შსს–ს შენობა

შსს: დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი

74
(განახლებულია 10:15 18.02.2021)
ოპოზიციის ლიდერებმა და მომხრეებმა პოლიციელებს „ნაცმოძრაობის“  ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს, სადაც პარტიის ლიდერი ნიკა მელია იმყოფება. 

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებს,  პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით და თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღეს დილით  ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის განჩინების ჩასაბარებლად სამართალდამცველები გამოჩნდნენ. თუმცა, მათ შენობაში შესვლის საშუალება ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მომხრეებმა არ მისცეს.

გუშინ  თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა, რომლის აღსრულება  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა.

შსს-ს განმარტებით, კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის – სასამართლოს გადაწყვეტილების  შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

„პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

„ნაცმოძრაობის“ ოფისში გუშინ სრული ოპოზიციური სპექტრი და ახალგაზრდული ორგანიზაციები შეიკრიბა, რომლებმაც მთელი ღამე მთავარი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისში პარტიის ლიდერ ნიკა მელიასთან ერთად გაატარეს. გარდა ამისა, ოპოზიციამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გაერთიანებისა და ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთეს.

როგორც ლიდერებმა მედიასთან განაცხადეს, მათი ამოცანაა – ხელი შეუშალონ ნიკა მელიას დაკავების პროცესს.

რა ბრალდებას უყენებენ მელიას

ოპოზიციური პარტიის ლიდერს ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. იმ ღამეს თბილისის ცენტრში გაიმართა საპროტესტო აქცია პარლამენტში რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის საპასუხოდ.

ბრალდება ამტკიცებს, რომ მელიას წინააღმდეგ გამოძიების მასალები გამყარებულია ვიდეოჩანაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით. არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მელიამ მომიტინგეებს მიმართა: „მინდა გკითხოთ, რატომ უნდა ვიდგეთ პარლამენტის წინ და რატომ არ უნდა ვიყოთ პარლამენტის შენობაში?“

დანაშაული, რომელიც მელიას ბრალდება, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

74
თემები:
გადაწყვეტილება ცნობილია: ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა (16)
კორონავირუსის ტესტი

ცერცვაძე: ზუსტად ერთი წელი საქართველოში კორონავირუსის გამოჩენიდან - რა გააკეთა ქვეყანამ?

16
(განახლებულია 13:14 26.02.2021)
ზუსტად ერთი წლის წინ, 26 თებერვალს, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროის განმავლობაში ქვეყანამ იმაზე ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე შეეძლო, მისი რესურსების გათვალისწინებით, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ექიმის სიტყვებით, ამ მასშტაბის პანდემია XXI საუკუნეში არ ყოფილა, მან მთელ მსოფლიოში 2,5 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 12 მილიონზე მეტი კი დაინფიცირდა.

„შარშან, 26 თებერვალს დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში... როცა პანდემია იწყებოდა, ყველას ჰქონდა განცდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია, დაახლოებით ისეთი, როგორიც არის გრიპი. შემდეგში, ძალიან მალე გახდა ცნობილი მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვის და რაც დრო გადის მით უფრო იკვეთება ამ დაავადების ის თავისებურება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექციონია. თუნდაც იმიტომ, რომ ის აზიანებს არა მარტო ფილტვებს, არა მარტო სასუნთქ სისტემას, არამედ აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს და ორგანოთა სისტემას ადამიანის ორგანიზმში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ითვლება, რომ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში და იმ ადამიანებში, ვისაც არ აქვს მძიმე თანმხლები დაავადებები, მაგრამ ეს არის მხოლოდ ტენდენცია. დიახ, უფრო ხშირად ასეა, მაგრამ არა ყოველთვის. საკმაოდ ხშირია სასიკვდილო შემთხვევები ახალგაზრდებში, მათ შორის ძალიან ახალგაზრდებშიც და იმ პაციენტებშიც, ვისაც არანაირი თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა.

„ვისწავლეთ ის, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტი არ წარმოადგენს რისკის ჯგუფს, რამეთუ ის შეიძლება ძალიან სწრაფადაც დამძიმდეს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მსუბუქი დაწყების შემთხვევაშიც კი, ავადმყოფი შეიძლება, სწრაფად დამძიმდეს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველოში პანდემიის დაწყებისთანავე შეიმუშავეს და დანერგეს მულტიდისციპლინური მიდგომა.

