თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე: რას უჩივიან პაციენტები კორონავირუსის დამარცხების შემდეგ

3243
ინფექციურ საავადმყოფოში პოსტკოვიდური სიმპტომების მქონე პაციენტების მიმართვიანობა მაღალია. ამიტომ ასეთი პაციენტებისთვის სპეციალური პროგრამის ამოქმედება იგეგმება.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანებს მთელი რიგი სიმპტომები აღენიშნებათ, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში.

„ყველაზე ხშირი პოსტკოვიდური სინდრომი არის საერთო სისუსტე, დაღლილობა. სიმპტომების მეორე ჯგუფია სუნთქვის გაძნელება, გახშირება, მოკლედ – სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები. მესამე – ნევროლოგიური პრობლემები, როგორიც არის მეხსიერების დაქვეითება, დეპრესია, შფოთი, უძილობა, თავის ტკივილი და ა.შ. მეოთხე არის გულსისხლძარღვთა სისტემის მხრიდან ჩივილები. მაგალითად, უსიამოვნო შეგრძნება გულ-მკერდის არეში, რიტმის დარღვევა, ექსტრასისტოლები და ასე შემდეგ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში პოსტკოვიდური სიმპტომების მქონე პაციენტების მიმართვიანობა მაღალია.

„ვემზადებით ძალიან სერიოზული კვლევის ჩასატარებლად, რომელიც დაიწყება დაახლოებით მარტიდან. მეორე – ვემზადებით უკვე ამ პაციენტების სისტემური მომსახურებისთვის, რამეთუ კვლევაში მოხვდება სულ დაახლოებით 400 ადამიანი. კვლევის მიზანია, შევისწავლოთ და დავდოთ პოსტკოვიდური სინდრომის თავისებურებანი, რათა შემდეგ ეს ქვეყნის ჯანდაცვამ პრაქტიკაში გამოიყენოს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, მეორე მიმართულება არის ასეთი პაციენტების მომსახურების სერვისების მიწოდების სისტემის შექმნა. კერძოდ, პროგრამა პოსტკოვიდური ავადმყოფებისათვის, რომლითაც ყველა პაციენტი ისარგებლებს.

„თუ კვლევაში ჩართული იქნება 400 პაციენტი, პოსტკოვიდური სინდრომის პროგრამით სარგებლობა შეეძლება ყველა პაციენტს, ესეც დაახლოებით მარტში ამოქმედდება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

პოსტკოვიდური სინდრომი მსოფლიო მედიკოსთა ახალი გამოწვევაა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ პოსტკოვიდური სინდრომი უმეტესად იმ პაციენტებს ემართებათ, ვინც ვირუსი მძიმე ფორმებში გადაიტანა. ხშირად მათი ხელახალი ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 266.462-ს მიაღწია, რომელთაგანაც გამოჯანმრთელდა  259.228 ადამიანი.

 

3243
ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს სასამართლო დავას COVAX-პლატფორმასთან

18
ამ ეტაპზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება COVAX-პლატფორმისგან უარყოფას იმ ბრალდებების, რომლებიც სამინისტროს მისამართით გაჟღერდა, განაცხადა მინისტრმა

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველომ შესაძლოა უჩივლოს COVAX-პლატფორმას ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს ქვეყანა არ არის მზად Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად ტექნიკური მიზეზების გამო, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მანამდე ერთ-ერთმა ქართულმა საინფორმაციო საშუალებამ პლატფორმაზე დაყრდნობით გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თებერვალში ვაქცინა მიიღეს მხოლოდ იმ ქვეყნებმა, რომელთა ეროვნულმა რეგულატორებმა პრეპარატს ავტორიზება მისცეს და ვაქცინის მწარმოებლებთან გააფორმეს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი.

