ელექტრომრიცხველები

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს

927
პოლიტიკურ პარტია კომუნალური გადასახადების სუბსიდირების კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებას ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამო ითხოვს

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოში კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ვადა შესაძლოა 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით გახანგრძლივდეს.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მიმართავს პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“, ნათქვამია პარიის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობამ 2020 წლის 30 ოქტომბერს 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყლის გადასახადების სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომუნალურ გადასახადებს ის აბონენტები არ იხდიან, რომლებიც თვეში 200კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრ გაზს მოიხმარენ. ამასთან ასეთ აბონენტებს არ ეხებათ დასუფთავებისა და სასმელი წყლის გადასახადიც.

„იქიდან გამომდინარე, რომ სინოპტიკოსთა პროგნოზით 2021 წლის მარტის თვეც ასევე სუსხიანი იქნება, მივმართავთ თხოვნით მთავრობას, რათა გააგრძელოს სუბსიდირების ვადა კიდევ ერთი თვით 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

პარტიის განცხადებით,  გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტიც, რომ გაზის წვის მაჩვენებლის აღება ხდება ყოველი თვის 11-13 რიცხვამდე, ხოლო ელექტროენერგიის დანახარჯის მაჩვენებელის - 17-20 რიცხვამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობამ სრულყოფილად ვერ გამოიყენა მთავრობის მიერ გაწეული სუბსიდირება.

„მთავრობის ეს გადაწყვეტილება იქნება პატარა შეღავათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოსახლეობისთვის“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

იმ აბონენტების რაოდენობა, ვინც ყოველთვიურად 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, 1,2 მილიონს შეადგენს და სახელმწიფომ დაახლოებით 17 მლნ ლარ გამოყო ამ მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების დასაფარად.

ასევე საქართველოში 670 ათასი აბონენტია, რომელიც თვეში 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარს – სახელმწიფომ ამ გადასახადების დასაფარად 27 მლნ ლარი გამოყო.

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიებით შესულმა ოთხმა დეპუტატმა - ფრიდონ ინჯიამ, ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა და გელა მიქაძემ დააარსეს.

927
კახი კავსაძე

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა

22
(განახლებულია 17:46 14.04.2021)
ცნობილი მსახიობი თითქმის ორი თვეა თბილისის ერთ–ერთ კლინიკაშია მოთავსებული, სადაც კორონავირუსის ინფექციის ფონზე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის

 

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარება კიდევ უფრო დამძიმდა, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ. 

„კახი კავსაძე ამ დროისთვის აპარატზე არ არის შეერთებული, თუმცა, მისი მდგომარეობა ძალზე მძიმეა. შეიძლება ითქვას, რომ გონებაზე საერთოდ არ არის“, – განაცხადა ტურძელაძემ ჟურნალისტებთან.

კახი კავსაძე კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს.
მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება და კლინიკიდან გაეწერა. თუმცა, მოგვიანებით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის.
კახი კავსაძე 85 წლისაა. ათწლეულების განმავლობაში ის შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობია. მის ანგარიშზეა ბრწყინვალე თეატრალური დადგმები, 80-ზე მეტი ფილმი.

აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „უდაბნოს თეთრი მზე“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ და სხვ. 2011 წელს რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ მსახიობზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი „კახი კავსაძე - ნეტავი იქ თეატრი არის?!“

22
საპატრიარქო

საპატრიარქო რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე: დაუშვებელია სიტუაციის  ესკალაცია

16
(განახლებულია 17:19 14.04.2021)
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, მომიტინგეებს დღეს სამართალდამცველებმა გზა ჩაუხერგეს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტს ეხმაურება და რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელს უწოდებს. 

საპატრიარქო დაუშვებლად მიიჩნევს  სიტუაციის შემდგომ ესკალაციასა და კატეგორიულ ტონს, რომელიც, მათი განმარტებით,  არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას.

„პატივისცემით ვთხოვთ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას“, - აღნიშნულია საპატრიარქოს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა.

„ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე გუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

16