საქართველოში კორონავირუსს ერთი წელი შეუსრულდა - რა ხდებოდა გავრცელების პირველი დღიდან>>

„ყველა ჩვენ კოვიდკლინიკებში ავადმყოფს ნახულობს და მკურნალობს არა ერთი, არამედ სხვადასხვა პროფილის ექიმებისგან შემდგარი გუნდი. ეს ძალიან სერიოზული მომენტი იყო, რათა გაგვეუმჯობესებინა გამოსავლები და შეგვემცირებინა სიკვდილობის და გაგვეზარდა გადარჩენის მაჩვენებელი“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ნოუჰაუ და ხარვეზები

მოკლე დროში ქვეყანაში კოვიდპაციენტებისთვის შვიდი ათასი საწოლი მომზადდა. ცერცვაძის მტკიცებით, მილიონ მოსახლეზე ამდენი საწოლი არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდა.

„საქართველოს ნოუჰაუ იყო კოვიდსასტუმროები. ეს დღემდე მხოლოდ საქართველოშია დანერგილი და ინგლისმა დაიწყო ახლა დანერგვა საქართველოს მაგალითით“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის სიტყვებით, საქართველოს ევროპაში აქვს ევროპის 45 ქვეყანაზე უფრო დაბალი სიკვდილობის პროცენტი. ეს, ცერცვაძის აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა და კლინიკური ჯგუფი წარმატებით მუშაობს.

„თუ ჩვენ არ ჩავთვლით სამკვირიან პერიოდს, რომელიც იყო პიკის პერიოდი, ნოემბერი-დეკემბერი, როცა იყო ძალიან დიდი გადატვირთვა და გადაძაბვა კლინიკური სექტორის, დღეში ხუთი ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. მაშინ იყო დაგვიანებები სასწრაფოსი, ოჯახის ექიმების, ჰოსპიტალიზაციის პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები მაშინაც კი იყო გაცილებით ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

„ხარვეზების გარეშე შეუძლებელია, რომ ასეთი დიდი ომი მოიგო“, - თქვა ცერცვაძემ.

კატეგორიული მოთხოვნა - ნიღბებით სიარული

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ დღევანდელი ვითარების შესანარჩუნებლად და შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად.

„მთავრობა ცდილობს, ოქროს ბალანსი იპოვოს. გაიაროს დანის პირზე, რომ შეზღუდვები მოხსნას იმდენად, რომ არ მივიღოთ მესამე ტალღა, არ გავიმეოროთ ის შეცდომა, რაც მოხდა ზაფხულში და თან იმდენად მოხსნას, რომ ადამიანებს ცხოვრების საშუალება მიეცეს...", – აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, არ შეიძლება, ერთი მხრივ, გინდოდეს და მთავრობას სთხოვდე შეზღუდვების მოხსნას და მეორე მხრივ, არ გინდოდეს პირბადის კეთება.

„გააცნობიერეთ, რომ ეს ორი რამე შეუთავსებელია. თუ გინდათ შეინარჩუნოთ მოხსნილი შეზღუდვები და ნორმალური ცხოვრება, უნდა ატაროთ პირბადე უფრო მეტად, ვიდრე ატარებდით. 90 პროცენტზე უნდა ავიდეთ. თუ თქვენ არ ატარებთ პირბადეს, ძალიან მალე ქვეყანა იძულებული გახდება ხელახლა შემოიღოს შეზღუდვები. კატეგორიულად გთხოვთ გამოიყენოთ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და მაშინ შემთხვევების მატება არ იქნება, შესაბამისად, შევინარჩუნებთ გახსნილ ეკონომიკას და ცხოვრების უკეთეს პირობებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ბოლო მონაცემებით 270.137-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 264.047 ადამიანი, ხოლო 3.485 გარდაიცვალა.

16
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ადამიანები პირბადეებით ქუჩაში

პირველად საქართველოში დასაქმების ონლაინ ფესტივალი  ტარდება

13
(განახლებულია 12:55 26.02.2021)
ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. ღონისძიების მიზანია დასაქმების ხელშეწყობა და სამსახურის მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირება

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. პირველად საქართველოში 1-დან 5 მარტის ჩათვლით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობითა და HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით, დასაქმების ონლაინ ფესტივალი – „გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, ღონისძიების მიზანია დასაქმების ხელშეწყობა და სამსახურის მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირება.

დასაქმების ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომელთა ნახვაც კანდიდატებს შეუძლიათ სპეციალურ ბმულზე: shorturl.at/jkvL6.