„გამომდინარე იქიდან, რომ აქ საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ. ვინაიდან, ეს ყველაფერი, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ოპოზიციური ოპონენტების მხრიდან გამოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში მოხდეს პოლიტიკური დიდი დაძაბულობა და პოლარიზაცია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მიმართა პლატფორმას და მოსთხოვა პასუხი, თუ რატომ გაკეთდა ასეთი კომენტარი.

„ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ COVAX-პლატფორმასთან 18 სექტემბრის მერე, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან და აღნიშვნა არ ყოფილა, რომ ჩვენ რაიმე შეცდომა დავუშვით. COVAX-პლატფორმა ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში, კერძოდ ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ COVAX-პლატფორმას უჩივლა“, - განაცხადა მინისტრმა.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანის შეფერხება უკავშირდება იმას, რომ ქვეყანა არ არის მზად მის შემოსატანად.

COVAX–პლატფორმის მეშვეობით ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო და ქვეყანას მედპერსონალის ვაქცინაცია უნდა დაეწყო. მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა მარტისთვის გადაიდო. ქვეყანაში უკვე შემოტანილია 50 ათასი სპეციალური შპრიცი, რომელიც აცრისთვის არის საჭირო. მობილიზებულია სპეციალური მაცივრები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინის შესანახად არის საჭირო. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება.

18
საკლასო ოთახი

გორის საჯარო სკოლებში კორონავირუსი დაფიქსირდა

88
(განახლებულია 22:04 01.03.2021)
გორის მე-2 და მე-10 საჯარო სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების შედეგად გამოვლინდა.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. გორის მე-10 საჯარო სკოლა კორონავირუსის გამო დღეიდან 15 მარტამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ გორის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში.

მე-10 საჯარო სკოლაში ახალი კორონავირუსი სკოლის პედადაგოგსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს გამოუვლინდა.

კიდევ ერთი სასწავლო დაწესებულება, რომელიც სწავლების დისტანციურ ფორმატზე ანალოგიური მიზეზით ხვალიდან უნდა გადავიდეს, გორის მე-2 საჯარო სკოლაა.

აქ კორონავირუსი პედაგოგს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელსა და ერთ მოსწავლეს გამოუვლინდათ. სკოლამ უკვე მიმართა დისტანციურად სწავლებაზე გადასვლის თაობაზე გორის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს და, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკლასო ოთახებში სწავლა აქაც 15 მარტიდან განახლდება. 

ორივე სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების შედეგად გამოვლინდა.

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 8 მარტიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. 

როგორც რესურს-ცენტრში განმარტეს, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში ადმინისტრაციის თანამშრომლებს არდადეგების პერიოდში დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.

საქართველოში მოსწავლეების დიდი ნაწილი საკლასო ოთახებს დაუბრუნდა, 12%-მა (35 732) კი სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება გადაწყვიტა. აღნიშნული რიცხვი სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში იცვლება. როდესაც ონლაინ–სწავლებაზე კონკრეტული კლასი ან სკოლა გადადის, იმ მომენტში წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირაში კორონავირუსი მოსწავლეების 0,03%-ს და მასწავლებლების 0,1%-ს გამოუვლინდა.

ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის შედეგად დისტანციურ სწავლებაზე 11 სკოლა და 109 კლასი გადავიდა.

პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის პერსონალის სავალდებულო ტესტირება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე აქტიურად ხორციელდება რესურს-ცენტრების მხრიდან სკოლების მონიტორინგი.

მოსწავლეები საკლასო ოთახებს თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში 15 თებერვლიდან დაუბრუნდნენ. რაც შეეხება ბათუმს, ფოთს, ზუგდიდს, გორსა და თელავს, აღნიშნულ ქალაქებში მოსწავლეები სკოლებში 1 თებერვლიდან დადიან.

მშობლების გადაწყვეტილებით, მოსწავლეს სწავლის ონლაინ–რეჟიმში გაგრძელება შეუძლია. დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევნის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს, ხოლო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს – მთელი ქვეყნის მასშტაბით.

88
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები