კორონავირუსის ტესტი

ცერცვაძე: ზუსტად ერთი წელი საქართველოში კორონავირუსის გამოჩენიდან რა გააკეთა ქვეყანამ?

1977
(განახლებულია 19:23 26.02.2021)
ზუსტად ერთი წლის წინ, 26 თებერვალს საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროის განმავლობაში ქვეყანამ იმაზე ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე შეეძლო მისი რესურსების გათვალისწინებით, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი სიტყვებით, ამ მასშტაბის პანდემია XXI საუკუნეში არ ყოფილა, მან მთელ მსოფლიოში 2,5 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 12 მილიონზე მეტი კი დაინფიცირდა.

„შარშან, 26 თებერვალს დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში... როცა პანდემია იწყებოდა, ყველას ჰქონდა განცდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია, დაახლოებით ისეთი, როგორიც არის გრიპი. შემდეგ, ძალიან მალე გახდა ცნობილი მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვის, და რაც დრო გადის, მით უფრო იკვეთება ამ დაავადების ის თავისებურება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია. თუნდაც იმიტომ, რომ ის აზიანებს არა მარტო ფილტვებს, არა მარტო სასუნთქ სისტემას, არამედ აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს და ორგანოთა სისტემას ადამიანის ორგანიზმში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ითვლება, რომ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში და იმ ადამიანებში, ვისაც არ აქვს მძიმე თანმხლები დაავადებები, მაგრამ ეს არის მხოლოდ ტენდენცია. მართალია, უფრო ხშირად ასეა, მაგრამ არა ყოველთვის. საკმაოდ ხშირია სასიკვდილო შემთხვევები ახალგაზრდებშიც, მათ შორის ძალიან ახალგაზრდებშიც და იმ პაციენტებშიც, ვისაც არანაირი თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა.

„ვისწავლეთ ის, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტი არ წარმოადგენს რისკის ჯგუფს, რამეთუ ის შეიძლება ძალიან სწრაფადაც დამძიმდეს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მსუბუქი დაწყების შემთხვევაშიც კი ავადმყოფი შეიძლება სწრაფად დამძიმდეს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველოში პანდემიის დაწყებისთანავე შეიმუშავეს და დანერგეს მულტიდისციპლინური მიდგომა.

საქართველოში კორონავირუსს ერთი წელი შეუსრულდა - რა ხდებოდა გავრცელების პირველი დღიდან>>

„ყველა ჩვენს კოვიდ-კლინიკაში ავადმყოფს სწავლობს და მკურნალობს არა ერთი, არამედ სხვადასხვა პროფილის ექიმებისგან შემდგარი გუნდი. ეს ძალიან სერიოზული მომენტი იყო, რათა გაგვეუმჯობესებინა გამოსავლები, შეგვემცირებინა სიკვდილობის და გაგვეზარდა გადარჩენის მაჩვენებელი“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

ნოუჰაუ და ხარვეზები

მოკლე დროში ქვეყანაში კოვიდ-პაციენტებისთვის 7 ათასი საწოლი მომზადდა. ცერცვაძის მტკიცებით, მილიონ მოსახლეზე ამდენი საწოლი არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდა.

„საქართველოს ნოუჰაუ იყო კოვიდ-სასტუმროები. ეს დღემდე მხოლოდ საქართველოშია დანერგილი და ინგლისმა დაიწყო ახლა დანერგვა საქართველოს მაგალითით“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის სიტყვებით, საქართველოს აქვს ევროპის 45 ქვეყანაზე უფრო დაბალი სიკვდილობის პროცენტი. ეს, ცერცვაძის აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა და კლინიკური ჯგუფი წარმატებით მუშაობს.

„თუ ჩვენ არ ჩავთვლით სამკვირიან პერიოდს, რომელიც იყო პიკის პერიოდი, ნოემბერი-დეკემბერი, როცა იყო ძალიან დიდი გადატვირთვა და გადაძაბვა კლინიკური სექტორის, დღეში 5 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. მაშინ იყო დაგვიანებები სასწრაფოსი, ოჯახის ექიმების, ჰოსპიტალიზაციის პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები მაშინაც კი იყო გაცილებით ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

„ხარვეზების გარეშე შეუძლებელია, რომ ასეთი დიდი ომი მოიგო“, – თქვა ცერცვაძემ.

