალურ ღონისძიებებში“, - განაცხადა ფერაძემ.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით ბოლო 24 საათში პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 137 ფიზიკური პირი და 2 იურიდიული დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

71
ახალი მთვარე ქალაქის თავზე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 აპრილი

0
(განახლებულია 09:46 11.04.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 12 აპრილია, ორშაბათი. ახალმთვარეობა ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

ვარსკვლავები წარმატებას ჰპირდებიან მათ, ვისაც მტკიცე მოქმედებები არ აშინებს. ენერგიულობა, თავდაჯერებულობა, იღბლიანობა ადამიანებს სიტყვიდან საქმეზე გადასვლაში დაეხმარება. წარმატების მიღწევას ხელს მხოლოდ კოლეგებთან და ახლობლებთან გაუგებრობები შეუშლის. დღევანდელი დღის უზარმაზარი პოტენციალი უაზრო კამათსა და ურთიერთსაყვედურებზე რომ არ დახარჯოთ, ეცადეთ, ურთიერთობებში მძაფრი ნოტები არ შეიტანოთ მაგალითად,ზეწოლისა და კრიტიკის სახით.

მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი>>

ვერძი: დღეს უზარმაზარი, უსაზღვრო პოტენციალი გაქვთ და მთავარია, არ გაუშვათ მომენტი ხელიდან და ყველა ხელსაყრელი შესაძლებლობებით ისარგებლოთ. ეცადეთ, მოვლენების ცენტრში იყოთ. ასე ბევრის მიღწევას და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებთ – ამის ყველანაირი შანსი მოგეცემათ. თუ არ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობებს – ნება თქვენია. როგორც ამბობენ, „არ მინდა“, „არ შემიძლია“ მხოლოდ საბაბია და არა მიზეზი.

კურო: განწყობა გაქვთ იმგვარი, რომ მთელი დღე როგორც გარეგან, ისე შინაგან სიმშვიდეში გაატაროთ. დადგა დრო, რომ გაეცალოთ მოვლენებს, რათა მათ გარედან შეხედოთ. ეს რომ შეძლოთ, სასურველია, შეწყვიტოთ აქტიური ურთიერთობები და ქვეცნობიერის ხმას მოუსმინოთ. აუჩქარებელი ფიქრი, სურნელოვანი აბაზანა ან თუნდაც არაფრის კეთება და დივანზე წამოგორება დაგეხმარებათ, პასუხები იპოვოთ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

ტყუპი: შესანიშნავი დღეა, თქვენი გრძნობები გაწონასწორებული იქნება. სამყარო გარშემო ყველაფერთან და საკუთარ თავთან ჰარმონიას გიძღვნით და ამას ირგვლივ მყოფებიც იგრძნობენ. პოზიტიური განწყობის წყალობით ადვილად მოიპოვებთ ადამიანების მხარდაჭერას. იდეალური დღეა ახალი ნაცნობობის, ურთიერთობების, რომანტიკისთვის, მოგზაურობისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გაატარეთ ეს დღე თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად და იგრძნობთ ულევ სიხარულს, გულწრფელობასა და სიყვარულს.

კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ კარიერას ან რამე ამბიციური ამოცანის გადაჭრას მიხედოთ. ხართ ორგანიზებული, ნებისყოფიანი და შეგიძლიათ მიზნისკენ სვლა. თუ დღევანდელ ენერგიას საჭირო კალაპოტში მიმართავთ, დამაჯერებელ ნაბიჯს გადადგამთ წინ. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ გარშემომყოფების იმედად ყოფნა არ ღირს – პასუხისმგებლობისა და დისციპლინის თვალსაზრისით მათ თქვენამდე ბევრი აკლიათ.

ლომი: დღეს შეგიძლიათ დარწმუნდეთ ანდაზის „ზოგი ჭირი მარგებელია“ სისწორეში. არის დიდი ალბათობა, რომ რაღაც ერთი შეხედვით არახელსაყრელი ვითარება საბოლოოდ თქვენთვის გამარჯვებით შემობრუნდეს. აქედან გამომდინარე, არ ღირს ბედზე წუწუნი და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა – სრულიად შესაძლებელია, რომ დღეს ბედმა, არცთუ პოზიტიური მოვლენის სახით, სასიამოვნო სიურპრიზი მოგიტანოთ.

ქალწული: უზარმაზარი შესაძლებლობების დღე გელოდებათ. ეს შესაძლებლობები არანაირად არ არის დამოკიდებული გზაზე გაჩენილ წინაღობებთან. პირიქით, იქნებით საბრძოლველად განწყობილი და ნებისმიერი დაბრკოლება და რთული ამოცანა თქვენში აზარტს გააღვივებს. იგივე ეხება მეტოქეებსაც – ისინი სტიმულს მოგცემენ და ხარის წინ აფრიალებული წითელი ქსოვილის როლს შეასრულებენ. ასე რომ, დღეს არანაირი ბარიერი თქვენთვის საშიში არ არის.

სასწორი: დღეს მოსალოდნელია, რომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში საკმაოდ მაცდური წინადადება მიიღოთ, თუმცა, სანამ მას დათანხმდებით, ვარსკვლავები კარგად დაფიქრებას გირჩევენ. შესაძლოა, მართლაც მომგებიანი წინადადება იყოს, მაგრამ არც საპირისპირო რამ არაა გამორიცხული. ამის გასაგებად რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრწყინავს.

მორიელი: ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ დღეს საქმეებს ზედმეტი სერიოზულობით არ უნდა მიუდგეთ. ეს განსაკუთრებით ეხება ყოფით საკითხებს, რუტინასა და წვრილმანებს. ძნელი წარმოსადგენია, რა დაძაბულობა შეიძლება შეიქმნას, თუ ყველაფრის უმცირესი შეცდომის გარეშე გაკეთებას მოინდომებთ, არადა დღეს იმგვარი განწყობა გაქვთ, რომ ყველაზე პატარა შეცდომასაც კი თქვენი წონასწორობის დარღვევა შეუძლია. ამის გამოსწორება ადვილია – შეხედეთ თქვენს თავს გარედან და არ დაივიწყოთ იუმორის გრძნობა.

მშვილდოსანი: მოვლენები ხელს გიწყობთ, ბედმა შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზიც მოგიმზადოთ. არ არის გამორიცხული დაწინაურება სამსახურში, საჩუქარი, ფულის მოულოდნელი მიღება. ერთადერთი, რაშიც უნდა იფრთხილოთ, ეს გარშემომყოფებთან ურთიერთობებია. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრის გამო, შესაძლოა, მათთან ურთიერთობები გააფუჭოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ ვინმეს თქვენი შეშურდეს. ეცადეთ, უფრო მოკრძალებულად მოიქცეთ და სხვის გრძნობებს არ შეეხოთ.

თხის რქა: დღეს ემოციებითა და სულიერი ურთიერთობებით სავსე დღე გელოდებათ. დაუთმეთ მეტი დრო საყვარელ ადამიანს, მეგობრებს, ნათესავებს. ახლობლებთან უბრალო დროის გატარებაც კი მძლავრი პოზიტიური ენერგიით აგავსებთ. თუ ვინმესთან სერიოზული დალაპარაკება გსურთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა. არ გადადოთ ეს საუბარი და არ ინერვიულოთ, სწორად გაგიგებენ თუ არა. ყველაფერი კარგად ჩაივლის.

მერწყული: დღეს საქმიანობაში უზარმაზარი აქტიურობის გამოჩენა შეგიძლიათ, მაგრამ ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ მოერიდოთ ნაჩქარევ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს. დღეს იმგვარად ხართ განწყობილი, რომ ჯერ მოქმედებთ და შედეგზე მხოლოდ შემდეგ ფიქრობთ. ეს საქმეებზე არცთუ კარგად შეიძლება აისახოს. თუ გინდათ, რომ დღემ ექსცესების გარეშე ჩაიაროს, მოთოკეთ ემოციები, მოუთმენლობა და იმოქმედეთ პრინციპით „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“.

თევზები: დღეს წარმატებების დიდი შანსი გეძლევათ. ხართ მტკიცე, მიზანსწრაფული, შეუპოვარი, გამჭრიახი. ამ თვისებების წყალობით ურთულეს საქმეებსაც კი ადვილად გაუმკლავდებით, იოლად გახსნით დახლართულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის გზებს მოძებნით. იმოქმედებთ ეფექტურად და ამასთან, ეს მხოლოდ თქვენს საქმეებს კი არა, არამედ გარშემომყოფების პრობლემებსაც ეხება – მათაც დიდსულოვნად დაეხმარებით.

0