გზის გაწმენდა

რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ვრცელდება ახალი ინფორმაცია

365
(განახლებულია 18:26 18.02.2021)
საავტომობილო გზების უმეტეს ნაწილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად უკვე დაშვებულია.

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების დონე დაბალია, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული გზის ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაც აღდგა.

რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ავტომაგისტრალებს, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აქ მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია.

კერძოდ, საუბარია შემდეგ მაგისტრალებზე:

  • ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთი;
  • ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზა;
  • გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზა.

საქართველოში ბოლო დღეებში უხვი თოვლი მოვიდა, რის გამოც გზებზე შეზღუდვები დაწესდა.

365
საგარეო საქმეთა სამინისტრო

ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმს 150-ზე მეტი ემიგრანტი დაესწრება

3
(განახლებულია 19:03 26.02.2021)
ფორუმის მიზანია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა.

 

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი 27 თებერვალს ონლაინ–ფორმატში გაიმართება, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის  საქართველოს ბიზნეს–გარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

„ფორუმზე ხაზი გაესმება ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ღონისძიებაზე განიხილება მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და თანადაფინანსების მექანიზმები, ხაზი გაესმება იმ წამყვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყების თუ ინვესტიციის განხორციელების სიმარტივეს განაპირობებს.

ამასთან, მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს და არსებულ სავაჭრო რეჟიმებს.  

ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გაეროს მიგრაციის სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). 

ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უცხოეთში მცხოვრები 150–ზე მეტი თანამემამულე დაესწრება.

3
თემები:
ქართული დიასპორა
თსუ. სტუდენტები

თბილისის მერია იწყებს განაცხადების მიღებას სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებლად

20
(განახლებულია 18:15 26.02.2021)
სწავლის საფასურის დაფინანსების შესახებ განცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყება და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. თბილისის მერია პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღებას იწყებს, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა.

„დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დაფინანსების ოდენობა, რომელიც წლიურად შეადგენს 2.250 ლარს, დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე. კერძოდ:

  • 91-100 ქულა - სემესტრული თანხის 100% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 000-ის ტოლი ან ნაკლებია.
  • 71-90 ქულა - სემესტრული თანხის 100% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000-ს, ხოლო იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 010 -150 000-ია, სემესტრული თანხის 70%;
  • 51–70 ქულა - სემესტრული თანხის 50% იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე.

დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარადგინოს:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
  • ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
  • უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
  • რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); სამოტივაციო წერილი.

რაც შეეხება პირველი სემესტრის სტუდენტებს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, მათ უნდა წარადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა.

დოკუმენტაცია და განცხადება სტუდენტმა პირადად უნდა წარადგინოს.

20
თემები:
თბილისის მერია