ნიკა მელია

ნიკა მელია: ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობას

83
(განახლებულია 16:50 19.02.2021)
სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადადო.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. ვაპირებ მივიღო მონაწილეობა იმ პოლიტიკურ აქტივობებში, რომელიც ოფისის მიღმა გაიმართება, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში. 

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა.

ოპოზიციის ლიდერებმა და მომხრეებმა მელიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს – მათ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრება ჯერ კიდევ ოთხშაბათს, შუადღით დაიწყეს და საღამოსთვის „ნაცმოძრაობის“ ოფისში სრული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი და ახალგაზრდული ორგანიზაციები შეიკრიბნენ. ისინი მელიასთან ერთად ადევნებდნენ თვალს სასამართლო სხდომას, რომელსაც პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. გარდა ამისა, სასამართლო სხდომის შემდეგ ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყების შესახებ განაცხადა.

როგორც ლიდერებმა მასმედიასთან განაცხადეს, მათი ამოცანაა ხელი შეუშალონ ნიკა მელიას დაკავების პროცესს.

გუშინ ოპოზიციის ლიდერებმა სამართალდამცველებს, რომელთაც სასამართლო განჩინების აღსრულება სურდათ, წინააღმდეგობა გაუწიეს და პარტიის ოფისში არ შეუშვეს.

ნიკა მელიას განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება მის პატიმრობასთან დაკავშირებით უსამართლოა.

„შესაძლოა, მომაბეზრებლადაც კი ჟღერდეს ჩემი მხრიდან ერთი და იმავეს გამეორება, რომ არც გირაოს გადახდას ვაპირებ და, მით უმეტეს, არც ციხეში წასვლას. პირიქით, ვაპირებ მივიღო მონაწილეობა პოლიტიკურ აქტივობებში. ოფისიდან უნდა გავიდე და ამას წინ ვერავინ დაუდგება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

18 თებერვალს ყველასთვის მოულოდნელად გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, რის მიზეზადაც ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

 

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადადო.

გუშინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას კანონმორჩილებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას.

ნიკა მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ექვს წლამდე პატიმრობა ელოდება.

იმისათვის, რომ პროკურატურას სასამართლოსთვის მელიას დაკავების თხოვნით მიემართა, საქართველოს პარლამენტმა 16 თებერვალს მას დეპუტატის ხელშეუხებლობა მოუხსნა.

 

83
თემები:
გადაწყვეტილება ცნობილია: ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა (16)
საგარეო საქმეთა სამინისტრო

ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმს 150-ზე მეტი ემიგრანტი დაესწრება

11
(განახლებულია 19:03 26.02.2021)
ფორუმის მიზანია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა.

 

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი 27 თებერვალს ონლაინ–ფორმატში გაიმართება, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის  საქართველოს ბიზნეს–გარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

„ფორუმზე ხაზი გაესმება ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ღონისძიებაზე განიხილება მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და თანადაფინანსების მექანიზმები, ხაზი გაესმება იმ წამყვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყების თუ ინვესტიციის განხორციელების სიმარტივეს განაპირობებს.

ამასთან, მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს და არსებულ სავაჭრო რეჟიმებს.  

ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გაეროს მიგრაციის სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). 

ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უცხოეთში მცხოვრები 150–ზე მეტი თანამემამულე დაესწრება.

11
თემები:
ქართული დიასპორა
თსუ. სტუდენტები

თბილისის მერია იწყებს განაცხადების მიღებას სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებლად

22
(განახლებულია 18:15 26.02.2021)
სწავლის საფასურის დაფინანსების შესახებ განცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყება და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. თბილისის მერია პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღებას იწყებს, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა.

„დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დაფინანსების ოდენობა, რომელიც წლიურად შეადგენს 2.250 ლარს, დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე. კერძოდ:

  • 91-100 ქულა - სემესტრული თანხის 100% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 000-ის ტოლი ან ნაკლებია.
  • 71-90 ქულა - სემესტრული თანხის 100% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000-ს, ხოლო იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 010 -150 000-ია, სემესტრული თანხის 70%;
  • 51–70 ქულა - სემესტრული თანხის 50% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე.

დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარადგინოს:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
  • ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
  • უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
  • რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); სამოტივაციო წერილი.

რაც შეეხება პირველი სემესტრის სტუდენტებს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, მათ უნდა წარადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა.

დოკუმენტაცია და განცხადება სტუდენტმა პირადად უნდა წარადგინოს.

22
თემები:
თბილისის მერია