„ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია“: გამყრელიძემ განმარტა, როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები

© photo: Sputnikამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
გამოწერა
COVAX-პლატფორმის გარდა, ვაქცინის შემოტანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს პირდაპირ ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილება უსამართლოდ მიმდინარეობს, შაბათს განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, მდიდარ ქვეყნებს ნაყიდი და დაბევებული აქვთ უკვე ვაქცინის ორჯერ, სამჯერ და ზოგს ხუთჯერ მეტი დოზა, ვიდრე წელს სჭირდებათ საკუთარი მოსახლეობის ასაცრელად.

„ძალიან დიდი კონკურენციაა და პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი ბრძოლაა, ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია... დღეს დილით აცრილი იყო მსოფლიოში 227 მილიონი ადამიანი და აქედან ძირითადი ნაწილი, ალბათ 70 პროცენტი მოდის ათ დიდ ქვეყანაზე, დანარჩენ ქვეყნებში ეს გახლავთ მცირე დოზები. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველა შეხვედრაზე, ეს იყო მიუნხენის კონფერენცია თუ დავოსის ეკონომიკური ფორუმი, ყველგან გამახვილდა ყურადღება, რომ მსოფლიოში ვაქცინების განაწილებაში უსამართლობაა. ყველა მოუწოდებს, რომ როგორმე ეს უსამართლობა აღმოიფხვრას. ანუ მდიდარმა ქვეყნებმა გადანაწილების მექანიზმი სწრაფად უნდა ამუშაონ, არ დაიცადონ, ვიდრე თავის მოქალაქეებს არ აცრიან და შემდგომ გადაანაწილებენ სხვა ქვეყნებზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მასობრივი ვაქცინაცია COVID-19-ზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
მოსკოვში „სპუტნიკ ლაიტით“ მოხალისეების ვაქცინაცია დაიწყო

გამყრელიძის თქმით, COVAX–პლატფორმის გარდა, ვაქცინის შემოტანაზე მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირ კომპანიებთან Pfizer, AstraZeneca, Moderna და იმ ახალი ვაქცინების მწარმოებლებთან, რომლებიც ბაზარზე დაახლოებით მაის-ივნისში უნდა გამოჩნდეს.

„მომავალ კვირაში დანიშნულია ტელეკონფერენცია სამინისტროს ხელმძღვანელობით და იმედია, Pfizer-ისგან გვექნება კონკრეტული ინფორმაცია თარიღებზე, როდის შემოვა პირველი დოზები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე დაასახელა, რამდენი ადამიანის აცრა იგეგმება წლის ბოლომდე.

„გვინდა მაისის ბოლომდე 200.000-მდე ადამიანი ავცრათ, ხოლო ივნისიდან ქვეყანაში დაიწყოს მასობრივი აცრები. იცით, რომ წელს ჩვენი სამიზნე არის დაახლოებით 1,7 მლნ მოზრდილი ადამიანის აცრა ორჯერადად“, - განაცხადა გამყრელიძემ.

COVAX–პლატფორმის მეშვეობით ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო, მაგრამ მისი შემოტანა გადავადდა. როგორც ადრე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, Pfizer-ის მიერ დაყენებული დამატებითი მოთხოვნების გამო ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც ეს დოზები უნდა მიეღო, გარკვეული გადავადება მოხდა.

როგორც გასულ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, შესაძლოა, Pfizer-ზე ადრე ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვიდეს.

შეთანხმების მიხედვით, საქართველო Pfizer-ის ლიმიტირებულ, 29.250 დოზას ელოდება, რაც შეეხება AstraZeneca-ს, ქვეყანას მარტის შუა რიცხვებში დაახლოებით 180 ათასიდან 300 ათას დოზამდე ვაქცინა უნდა გადმოეცეს.

სპეციალისტების თქმით, იმისათვის, რომ კორონავირუსი აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს, საჭიროა აიცრას მოსახლეობის 80%, მათ შორის ის ადამიანები, რომლებმაც ინფექცია გადაიტანეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0