კლინიკა

კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა, სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება

73
(განახლებულია 19:43 15.02.2021)
ის დაწესებულებები, სადაც ამ ჯგუფის პაციენტების მეთვალყურეობა მოხდება, იქნება სპეციალიზებული ტიპის სამედიცინო დაწესებულებები.

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევის პროგრამა, სავარაუდოდ, მარტიდან ამოქმედდება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე. 

თებერვლის დასაწყისში ხელისუფლებამ პოსტკოვიდური კვლევის დაწყება დააანონსა, რომლის ფარგლებშიც შემთხვევითობის პრინციპით იმ 500 ადამიანის გამოკვლევა მოხდება, რომლებმაც ინფექცია დაამარცხეს.  

სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში ბევრია ისეთი პაციენტი, რომელთაც პოსტკოვიდური სინდრომი აქვთ. კერძოდ, სუნთქვის, თირკმლის და გულის უკმარისობა – ეს ის ძირითადი სიმპტომებია, რითიც კოვიდგადატანილი პაციენტები კლინიკებში ბრუნდებიან.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, 1 მარტიდან კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევის მიზნობრივი პროგრამა დაიწყება, რომელიც პაციენტების ორ ჯგუფს გააერთიანებს.

„პირველ ჯგუფში არიან პაციენტები, რომლებსაც ვირუსი მსუბუქ ფორმებში ჰქონდათ, მათ განსხვავებული მეთვალყურეობა სჭირდებათ, ხოლო მეორე ჯგუფში მოხვდებიან ის პაციენტები, რომელთაც ინფექციის მძიმე ფორმა აღენიშნებოდათ და მკურნალობის კურსს რეანიმაციულ განყოფილებებში გადიოდნენ“, – განაცხადა გაბუნიამ. 

გარდა ამისა, ყველა პირს, რომელმაც ვირუსი დაამარცხა, საშუალება ექნება მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტაროს გამოკვლევები.

კვლევის შედეგები გასაჯაროვდება, შემუშავდება რეკომენდაციები, გარდა ამისა, შეიქმნება სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც ჯანდაცვის სისტემა იხელმძღვანელებს, დასძინა მინისტრის მოადგილემ.

გაბუნიას განმარტებით, შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებული გამოკვლევების ნაწილი ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსდება, ან პაციენტის მხრიდან მინიმალური თანაგადახდით განხორციელდება.

„ოჯახის ექიმთან მისულ პაციენტს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი, ექნება წვდომა იმ გამოკვლევებზე, რომელსაც ოჯახის ექიმი ჩათვლის საჭიროდ“, – განაცხადა გაბუნიამ.

პოსტკოვიდური სინდრომი მსოფლიო მედიკოსთა ახალი გამოწვევაა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ პოსტკოვიდური სინდრომი უმეტესად იმ პაციენტებს ემართებათ, ვინც ვირუსი მძიმე ფორმებში გადაიტანა. ხშირად მათი ხელახალი ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 265.722 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 258.732 გამოჯანმრთელდა.

73
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (272)
საპატრულო პოლიცია

„ეს მიუღებელია“ - მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმო

32
(განახლებულია 22:25 25.02.2021)
დეპუტატები შესაბამის სამსახურებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ნებისმიერი სახის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, დაწერა სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას.

ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას, მის მეუღლესა და მისი მეუღლის ნათესავს წუხელ თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. თავდამსხმელების მოგერიებაში ჟურნალისტს დაეხმარნენ ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მან მანქანის მოყინული გზიდან გამოსაყვანად გამოიძახა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. სანაია დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

„მახსენდება ანალოგიური ფაქტი, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩემს კოლეგაზე, ანრი ოხანაშვილსა და მის ოჯახზე მოხდა თავდასხმა... როგორც მაშინ დავგმეთ, ახლაც ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია! მინდა ვახოს და მისი ოჯახის მიმართ თანადგომა გამოვხატო და მივმართო შესაბამის სამსახურებს, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს ფაქტი, რომ დამნაშავეები დაისაჯონ!“ - დაწერა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მსგავს ინციდენტებზე მკაცრი რეაგირება ექნება.

„ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, განსაკუთრებით თუ ეს დაკავშირებულია პირის პროფესიულ საქმიანობასთან!.. ძალადობა დანაშაულია და ყველამ უნდა აგოს პასუხი!“ - წერს დეპუტატი.

სანაიაზე თავდასხმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემაც დაგმეს.

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ სანაიაზე თავდასხმა მოხდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის და ოპოზიციური მედიის მიმართ სიძულვილის ენის წახალისების შედეგად.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ სასტიკად ეწინააღმდეგება  მსგავს ფაქტებს. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინეთ მკაცრი რეაგირება, რათა ხელისუფლების უყურადღებობისა და წახალისებების შედეგად ქვეყანაში არ გახშირდეს სხვა მსგავსი დანაშაულებრივი ან ძალადობრივი აქტები!“ - დაწერა გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში.

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, ჟურნალისტს მხარდაჭერას უცხადებს და მიიჩნევს, რომ დამნაშავეებმა „ბოდიში უნდა მოხადონ“.

„ვახო სანაიას და მისი ოჯახის წევრების გადასაწყვეტი უნდა იყოს მოძალადეები ციხეში იჯდებიან თუ არა. სანამ ვახოსთან და მის ოჯახთან ისე არ მოიხდიან ბოდიშს, რომ მათ მიტევების სურვილი გაუჩნდეთ, ციხეში უნდა ეყარონ. ვახოს და მის ოჯახს უნდა ჰქონდეთ უფლება ამ საქმისთვის, მათთვის სანდო პროკურორი შეარჩიონ და არც ერთ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს დაზარალებულების გარეშე, მოძალადესთან რამეზე გარიგების უფლება, მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიტევება უნდა იყოს გათავისუფლების საფუძველი“, - დაწერა ხვიჩიამ სოციალურ ქსელში.

შსს-მ სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „ორი და მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობას“ გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელია - 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

32
ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი სანაიას ცემის ფაქტზე: გარწმუნებთ, პასუხი იქნება ადეკვატური

85
(განახლებულია 21:53 25.02.2021)
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ დამნაშავეები პასუხს მთელი სიმკაცრით აგებენ.

ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავს წუხელ წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს.

„ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.

გამოძიების მიხედვით, ჟურნალისტზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამმა პირმა ფიზიკურად იძალადა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

85