საპროტესტო აქცია საწვავის გაძვირების წინააღმდეგ. 21/2/2021

საქართველოს დიდ ქალაქებში საწვავზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს

372
(განახლებულია 19:02 21.02.2021)
ავტომობილის მძღოლები და აქტივისტები საწვავზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მძღოლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საწვავზე გაზრდილი ფასები საავტომობილო მსვლელობით გააპროტესტეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

აქციის მონაწილეები საწვავის ფასის შემცირებასა და ამ მიმართულებით ხელისუფლებისგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. ავტომფლობელების თქმით, რომელთა შორის არიან ტაქსის და მიკროავტობუსების მძღოლები, ბოლო 3-4 კვირაში საწვავის ფასი საშუალოდ 40 თეთრით გაიზარდა, რაც მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

აქციის მონაწილეები რიყის პარკთან იკრიბებიან, საიდანაც საპროტესტო მსვლელობით რესპუბლიკის მოედნისკენ გაემართებიან.

„მკვეთრად გაიზარდა საწვავის ფასები. ასეთ პირობებში მიკროავტობუსების და ტაქსების მუშაობა შეუძლებელია. მაშინ ჩვენც უნდა გავაძვიროთ მგზავრობის საფასური. მაგრამ რა აზრი აქვს? მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ ჩვენი ტრანსპორტით გაძვირების გამო“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ბათუმის ქუჩებში მსუბუქი ავტომობილების მძღოლებმა საავტომობილო მსვლელობა გამართეს, მათ სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებიც შეუერთდნენ. ისინი საყვირების გამოყენებით გადაადგილდებოდნენ, მოგვიანებით კი რაგბის სტადიონის სადგომზე შეიკრიბნენ.

საწვავის ფასების ზრდის გასაპროტესტებლად საავტომობილო მსვლელობა მოეწყო ქუთაისშიც. ავტომობილის მძღოლებმა და აქტივისტებმა  ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს, სიგნალებით მერიასთან შეჩერდნენ და გზა გადაკეტეს, რასაც ხმაური მოყვა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და მოქალაქეებს გზის გახსნისკენ მოუწოდებენ. აქციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა, არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ.

ნავთობის იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ამჟამად ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ერთი ლიტრი ბენზინის ფასია: პრემიუმის — 2,51-2,59 ლარი, რეგულარის — 2,32-2,38 ლარი, ევრო დიზელის - 2,49-2,59 ლარი.

 

372
სასწრაფო დახმარების ბრიგადები

COVID-19 საქართველოში 28 თებერვლის მონაცემები

18
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 265.114 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 525), გარდაიცვალა – 3.510  (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 323, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.472 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 171 ადამიანი იმყოფება. 

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 248-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.510 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 265.114 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 525), გარდაიცვალა – 3.510  (ბოლო 24 საათში – 11), კარანტინის რეჟიმშია 323, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.472 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 171 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 27.885, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18.814, PCR ტესტით - 9.071

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 0,89%, ბოლო 14 დღის - 1,96%, ბოლო 7 დღის - 1,55%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

18
აბრა მაღაზიაში კორონავირუსის შესახებ

როდის მოიხსნება დარჩენილი შეზღუდვები: ამირან გამყრელიძის პროგნოზი

55
(განახლებულია 08:45 28.02.2021)
ეპიდემიოლოგის თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში სტაბილური ეპიდსიტუაციაა და კორონავირუსის მესამე ტალღა მოსალოდნელი არ არის

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება შესაძლებელი იქნება 1-2 კვირაში, თუ ამის საშუალებას ეპიდვითარება მოგვცემს, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში 1 მარტიდან ბევრი შეზღუდვა მოიხსნება: გაიხსნება მუზეუმები, საბავშვო ბაღები, ფიტნეს-დარბაზები. უქმდება შაბათ-კვირის კარანტინი. ამ კვირაში სრული დატვირთვით ამუშავდა საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

„ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, სერიოზული შემსუბუქება გამოცხადდა, ამიტომ 1-2 კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას. ეს შეზღუდვები რა სტიმულს მისცემს ინფექციის გავრცელებას. ამის შემდეგ გადაწყდება შეზღუდვების შემსუბუქება. ხვალ და ზეგ ეს არ იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება მესამე ტალღას, მისი პროგნოზებით, თუ მარტი და აპრილი აფეთქებების გარეშე ჩაივლის, ის ნაკლებად სავარაუდოა.

„დასაშვებია, რომ ჩვენთანაც „ბრიტანული შტამის“ მეტი გავრცელება იყოს, მას გავრცელების მეტი სისწრაფე ახასიათებს, უფრო ახალგაზრდა ადამიანებს აზიანებს, თუმცა სიმძიმით არ გამოირჩევა. მაგრამ ჩვენ ახლა დაღმავალ ტალღაზე ვართ, ანუ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება. ასე გაგრძელდება, თუ ჩვენ რამე დიდი შეცდომა არ დავუშვით, არ მოვეშვით, პირბადე არ გადავაგდეთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, დღემდე ქვეყანაში 270.510 შემთხვევაა გამოვლენილი.

55