თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგით „შეწყვიტეთ კოვიდ–ტერორი!“ – იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
თბილისი და საქართველოს სხვა ქალაქები კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ვადის გაგრძელების გამო საპროტესტო „ეპიდემიამ“ მოიცვა. ხელისუფლება ზოგიერთ შეზღუდვას ამსუბუქებს, მაგრამ მომიტინგეები ამას მხოლოდ ნომინალურად მიიჩნევენ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოველდღიურად ქვეყანაში დაახლოებით 800 ადამიანს აჯარიმებენ იმის გამო, რომ პირბადე არ უკეთიათ. ეს უკანონობაა, შესაბამისი მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი არაა, აღნიშნა აქციის მონაწილემ. მისი თქმით, ისინი ასევე აპროტესტებენ „კომენდანტის საათს", რომლის მოქმედება „კორონავირუსის გავრცელებას არანაირად არ უკავშირდება“.
ქვეყანაში 8 თებერვლიდან ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიხსნა ბაზრობები. 15 თებერვლიდან გაიხსნა კაფე–რესტორნების ღია სივრცეები, ხოლო მოსწავლეებმა სკოლის შენობაში განაახლეს სწავლა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კვლავინდებურად მოქმედებს შეზღუდვა გადაადგილებაზე 21:00-დან 05:00 საათამდე, სავალდებულოა პირბადის ტარება ყველგან, დახურულია კულტურის, გასართობი დაწესებულებები, ფიტნეს–ცენტრები და ა.შ.
კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს შორის ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გასართობი დაწესებულებეის გახსნასა და საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანის ბანერზე ეწერა „ანტი-კომენდანტი“.
აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, ტურისტული სფერს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის პარტია „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.
აქცია თავდაპირველად უშუალოდ საკრებულოს შენობასთან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა ბანერებიანად წრიულ კუნძულზე წმინდა გიორგის ქანდაკების ძირში გადაინაცვლეს. მიტინგის დროს სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა არ გადაკეტილა. საავტომობილო მოძრაობას ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.
თბილისი, 6 მარტი - Sputnik. თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე რამდენიმე ათეული ადამიანი ღამის საათებში გადაადგილებაზე აკრძალვას აპროტესტებს.
აქცია ორგანიზებულია სოციალურ ქსელებში, მასში რიგითი თბილისელები მონაწილეობენ.
აქციის მონაწილეთა უმრავლესობამ აქციაზე მიიტანა პლაკატები წარწერებით „კომენდანტის საათი=ავტორიტარიზმი“, „თავისუფლება საშვით არ გაიცემა“, „გააუქმეთ კომენდანტის საათი“, „თავისუფლება შერჩევითი არ არის“.
„ჩვენ გვიჩნდება უსამართლობის შეგრძნება, როდესაც ფანჯრებიდან ვხედავთ გამვლელ მანქანებს, ჩვენ კი სახლებში ყოფნა გვიწევს“, - განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები დგანან წმინდა გიორგის მონუმენტის ირგვლივ და მათ უჭირავთ ბანერი წარწერით „თავისუფალი მიმოსვლის უფლება შეუზღუდავია“.
21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა - ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომელიც პირბადეების ტარებასთან და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვასთან ერთად საქართველოში გაურკვეველი ვადით იმოქმედებს. ეპიდემიოლოგები ამ შეზღუდვას მოქალაქეთა მობილობის შემცირების სურვილით ხსნიან.