კატეგორიული მოთხოვნა – ნიღბებით სიარული

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ დღევანდელი ვითარების შესანარჩუნებლად და შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად.

„მთავრობა ცდილობს ოქროს ბალანსი იპოვოს. გაიაროს დანის პირზე, რომ შეზღუდვები მოხსნას იმდენად, რომ არ მივიღოთ მესამე ტალღა, არ გავიმეოროთ ის შეცდომა, რაც მოხდა ზაფხულში და თან იმდენად მოხსნას, რომ ადამიანებს ცხოვრების საშუალება მიეცეს", – აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, არ შეიძლება, ერთი მხრივ, გინდოდეს და მთავრობას სთხოვდე შეზღუდვების მოხსნას და, მეორე მხრივ, არ გინდოდეს პირბადის გაკეთება.

„გააცნობიერეთ, რომ ეს ორი რამ შეუთავსებელია. თუ გინდათ შეინარჩუნოთ მოხსნილი შეზღუდვები და ნორმალური ცხოვრება, უნდა ატაროთ პირბადე უფრო მეტად, ვიდრე ატარებდით. 90 პროცენტზე უნდა ავიდეთ. თუ თქვენ არ ატარებთ პირბადეს, ძალიან მალე ქვეყანა იძულებული გახდება ხელახლა შემოიღოს შეზღუდვები. კატეგორიულად გთხოვთ გამოიყენოთ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და მაშინ შემთხვევების მატება არ იქნება, შესაბამისად, შევინარჩუნებთ გახსნილ ეკონომიკას და ცხოვრების უკეთეს პირობებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ბოლო მონაცემებით 270.137-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 264.047 ადამიანი, ხოლო 3.485 პაციენტი გარდაიცვალა.

1977
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (515)
კახი კავსაძე

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა

27
(განახლებულია 17:46 14.04.2021)
ცნობილი მსახიობი თითქმის ორი თვეა თბილისის ერთ–ერთ კლინიკაშია მოთავსებული, სადაც კორონავირუსის ინფექციის ფონზე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის

 

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარება კიდევ უფრო დამძიმდა, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ. 

„კახი კავსაძე ამ დროისთვის აპარატზე არ არის შეერთებული, თუმცა, მისი მდგომარეობა ძალზე მძიმეა. შეიძლება ითქვას, რომ გონებაზე საერთოდ არ არის“, – განაცხადა ტურძელაძემ ჟურნალისტებთან.

კახი კავსაძე კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს.
მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება და კლინიკიდან გაეწერა. თუმცა, მოგვიანებით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის.
კახი კავსაძე 85 წლისაა. ათწლეულების განმავლობაში ის შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობია. მის ანგარიშზეა ბრწყინვალე თეატრალური დადგმები, 80-ზე მეტი ფილმი.

აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „უდაბნოს თეთრი მზე“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ და სხვ. 2011 წელს რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ მსახიობზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი „კახი კავსაძე - ნეტავი იქ თეატრი არის?!“

27
საპატრიარქო

საპატრიარქო რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე: დაუშვებელია სიტუაციის  ესკალაცია

20
(განახლებულია 17:19 14.04.2021)
რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, მომიტინგეებს დღეს სამართალდამცველებმა გზა ჩაუხერგეს.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტს ეხმაურება და რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელს უწოდებს. 

საპატრიარქო დაუშვებლად მიიჩნევს  სიტუაციის შემდგომ ესკალაციასა და კატეგორიულ ტონს, რომელიც, მათი განმარტებით,  არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას.

„პატივისცემით ვთხოვთ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას“, - აღნიშნულია საპატრიარქოს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა.

„ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე გუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

20
სახანძრო

სენაკში ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

0
(განახლებულია 18:25 14.04.2021)
ჯერჯერობით, უცნობია თუ რა გახდა საცხოვრებელ სახლში ხანძრის გამოწვევის მიზეზი – შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik.  სენაკის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.

 შემთხვევის ადგილზე მისულ სახანძრო–სამაშველო ბრიგადებს, სამწუხაროდ, მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ნიკა ლატარია

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში