ეპიდემია საქართველოში

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

120
(განახლებულია 16:14 19.02.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 388-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 267.701-ს მიაღწია.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 388 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 182 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 52, შიდა ქართლი – 29, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 27, გურია – 25, კახეთი – 25, ქვემო ქართლი – 21, აჭარა – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 331 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 260.597-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 7 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.406-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 3.672 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.813 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 770, აჭარაში – 199, იმერეთში – 419.

356 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 106 პირი, მათგან თბილისში – 66, აჭარაში – 9, იმერეთში – 12. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 232 ადამიანი, მათ შორის 119 – თბილისში, 96 – აჭარაში, 16 – იმერეთში. 1.627 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 110, ხოლო აჭარაში – 31. თვითიზოლაციაში იმყოფება 10.085 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5.107 პირი, აჭარაში – 620, იმერეთში – 1.067.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 388-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 267.701-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

120
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (288)
ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს სასამართლო დავას COVAX-პლატფორმასთან

27
ამ ეტაპზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება COVAX-პლატფორმისგან უარყოფას იმ ბრალდებების, რომლებიც სამინისტროს მისამართით გაჟღერდა, განაცხადა მინისტრმა

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველომ შესაძლოა უჩივლოს COVAX-პლატფორმას ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს ქვეყანა არ არის მზად Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად ტექნიკური მიზეზების გამო, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მანამდე ერთ-ერთმა ქართულმა საინფორმაციო საშუალებამ პლატფორმაზე დაყრდნობით გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თებერვალში ვაქცინა მიიღეს მხოლოდ იმ ქვეყნებმა, რომელთა ეროვნულმა რეგულატორებმა პრეპარატს ავტორიზება მისცეს და ვაქცინის მწარმოებლებთან გააფორმეს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი.

„გამომდინარე იქიდან, რომ აქ საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ. ვინაიდან, ეს ყველაფერი, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ოპოზიციური ოპონენტების მხრიდან გამოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში მოხდეს პოლიტიკური დიდი დაძაბულობა და პოლარიზაცია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მიმართა პლატფორმას და მოსთხოვა პასუხი, თუ რატომ გაკეთდა ასეთი კომენტარი.

„ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ COVAX-პლატფორმასთან 18 სექტემბრის მერე, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან და აღნიშვნა არ ყოფილა, რომ ჩვენ რაიმე შეცდომა დავუშვით. COVAX-პლატფორმა ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში, კერძოდ ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ COVAX-პლატფორმას უჩივლა“, - განაცხადა მინისტრმა.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანის შეფერხება უკავშირდება იმას, რომ ქვეყანა არ არის მზად მის შემოსატანად.

COVAX–პლატფორმის მეშვეობით ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო და ქვეყანას მედპერსონალის ვაქცინაცია უნდა დაეწყო. მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა მარტისთვის გადაიდო. ქვეყანაში უკვე შემოტანილია 50 ათასი სპეციალური შპრიცი, რომელიც აცრისთვის არის საჭირო. მობილიზებულია სპეციალური მაცივრები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინის შესანახად არის საჭირო. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება.

27
საკლასო ოთახი

გორის საჯარო სკოლებში კორონავირუსი დაფიქსირდა

88
(განახლებულია 22:04 01.03.2021)
გორის მე-2 და მე-10 საჯარო სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების შედეგად გამოვლინდა.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. გორის მე-10 საჯარო სკოლა კორონავირუსის გამო დღეიდან 15 მარტამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ გორის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში.

მე-10 საჯარო სკოლაში ახალი კორონავირუსი სკოლის პედადაგოგსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს გამოუვლინდა.

კიდევ ერთი სასწავლო დაწესებულება, რომელიც სწავლების დისტანციურ ფორმატზე ანალოგიური მიზეზით ხვალიდან უნდა გადავიდეს, გორის მე-2 საჯარო სკოლაა.

აქ კორონავირუსი პედაგოგს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელსა და ერთ მოსწავლეს გამოუვლინდათ. სკოლამ უკვე მიმართა დისტანციურად სწავლებაზე გადასვლის თაობაზე გორის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს და, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკლასო ოთახებში სწავლა აქაც 15 მარტიდან განახლდება. 

ორივე სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების შედეგად გამოვლინდა.

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 8 მარტიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. 

როგორც რესურს-ცენტრში განმარტეს, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში ადმინისტრაციის თანამშრომლებს არდადეგების პერიოდში დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.

საქართველოში მოსწავლეების დიდი ნაწილი საკლასო ოთახებს დაუბრუნდა, 12%-მა (35 732) კი სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება გადაწყვიტა. აღნიშნული რიცხვი სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში იცვლება. როდესაც ონლაინ–სწავლებაზე კონკრეტული კლასი ან სკოლა გადადის, იმ მომენტში წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირაში კორონავირუსი მოსწავლეების 0,03%-ს და მასწავლებლების 0,1%-ს გამოუვლინდა.

ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის შედეგად დისტანციურ სწავლებაზე 11 სკოლა და 109 კლასი გადავიდა.

პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის პერსონალის სავალდებულო ტესტირება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე აქტიურად ხორციელდება რესურს-ცენტრების მხრიდან სკოლების მონიტორინგი.

მოსწავლეები საკლასო ოთახებს თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში 15 თებერვლიდან დაუბრუნდნენ. რაც შეეხება ბათუმს, ფოთს, ზუგდიდს, გორსა და თელავს, აღნიშნულ ქალაქებში მოსწავლეები სკოლებში 1 თებერვლიდან დადიან.

მშობლების გადაწყვეტილებით, მოსწავლეს სწავლის ონლაინ–რეჟიმში გაგრძელება შეუძლია. დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევნის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს, ხოლო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს – მთელი ქვეყნის მასშტაბით.

88
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (288)