ბარის გახსნის გამო ჯაფარიძე შეიძლება გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს

© photo: Sputnikზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ბარის გახსნა ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი, რომლის მიზანიც კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ პროტესტია.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს. 

ზურაბ ჯაფარიძის ბარი „ჯაფარასთან“ - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
კაფე როგორც პროტესტი: ჯაფარიძეს შეზღუდვის დარღვევისათვის პასუხისგება ელოდება – ფოტო

საქმე ეხება დავით აღმაშენებლის გამზირზე ბარის „ჯაფარასთან“ გახსნას, რომლის დროებითი მფლობელიც ჯაფარიძეა.

პარტიის ლიდერმა ბარი „ჯაფარასთან“ 13 თებერვალს გახსნა და განაცხადა, რომ ბარის გახსნა არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და მიმართულია კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. შრომის ინსპექციის თანამშრომლებმა ჯაფარიძე უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს, ბარი კი დალუქეს.

თუმცა, პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს და კვირას ბარი ისევ გახსნა.

„ბარმა კვლავ განაგრძო მუშაობა და აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა, კერძოდ, ფუნქციონირებდა როგორც ღამის კლუბი და ბარი, სადაც მოქალაქეები 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ... გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ზემოთ აღნიშნულ ბარში ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 248-ე პრიმა მუხლით, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს და ითვალისწინებს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.

თავად ჯაფარიძე კვლავ აცხადებს, რომ ჯარიმის გადახდას არ გეგმავს. მისი თქმით, ამჟამად მას დეპუტატის მანდატი იცავს, რასაც იყენებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ბარების მუშაობა ამ ეტაპზე კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალულია. გარდა ამისა, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე „კომენდანტის საათი“ მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0