მამაკაცი პირბადით

საქართველოში პირბადეების ტარების სავალდებულო რეჟიმი შესაძლოა გახანგრძლივდეს

2199
4 ნოემბრიდან საქართველოში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა არამარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეებში

თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. ღია და დახურულ საზოგადოებრივ სივრცეში პირბადეების სავალდებულო ტარების რეჟიმის ვადა პანდემიის პერიოდში შეიძლება გახანგრძლივდეს, შესაბამის ცვლილებებს პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე განიხილავენ.

4 ნოემბრიდან საქართველოში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა არამარტო დახურულ სივრცეში, არამედ ქუჩაშიც. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზეა მიღებული.

შესაბამისი ცვლილებები დეპუტატების დიმიტრი ხუნდაძის, ზაზა ლომინაძის, რამინა ბერაძის და ვლადიმერ კახაძის ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა.

პირბადის ტარების რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს. განმეორებითი დარღვევისთვის ჯარიმა იზრდება 50 ლარამდე.

მოქმედი ნორმებით, პირბადეების ტარება ქვეყანაში 2 მარტამდეა სავალდებულო.

2199
საკლასო ოთახი

გორის საჯარო სკოლებში კორონავირუსი დაფიქსირდა

85
(განახლებულია 22:04 01.03.2021)
გორის მე-2 და მე-10 საჯარო სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების შედეგად გამოვლინდა.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. გორის მე-10 საჯარო სკოლა კორონავირუსის გამო დღეიდან 15 მარტამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ გორის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში.

მე-10 საჯარო სკოლაში ახალი კორონავირუსი სკოლის პედადაგოგსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს გამოუვლინდა.

კიდევ ერთი სასწავლო დაწესებულება, რომელიც სწავლების დისტანციურ ფორმატზე ანალოგიური მიზეზით ხვალიდან უნდა გადავიდეს, გორის მე-2 საჯარო სკოლაა.

აქ კორონავირუსი პედაგოგს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელსა და ერთ მოსწავლეს გამოუვლინდათ. სკოლამ უკვე მიმართა დისტანციურად სწავლებაზე გადასვლის თაობაზე გორის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს და, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკლასო ოთახებში სწავლა აქაც 15 მარტიდან განახლდება. 

ორივე სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების შედეგად გამოვლინდა.

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 8 მარტიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. 

როგორც რესურს-ცენტრში განმარტეს, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში ადმინისტრაციის თანამშრომლებს არდადეგების პერიოდში დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ.

საქართველოში მოსწავლეების დიდი ნაწილი საკლასო ოთახებს დაუბრუნდა, 12%-მა (35 732) კი სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება გადაწყვიტა. აღნიშნული რიცხვი სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში იცვლება. როდესაც ონლაინ–სწავლებაზე კონკრეტული კლასი ან სკოლა გადადის, იმ მომენტში წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირაში კორონავირუსი მოსწავლეების 0,03%-ს და მასწავლებლების 0,1%-ს გამოუვლინდა.

ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის შედეგად დისტანციურ სწავლებაზე 11 სკოლა და 109 კლასი გადავიდა.

პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის პერსონალის სავალდებულო ტესტირება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე აქტიურად ხორციელდება რესურს-ცენტრების მხრიდან სკოლების მონიტორინგი.

მოსწავლეები საკლასო ოთახებს თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში 15 თებერვლიდან დაუბრუნდნენ. რაც შეეხება ბათუმს, ფოთს, ზუგდიდს, გორსა და თელავს, აღნიშნულ ქალაქებში მოსწავლეები სკოლებში 1 თებერვლიდან დადიან.

მშობლების გადაწყვეტილებით, მოსწავლეს სწავლის ონლაინ–რეჟიმში გაგრძელება შეუძლია. დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევნის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს, ხოლო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს – მთელი ქვეყნის მასშტაბით.

85
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ირაკლი კუტალაძე და ირინა შინკარევა

ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმრის ოჯახური ფოტოები– ნახეთ რა ლამაზი ცოლ-შვილი ჰყავს ბიზნესმენს

131
(განახლებულია 21:52 01.03.2021)
ნინი ბადურაშვილს ირაკლი კუტალაძისგან ქალიშვილი ელენე ჰყავს. წყვილი 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა.

ნინი ბადურაშვილის ყოფილ ქმარს ირაკლი კუტალაძეს მეუღლე და მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს. მეორე ცოლთან ერთად ის გასული წლის ზაფხულში საქართველოშიც იმყოფებოდა მეგობრის ქორწილში.


რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მან ყველასთვის მოულოდნელად მომღერალ ნინი ბადურაშვილზე იქორწინა. შემდეგ იყო სკანდალური განქორწინება და მას შემდეგ ირაკლი კუტალაძე ყურადღების ცენტრშია.

ნინი ბადურაშვილის ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ის 2012 წლის ოქტომბერში გათხოვდა ირაკლი კუტალაძეზე. ირაკლიმ და ნინიმ გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. თუმცა ხმები მათი დაშორების შესახებ ძალიან მალე გავრცელდა, რაც მალე ბადურაშვილის „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიში გამოჩენამაც გაამყარა.

ნინი ბადურაშვილი ქმარს 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა. ყველაფერს ფარდა მომღერლის მეუღლემ ირაკლი კუტალაძემ ახადა, როდესაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში სკანდალური განცხადებები გააკეთა. „ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები“, – ამბობდა ირაკლი.

მას შემდეგ, რაც ელენე გაიზარდა, როგორც ჩანს, წყვილს შორის ურთიერთობა დასტაბილურდა. ეს მომღერალმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუშიც აღნიშნა და განაცხადა, რომ მშობლების უთანხმოება შვილზე არ უნდა მოქმედებდეს, რომ მათი ურთიერთობა დასტაბილურდა, ირაკლი კარგი მამაა, ხშირად მიჰყავს ელენე მოსკოვში, ასევე დუბაიში, თავის ოჯახთან ერთად. მას თით­ქმის 3 წელია ახალი ოჯახი ჰყავს – მეუღლე, შვილი, და ელენეც ამ ახალ წელს მამასთან შეხვდა.

ირაკლი კუტალაძეს თით­ქმის 3 წელია ახალი ოჯახი ჰყავს – მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი. ელენეც ამ ახალ წელს მამასთან შეხვდა.

მეუღლე – ირინა შინკარევა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს გოგონების ერთობლივ ფოტოებს, როგორც ჩანს, ელენეს დედინაცვალთან კარგი ურთიერთობა აქვს.

131
თემები:
სელებრითების ცხოვრება
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია

„დიალოგი გაგრძელდება“: შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დასრულდა

0
(განახლებულია 23:24 01.03.2021)
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე შედგა ექვსპუნქტიანი ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელსაც შეხვედრის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დასრულდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

შეხვედრაზე, რომელსაც მიშელის გარდა ესწრებოდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, შედგა ექვსპუქნტიანი ჩარჩო-დოკუმენტი, რომელსაც შეხვედრის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს.

ამ ექვს პუნტქს შორისაა ისეთი საკითხები, ვადამდელი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატმრების გათავისუფლება, მართლმსაჯულების რეფორმა. შემდგომ შეხვედრებზე მხარეებს შორის მსჯელობა სწორედ ამ საკითხების ირგვლივ გაგრძელდება.

მიშელის თქმით, საქართველოს საკითხი რამდენიმე კვირაში განიხილება ევროპარლამენტში. მანამდე კი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა გაიმართოს შეხვედრა, რომელზეც, ღარიბაშვილის თქმით, ეროვნული კონსენსუსი უნდა შედგეს.

„ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, ისეთი ეროვნული, საერთო იდეა, რომელიც გაგვაერთიანებს, ჩვენს ხალხს, ერს გააერთიანებს, ესაა, რაც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად, საერთო ეროვნული კონსენსუსი, საერთო ეროვნული თანხმობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მხარეებმა შეაჯერეს პოზიციები. მისი თქმით, ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში გამართული კონსლუტაციების შემდეგ.

„ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, იმ განსხვავებებზე, რომელიც გვაქვს მამართველ პარტიას, ხელისუფლებას და ოპოზიციას. ბუნებრივია, გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, რომელზეც გვაქვს ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება, ასევე მოვისმინეთ თითოეული წარმომადგენლისგან მათ მიერ დასმული კითხვები და გავეცი პასუხი. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში შეიკრიბნენ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (აკაკი მინაშვილი, სალომე სამადაშვილი), „ევროპული საქართველოს“ (დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია), „ლელო საქართველოსთვის“ (მამუკა ხაზარაძე), „პატრიოტთა ალიანსის“ (ირმა ინაშვილი), რესპუბლიკური პარტიის (ხათუნა სამნიძე), ლეიბორისტული პარტიის (შალვა ნათელაშვილი), „მოქალაქეების“ (ალეკო ელისაშვილი), „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურაბ ჯაფარიძე).

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა და ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ განახლდება მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასთან. მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

დასავლელი შუამავლების ორგანიზებით მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდი უკვე ჩატარდა, მაგრამ უშედეგოდ.

0