დასაქმების მსურველები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ კი მათთვის ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან, რომლებიც კანდიდატების დასაქმების გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ.

მოსახლეობის დასაქმების პოლიტიკა საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია>>

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ, თუ რა ვაკანსიები და შეთავაზებები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. დასასრულ კი, სამუშაოს მაძიებლებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ.

შეხვედრები გაიმართება ონლაინ Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე:https://forms.gle/ThsrUGNZLLAA1nXx8.

დარეგისტრირების შემდეგ, კომპანიის ონლაინ სესიის წინ, მონაწილეები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ Zoom–ის ლინკს, რომლის მეშვეობითაც პირდაპირ მოხვდებიან მათ მიერ წინასწარ შერჩეული დამსაქმებლების სესიებზე.

2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ქვეყანაში უმუშევრობის შესამცირებლად ცალკე უწყება ამოქმედდა - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. ის ასრულებს შუამავლის როლს სამსახურის მაძიებლებსა და ბიზნესს შორის. ის აღრიცხავს სამსახურის მაძიებლებს, სწავლობს შრომის ბაზარს და ქვეყანაში შრომის ბაზრის საკითხებზე რეკომენდაციებს იძლევა.

საქართველოს მთავრობამ დასაქმების ხელშეწყობის 2021 წლის პროგრამა დაამტკიცა>>

„საქსტატის“ ცნობით, ქვეყნის ყოველი მეხუთე შრომისუნარიანი მოქალაქე უმუშევარია. უმუშევრობის დონე 2020 წლის IV კვარტალში 3,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 20,4% შეადგინა.

13
ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამოსი

მინანქარში გაცოცხლებული „ვეფხისტყაოსანი" ანუ რა ხდება როცა ხელოვნება სულის ნაწილი ხდება

0
(განახლებულია 13:14 26.02.2021)
დიზაინერი ნათია არველაძე არა ერთი უნიკალური, ძალზე შთამბეჭდავი კოლექციის ავტორია და თითოეული პროექტით ისტორიას აცოცხლებს.

მისი ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტია „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შესრულებული მინანქრის სამკაული, რომელსაც საზოგადოებაში რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა. გარდა ამისა, ქალბატონი ნათია მუშაობს ტანსაცმლის დიზაინზე. მისი ყველა ნამუშევარი არის ექსკლუზიური და არასოდეს მეორდება.

ნათია არველაძე
ნათია არველაძე

- გაეცანით ჩვენს მკითხველს...

- ჩემი ინტერესი ხელოვნების მიმართ ადრეულ პერიოდში გამოვლინდა. ხატვა, აქსესუარები, ტანსაცმელი - ყოველთვის მიტაცებდა. ამიტომაც ჩავაბარე თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკადემიაში, შემდგომ კი უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე. თავისი თვითმყოფადობით ქართული კულტურა ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში. მსურდა თვითონ შემექმნა რაღაც, რითაც გამოვხატავდი ჩემს დამოკიდებულებას და სიყვარულს. ასე გაჩნდა ქართულ ბაზარზე ბრენდი „მართა“, რომელიც უკვე 12 წელია არსებობს.

ნათია არველაძე
ნათია არველაძე

- სამკაულების შექმნით როდის დაინტერესდით? როგორ შეისწავლეთ და რამდენად საინტერესო იყო ეს პროცესი თქვენთვის?

- სამკაული ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა იმისთვის, რომ შექმნა კოლექცია, საკმაოდ ცოდნა, თანხები და რისკია საჭირო. 2016 წელს მონაწილეობა მივიღე თბილისის მოდის კვირეულში და ასე შეიქმნა პირველი და ჩემთვის უსაყვარლესი კოლექცია ტანსაცმლისა და სამკაულის, რომლის ინსპირაცია იყო ქართველ მეფეთა  შესამოსელი და უძველესი ოქრომჭედლობა. სამკაული შევასრულეთ ურთულესი ტექნიკით, რომელიც თვითონ მოვიფიქრე. ამ ყველაფერს დიდი შრომა და ნებისყოფა სჭირდებოდა, რომელშიც გვერდში მედგა ჩემი ატელიეს არაჩვეულებრივი პროფესიონალთა გუნდი. ეს იყო რაღაც დიდი და საინტერესო გზის დასაწყისი.

ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამოსი
photo: courtesy of Atelier MARTA
ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამოსი

- რა ტექნიკით ქმნით სამკაულს და რა ეტაპებს გადიხართ, სანამ ნივთი დასრულებულ სახეს მიიღებს?

