ოპერაცია

საქართველოში კარდიოვერტერ–დეფიბრილატორის ჩანერგვის პირველი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა

58
(განახლებულია 15:48 16.02.2021)
კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებისთვის უფასოდ გაცემის პროცესი მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოში წარმატებით დასრულდა გულის დაავადების მქონე პაციენტისთვის უსასყიდლოდ გადაცემული კარდიოდეფიბრილატორის ჩანერგვის პირველი ოპერაცია, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.

საქართველოში საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უპრეცედენტო კარდიოქირურგიული პროექტი დაიწყო, რომელიც საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სპეციალური აპარატების გაცემას გულისხმობს.

საუბარია იმპლანტირებად კარდიოვერტერ-დეფიბრილატორზე, რომელსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია. ეს მოწყობილობა იმპლანტირდება სხეულში და კარდიოვერსიის, დეფიბრილაციისა და გულის სტიმულირების შესრულების უნარი გააჩნია. მოწყობილობას სიცოცხლისთვის საშიში გულის არითმიების უმრავლესობის გამოსწორება შეუძლია.

გულის დაავადების მქონე პაციენტებს აპარატები უფასოდ გადაეცემა. პირველი პაციენტი, რომელსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კარდიოვერტერ–დეფიბრილატორი გადაეცა, სოციალურად დაუცველი პირი, 58 წლის ლალი ბუცხრიკიძეა, რომელმაც გულის არითმიის აპარატი უსასყიდლოდ მიიღო. 

კლინიკამ 25 ათას ლარად შეფასებული ოპერაცია ჩაატარა, კიდევ 10 ათასი ლარი პაციენტს თავად უნდა მოენახა, თუმცა სახელმწიფომ ეს თანხაც მთლიანად დაფარა. ახალი პროექტის ფარგლებში სამედიცინო მომსახურებისა და აპარატის ღირებულება ჯანდაცვის სამინისტრომ სრულად დააფინანსა, ანუ პაციენტს ოპერაცია სრულიან უფასოდ გაუკეთდა.

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებისთვის უფასოდ გაცემის პროცესი მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო და უკვე 27 განცხადება დაკმაყოფილდა.

აპარატების გადაცემის პროცედურა პაციენტის უშუალო ჩართულობას არ მოითხოვს: ექიმი შესაბამისი ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კონკრეტულ პაციენტზე ელექტრონულ განაცხადს გააკეთებს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტო დააკმაყოფილებს განაცხადს და აპარატს სამედიცინო დაწესებულებისთვის დანიშნულების ადგილზე უფასოდ მიიტანს.

მოქალაქეებს კლინიკებისთვის მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდა უწევთ, რომლის ოდენობა, სოციალური სტატუსის მიხედვით, 0-დან 20%-მდე განისაზღვრა.

აპარატების რაოდენობა საქართველოსთვის პაციენტების ბოლო წლების სტატისტიკით განისაზღვრა. ერთი წლის მარაგი უკვე საქართველოშია და აუცილებლობის შემთხვევაში ეს მარაგი ავტომატურად შეივსება.

58
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (254)
კომპანია GWP

მოსახლეობის საყურადღებოდ! თბილისის ხუთ რაიონს წყალმომარაგება შეუწყდება

59
(განახლებულია 19:27 26.02.2021)
წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. მარშალ გელოვანის გამზირზე მიმდინარე საგზაო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება შეუწყდება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება.

„სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 26 თებერვალს ღამის 22:00 საათიდან, 27 თებერვლის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

წყალმომარაგება შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:

ვაკის რაიონი – ჭავჭავაძის გამზირს, კეკელიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ტაბიძის, მცხეთის, შატბერაშვილის, აბაშიძის, არაყიშვილის, კავსაძის, რადიანის, ატენის, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებს.

საბურთალოს რაიონი – ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, პეკინის, კოსტავას, თამარაშვილის, ბახტრიონის, გელოვანის, დოლიძის, ტაშკენტის, იყალთოს, ალექსიძის, გაგარინის, შარტავას, კალანდაძის, ფანჯიკიძის (ყოფ. ბუდაპეშტის), მიცკევიჩის, საირმის, ლორთქიფანიძის, ზემო ვეძისის და მიმდებარე ქუჩებს.

მთწმინდის რაიონი – ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევს, მელიქიშვილის, ხორავას, ლარსის, ბელინსკის, რუსთაველის, ფურცელაძის, ჭონქაძის, თარხნიშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ოქროყანას დასახლებას.

კრწანისის რაიონი – პუშკინის, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, გორგასლის, ღვინის აღმართის და და მიმდებარე ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონი – მარჯანიშვილის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს.

დიდუბის რაიონი – ბელიაშვილის ქ. N40-ს, ლუბლიანას და ბალანჩინის ქუჩებს. ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს.

 

 

59
საგარეო საქმეთა სამინისტრო

ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმს 150-ზე მეტი ემიგრანტი დაესწრება

18
(განახლებულია 19:03 26.02.2021)
ფორუმის მიზანია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა.

 

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი 27 თებერვალს ონლაინ–ფორმატში გაიმართება, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის  საქართველოს ბიზნეს–გარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

„ფორუმზე ხაზი გაესმება ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ღონისძიებაზე განიხილება მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და თანადაფინანსების მექანიზმები, ხაზი გაესმება იმ წამყვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყების თუ ინვესტიციის განხორციელების სიმარტივეს განაპირობებს.

ამასთან, მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს და არსებულ სავაჭრო რეჟიმებს.  

ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გაეროს მიგრაციის სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). 

ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უცხოეთში მცხოვრები 150–ზე მეტი თანამემამულე დაესწრება.

18
თემები:
ქართული დიასპორა
პატრული

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

0
(განახლებულია 20:18 26.02.2021)
სავარაუდო დამნაშავემ, სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან საპასუხო სროლა მოყვა

 

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ზუგდიდში დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყაჩაღობის ფაქტი ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მომხდარი ფაქტიდან უმოკლეს დროში დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. 

რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით, საპასუხო სროლა მოჰყვა.

შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი - 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციამ უგონო მდგომარეობაში ნახა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უწყების ინფორმაციით, გამომძიებლების მიერ ამ ეტაპზე ტარდება პირველადი საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში