კომპანია GWP

მოსახლეობის საყურადღებოდ! თბილისის ხუთ რაიონს წყალმომარაგება შეუწყდება

2941
(განახლებულია 19:27 26.02.2021)
წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. მარშალ გელოვანის გამზირზე მიმდინარე საგზაო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება შეუწყდება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება.

„სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 26 თებერვალს ღამის 22:00 საათიდან, 27 თებერვლის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

წყალმომარაგება შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:

ვაკის რაიონი – ჭავჭავაძის გამზირს, კეკელიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ტაბიძის, მცხეთის, შატბერაშვილის, აბაშიძის, არაყიშვილის, კავსაძის, რადიანის, ატენის, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებს.

საბურთალოს რაიონი – ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, პეკინის, კოსტავას, თამარაშვილის, ბახტრიონის, გელოვანის, დოლიძის, ტაშკენტის, იყალთოს, ალექსიძის, გაგარინის, შარტავას, კალანდაძის, ფანჯიკიძის (ყოფ. ბუდაპეშტის), მიცკევიჩის, საირმის, ლორთქიფანიძის, ზემო ვეძისის და მიმდებარე ქუჩებს.

მთწმინდის რაიონი – ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევს, მელიქიშვილის, ხორავას, ლარსის, ბელინსკის, რუსთაველის, ფურცელაძის, ჭონქაძის, თარხნიშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ოქროყანას დასახლებას.

კრწანისის რაიონი – პუშკინის, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, გორგასლის, ღვინის აღმართის და და მიმდებარე ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონი – მარჯანიშვილის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს.

დიდუბის რაიონი – ბელიაშვილის ქ. N40-ს, ლუბლიანას და ბალანჩინის ქუჩებს. ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს.

 

 

2941
კახი კავსაძე

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა

40
(განახლებულია 17:46 14.04.2021)
ცნობილი მსახიობი თითქმის ორი თვეა თბილისის ერთ–ერთ კლინიკაშია მოთავსებული, სადაც კორონავირუსის ინფექციის ფონზე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის

 

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარება კიდევ უფრო დამძიმდა, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ. 

„კახი კავსაძე ამ დროისთვის აპარატზე არ არის შეერთებული, თუმცა, მისი მდგომარეობა ძალზე მძიმეა. შეიძლება ითქვას, რომ გონებაზე საერთოდ არ არის“, – განაცხადა ტურძელაძემ ჟურნალისტებთან.

კახი კავსაძე კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს.
მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება და კლინიკიდან გაეწერა. თუმცა, მოგვიანებით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის.
კახი კავსაძე 85 წლისაა. ათწლეულების განმავლობაში ის შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობია. მის ანგარიშზეა ბრწყინვალე თეატრალური დადგმები, 80-ზე მეტი ფილმი.

აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „უდაბნოს თეთრი მზე“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ და სხვ. 2011 წელს რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ მსახიობზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი „კახი კავსაძე - ნეტავი იქ თეატრი არის?!“

40
საპატრიარქო

საპატრიარქო რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე: დაუშვებელია სიტუაციის  ესკალაცია

24
(განახლებულია 17:19 14.04.2021)
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, მომიტინგეებს დღეს სამართალდამცველებმა გზა ჩაუხერგეს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტს ეხმაურება და რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელს უწოდებს. 

საპატრიარქო დაუშვებლად მიიჩნევს  სიტუაციის შემდგომ ესკალაციასა და კატეგორიულ ტონს, რომელიც, მათი განმარტებით,  არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას.

„პატივისცემით ვთხოვთ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას“, - აღნიშნულია საპატრიარქოს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა.

„ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე გუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

24
არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ მზადაა „გირჩის“ მოთხოვნები პარლამენტში განიხილოს

0
(განახლებულია 17:53 14.04.2021)
საქართველოს ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ მზადაა პარლამენტში შევიდეს, თუმცა გარკვეული პირობით.

 

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წამომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში მათ მიერვე  შეთავაზებული რეფორმების განსახილველად მიიწვია. 

პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი“ შვიდი მოთხოვნა წამოაყენა და მათგან თუნდაც ერთის სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში მზადაა საქართველოს პარლამენტში შევიდეს. „გირჩის“ მოთხოვნებს შორისაა: ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით. პარტია, რომელიც ცნობილია თავისი არაორდინალური გადაწყვეტილებებით, ასევე მოითხოვს მარიხუანის სრული ლეგალიზაციას და მულტისავალუტო რეჟიმის დაშვებას ქვეყანაში.

„მათ შვიდი პუნქტიც, და შესაძლოა მეტიც აქვთ ასეთი. ეს არის „გირჩის“ დღის წესრიგი, „გირჩის“, როგორც პოლიტიკური პარტიის პროგრამა და ამ პროგრამით ისინი გამოვიდნენ არჩევნებში. ყველამ ვნახეთ, თუ რამდენმა მოქალაქემ დაუჭირა ამას მხარი. ამიტომ, ერთადერთი შესაძლებლობა, „გირჩმა“ იმსჯელოს თავის სასურველ რეფორმებზე, არის პარლამენტში ყოფნა და პარლამენტში დისკუსია“, – აღნიშნა თალაკვაძემ. 

„გირჩს“, რომელსაც არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში სამი ადგილი ერგო, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე ნეიტრალური პოზიცია ეკავა, დეპუტატის მანდატებზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა.

„ვფიქრობ, უპირველესად, დასაფასებელია პოზიცია, რომელიც მათ დააფიქსირეს დიალოგის ბოლო რაუნდში. მათ პირდაპირ თქვეს, რომ მზად იყვნენ დოკუმენტზე ხელმოსაწერად, რაც ვფიქრობ, იყო სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღესდღეობით პარლამენტში ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენენ პარტია „მოქალაქეები“ და პარტია „ევროპელი სოციალისტები“. დანარჩენი პარტიები უარს აცხადებენ 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობაზე და არ იღებენ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში.
იმ შემთხვევაში, თუ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი“ პარლამენტში შევა, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობა სამით გაიზრდება და 99-ს მიაღწევს, რომელთაგანაც 9 ოპოზიციონერი იქნება.

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება