თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ევროკავშირმა და ჯანმომ სამედიცინო აღჭურვილობა გადასცეს

45
(განახლებულია 23:12 17.02.2021)
ევროკავშირი მხარში უდგას საქართველოს მიმდინარე პანდემიის პერიოდში და დღემდე განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას.

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. დღეს ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას COVID-19-ის მძიმე ფორმების მქონე პაციენტთა მკურნალობისა და მოვლისთვის 10 სამედიცინო ვენტილატორი და 1 000 ერთეული დამცავი საშუალება გადასცეს, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ADB–მ  საქართველოს კოვიდთან საბრძოლველად  2,5 მლნ დოლარის ოდენობის გრანტი დაუმტკიცა

გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაჩიე ჩურა ეწვივნენ.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად გადავცემთ ამ აუცილებელ აღჭურვილობას მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული დახმარება ევროკავშირისა და ჯანმოს ერთობლივი მხარდაჭერის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც რეგიონის მასშტაბით უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი ოდენობის სამედიცინო მასალების მიწოდება, მათ შორის საქართველოს გადაეცა 1,8 მილიონ ერთეულზე მეტი პირადი დაცვისა და სამედიცინო დანიშნულების აღჭურვილობა, როგორიცაა საიზოლაციო ხალათები, დამცავი სათვალეები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სამედიცინო ნიღბები, რესპირატორები და სხვ.

ბრძოლა COVID–თან: მსოფლიო ბანკმა საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა>>

აღნიშნული დახმარება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული 1.5 მილიარდი ლარის მოცულობის მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს COVID-19-ით გამოწვეულ კრიზისზე ეფექტური რეაგირების ხელშეწყობასა და საქართველოში ჯანდაცვის სექტორის ზოგადი მზადყოფნის გაძლიერებას.

45
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (272)
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა

15
(განახლებულია 23:21 25.02.2021)
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართა, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი.

ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას, მის მეუღლესა და მისი მეუღლის ნათესავს წუხელ თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. თავდამსხმელების მოგერიებაში ჟურნალისტს დაეხმარნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მან მანქანის მოყინული გზიდან გამოსაყვანად გამოიძახა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. სანაია დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

„კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა! ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს! მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა!“ - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

შსს-მ სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „ორი და მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობას“ გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელია - 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

 

15
საპატრულო პოლიცია

„ეს მიუღებელია“ - მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმო

50
(განახლებულია 23:21 25.02.2021)
დეპუტატები შესაბამის სამსახურებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ნებისმიერი სახის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, დაწერა სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას.

ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას, მის მეუღლესა და მისი მეუღლის ნათესავს წუხელ თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. თავდამსხმელების მოგერიებაში ჟურნალისტს დაეხმარნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მან მანქანის მოყინული გზიდან გამოსაყვანად გამოიძახა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. სანაია დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

„მახსენდება ანალოგიური ფაქტი, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩემს კოლეგაზე, ანრი ოხანაშვილსა და მის ოჯახზე მოხდა თავდასხმა... როგორც მაშინ დავგმეთ, ახლაც ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია! მინდა ვახოს და მისი ოჯახის მიმართ თანადგომა გამოვხატო და მივმართო შესაბამის სამსახურებს, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს ფაქტი, რომ დამნაშავეები დაისაჯონ!“ - დაწერა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მსგავს ინციდენტებზე მკაცრი რეაგირება ექნება.

„ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, განსაკუთრებით თუ ეს დაკავშირებულია პირის პროფესიულ საქმიანობასთან!.. ძალადობა დანაშაულია და ყველამ უნდა აგოს პასუხი!“ - წერს დეპუტატი.

სანაიაზე თავდასხმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემაც დაგმეს.

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ სანაიაზე თავდასხმა მოხდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის და ოპოზიციური მედიის მიმართ სიძულვილის ენის წახალისების შედეგად.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ სასტიკად ეწინააღმდეგება  მსგავს ფაქტებს. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინეთ მკაცრი რეაგირება, რათა ხელისუფლების უყურადღებობისა და წახალისებების შედეგად ქვეყანაში არ გახშირდეს სხვა მსგავსი დანაშაულებრივი ან ძალადობრივი აქტები!“ - დაწერა გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში.

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, ჟურნალისტს მხარდაჭერას უცხადებს და მიიჩნევს, რომ დამნაშავეებმა „ბოდიში უნდა მოხადონ“.

„ვახო სანაიას და მისი ოჯახის წევრების გადასაწყვეტი უნდა იყოს მოძალადეები ციხეში იჯდებიან თუ არა. სანამ ვახოსთან და მის ოჯახთან ისე არ მოიხდიან ბოდიშს, რომ მათ მიტევების სურვილი გაუჩნდეთ, ციხეში უნდა ეყარონ. ვახოს და მის ოჯახს უნდა ჰქონდეთ უფლება ამ საქმისთვის, მათთვის სანდო პროკურორი შეარჩიონ და არც ერთ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს დაზარალებულების გარეშე, მოძალადესთან რამეზე გარიგების უფლება, მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიტევება უნდა იყოს გათავისუფლების საფუძველი“, - დაწერა ხვიჩიამ სოციალურ ქსელში.

შსს-მ სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „ორი და მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობას“ გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელია - 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

50