ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო

სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

82
(განახლებულია 14:42 14.02.2021)
საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 357-ით გაიზარდა,  ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 265 557-ს მიაღწია.

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 49 კოვიდინფიცირებული პაციენტი, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 168 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

  • რუხის კლინიკაში იმყოფება 49 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 6,
  • „სენამედის“ კლინიკაში - 31 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3,
  • ფოთის კლინიკაში იმყოფება 35 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 4 პაციენტი,
  • ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში - 17 პაციენტი, მათ შორის 2 მძიმე,
  • აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში - 14 პაციენტი,
  • „სენაკი ლაზიკა მედი“ - 22.
  • პაციენტი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა - 49.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 62 ადამიანი იმყოფება.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 357-ით გაიზარდა,  ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 265 557-ს მიაღწია.

 

ნიკა ლატარია

82
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა

7
(განახლებულია 22:51 25.02.2021)
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართა, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი.

ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას, მის მეუღლესა და მისი მეუღლის ნათესავს წუხელ თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. თავდამსხმელების მოგერიებაში ჟურნალისტს დაეხმარნენ ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მან მანქანის მოყინული გზიდან გამოსაყვანად გამოიძახა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. სანაია დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

„კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა! ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს! მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა!“ - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

შსს-მ სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „ორი და მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობას“ გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელია - 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

 

7
საპატრულო პოლიცია

„ეს მიუღებელია“ - მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმო

45
(განახლებულია 22:25 25.02.2021)
დეპუტატები შესაბამის სამსახურებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ნებისმიერი სახის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, დაწერა სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას.

ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას, მის მეუღლესა და მისი მეუღლის ნათესავს წუხელ თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. თავდამსხმელების მოგერიებაში ჟურნალისტს დაეხმარნენ ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მან მანქანის მოყინული გზიდან გამოსაყვანად გამოიძახა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. სანაია დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

„მახსენდება ანალოგიური ფაქტი, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩემს კოლეგაზე, ანრი ოხანაშვილსა და მის ოჯახზე მოხდა თავდასხმა... როგორც მაშინ დავგმეთ, ახლაც ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია! მინდა ვახოს და მისი ოჯახის მიმართ თანადგომა გამოვხატო და მივმართო შესაბამის სამსახურებს, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს ფაქტი, რომ დამნაშავეები დაისაჯონ!“ - დაწერა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მსგავს ინციდენტებზე მკაცრი რეაგირება ექნება.

„ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, განსაკუთრებით თუ ეს დაკავშირებულია პირის პროფესიულ საქმიანობასთან!.. ძალადობა დანაშაულია და ყველამ უნდა აგოს პასუხი!“ - წერს დეპუტატი.

სანაიაზე თავდასხმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემაც დაგმეს.

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ სანაიაზე თავდასხმა მოხდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის და ოპოზიციური მედიის მიმართ სიძულვილის ენის წახალისების შედეგად.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ სასტიკად ეწინააღმდეგება  მსგავს ფაქტებს. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინეთ მკაცრი რეაგირება, რათა ხელისუფლების უყურადღებობისა და წახალისებების შედეგად ქვეყანაში არ გახშირდეს სხვა მსგავსი დანაშაულებრივი ან ძალადობრივი აქტები!“ - დაწერა გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში.

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, ჟურნალისტს მხარდაჭერას უცხადებს და მიიჩნევს, რომ დამნაშავეებმა „ბოდიში უნდა მოხადონ“.

„ვახო სანაიას და მისი ოჯახის წევრების გადასაწყვეტი უნდა იყოს მოძალადეები ციხეში იჯდებიან თუ არა. სანამ ვახოსთან და მის ოჯახთან ისე არ მოიხდიან ბოდიშს, რომ მათ მიტევების სურვილი გაუჩნდეთ, ციხეში უნდა ეყარონ. ვახოს და მის ოჯახს უნდა ჰქონდეთ უფლება ამ საქმისთვის, მათთვის სანდო პროკურორი შეარჩიონ და არც ერთ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს დაზარალებულების გარეშე, მოძალადესთან რამეზე გარიგების უფლება, მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიტევება უნდა იყოს გათავისუფლების საფუძველი“, - დაწერა ხვიჩიამ სოციალურ ქსელში.

შსს-მ სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „ორი და მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობას“ გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელია - 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

45