- დროთა განმავლობაში გადავედი მინანქრის ტექნიკაზე, რომელსაც გამოხატვის მეტი შესაძლებლობები აქვს.

ჩემთვის მთავარია იდეა, რომელიც შთამაგონებს, აღმაფრთოვანებს, მიკარგავს მოსვენებას და ტვინში იწყება სრული ქაოსი და ამ ქაოსიდან ნელ-ნელა ჩნდება, იკვეთება ფორმები, რასაც შინაგანად ვგრძნობ. ესკიზებს ვქმნი მანამდე, სანამ არ გამოიძერწება სასურველი ფორმა. შემდეგ მოდის უკვე შესრულების ტექნიკური მხარე, რაც ასევე რთული და საინტერესოა.

ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამკაული
ვეფხისტყაოსნის თემაზე შექმნილი სამკაული

- თქვენთვის, როგორც ქალისთვის, რასთან ასოცირდება ლამაზი სამკაული?

- ლამაზი სამკაული ისაა, რომელსაც იხდენს ადამიანი, რომელიც ორგანულადაა შერწყმული ხასიათთან, ინდივიდუალურობასთან.

ზოგადად სამკაული, ჩემის აზრით, ესაა თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება. სამკაულით შეიძლება გახდე რომანტიულიც, მეოცნებეც, ვინტაჟურიც და რევოლუციონერიც.

ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამკაული
ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამკაული

- ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ნამუშევარი გაიხსენეთ...

- ერთ-ერთ რთულ ნამუშევრად ჩემს შემოქმედებაში მივიჩნევ  კოლექციას „ვეფხისტყაოსანი", რომელზეც ვიმუშავე საკმაოდ მოკლე დროში და შევქმენი სცენები ნაწარმოებიდან. ეს იყო ძალიან საპასუხისმგებლო, რადგან ფაქტიურად პირველად ხდებოდა „ვეფხისტყაოსნის" დასურათება სამკაულში. საკმაოდ დიდი მოწონება ხვდა წილად და ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან ისევ მივუბრუნდები ამ თემას.

ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამოსი
ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამოსი

- სამკაულის გარად ქმნით ტანსაცმლის დიზაინს. რით არის თქვენი სამოსი გამორჩეული და იგრძნობა თუ არა ნამუშევრებში თქვენი ხელწერა?

- თავიდან,  როდესაც ტანსაცმლის შექმნა დავიწყე, ესეც ქართულ კულტურასთან იყო დაკავშირებული. მსურდა ტაძრის კედლებზე გამოსახული მეფეთა და დიდებულთა შესამოსელი, თანამედროვე სახით და დიზაინით გადმომეცა. ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა, მაგრამ ასეთი ნამუშევრები სპეციფიურ მიდგომას მოითხოვს, ვიწრო წრეზეა გათვლილი და შესრულებაც ძვირადღირებულია. ამიტომ სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვქმნი.

ჩემს ატელიეში ამჟამად ფუნქციონირებს მუდმივი „შოურუმი“, სადაც ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა თანამედროვე სტილის სამოსს. შესრულებულია უმაღლესი ხარისხით, რაც დღეს საკმაოდ იშვიათია.

ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამკაული
ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამკაული

- რთული იყო ქართულ ბაზარზე სახელის მოხვეჭა და თავის დამკვიდრება? რა სირთულეების დაძლევა მოგიხდათ?

- ქართულ და ნებისმიერ ბაზარზე თავის დამკვიდრება, ესაა ურთულესი გზა. მთავარია მიზნისკენ სწრაფვა, დაუღალავი შრომა, უწყვეტი ძალისხმევა, მიზანსწრაფულობა. არაერთგზის მოგვიწევს გავიაროთ სირთულეების ქარცეცხლში და სწორედ მაშინ არ უნდა დანებდე. ესაა წარმატების გასაღები. დღეს, როცა წარსულს გადავხედავ, ვფიქრობ რა ძალით ვუმკლავდებიდი ამ გამოწვევებს. მაგრამ მგონია ესაა ყველაზე ძლიერი განცდა- სურვილი თვითგამოხატვისა. მერე რაღაცნაირად თავისთავად მოდის ინტერესიც და წარმატებაც.

ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამკაული
ნათია არველაძის დიზაინით შექმნილი სამკაული

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ამჟამად ვმუშაობ სამკაულის ახალ კოლექციაზე. წესით  საკმაოდ საინტერესო უნდა გამოვიდეს, რადგან შესრულების მხრივაც გარკვეული სიახლეები იქნება.

 

0