მზგავრები პირბადეებით

გაბუნია: ინფიცირების გარკვეული მატება მოსალოდნელია...

114
(განახლებულია 13:25 13.02.2021)
მიუხედავად ქვეყანაში კოვიდ-ინფექციის გავრცელების სტაბილიზაციისა, თამარ გაბუნია მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ყველა რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის გარკვეული მატება მოსალოდნელია, თუმცა თუ ეს მატება იქნება გარკვეულ გონივრულ საზღვრებში, სიტუაცია მართვადი იქნება და ამას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიის კონტროლი მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას შემთხვევების მატების მომენტი არ გამოეპაროს.

მისივე განცხადებით, გასულ თვეებში ჯანდაცვის სისტემამ დიდ დატვირთვას გაუძლო და ამ მომენტში საკმაოდ მაღალია მისი მომზადების ხარისხი.

გაბუნიას თქმით, რეკომენდაციების პირნათლად დაცვა აუცილებელი, რათა არ მოხდეს ინფიცირების ზრდა.

„მთავარი წესი არის მაინც ყველგან პირბადის გამოყენება და ამას შემდეგ მოყვება დისტანცია და ხელების ჰიგიენა. ეს არის სამი ოქროს წესი, რაც დღეს არის ყველაზე მთავარი. ამდენად ბიზნესიც, რესტორანი, რომელიც ღია სივრცეში გაიხსნება, მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ წესები იყოს დაცული. ეს ყველას ინტერესია - მათი ინტერესია, სახელმწიფოს ინტერესია“, - განაცხადა გაბუნიამ.

კოვიდ-ინფექციის გავრცელების მაჩვენებლის დასტაბილურების შემდეგ საქართველოს მთავრობამ 1 თებერვლიდან საქართველოში გასული წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. 15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება (ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევანის უფლებაც აქვთ). გარდა ამისა, კვების ობიექტები ღია სივრცეში შეძლებენ სტუმრების მიღებას – გარდა უქმე დღეებისა.

საქართველოში „საკარანტინო უქმეები“ დაიწყო >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 535-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 265.200-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

114
საპატრულო პოლიცია

„ეს მიუღებელია“ - მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმო

36
(განახლებულია 22:25 25.02.2021)
დეპუტატები შესაბამის სამსახურებს მოუწოდებენ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ნებისმიერი სახის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, დაწერა სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას.

ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას, მის მეუღლესა და მისი მეუღლის ნათესავს წუხელ თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. თავდამსხმელების მოგერიებაში ჟურნალისტს დაეხმარნენ ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მან მანქანის მოყინული გზიდან გამოსაყვანად გამოიძახა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. სანაია დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

„მახსენდება ანალოგიური ფაქტი, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩემს კოლეგაზე, ანრი ოხანაშვილსა და მის ოჯახზე მოხდა თავდასხმა... როგორც მაშინ დავგმეთ, ახლაც ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია! მინდა ვახოს და მისი ოჯახის მიმართ თანადგომა გამოვხატო და მივმართო შესაბამის სამსახურებს, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ეს ფაქტი, რომ დამნაშავეები დაისაჯონ!“ - დაწერა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მსგავს ინციდენტებზე მკაცრი რეაგირება ექნება.

„ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, განსაკუთრებით თუ ეს დაკავშირებულია პირის პროფესიულ საქმიანობასთან!.. ძალადობა დანაშაულია და ყველამ უნდა აგოს პასუხი!“ - წერს დეპუტატი.

სანაიაზე თავდასხმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემაც დაგმეს.

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ სანაიაზე თავდასხმა მოხდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის და ოპოზიციური მედიის მიმართ სიძულვილის ენის წახალისების შედეგად.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ სასტიკად ეწინააღმდეგება  მსგავს ფაქტებს. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინეთ მკაცრი რეაგირება, რათა ხელისუფლების უყურადღებობისა და წახალისებების შედეგად ქვეყანაში არ გახშირდეს სხვა მსგავსი დანაშაულებრივი ან ძალადობრივი აქტები!“ - დაწერა გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში.

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, ჟურნალისტს მხარდაჭერას უცხადებს და მიიჩნევს, რომ დამნაშავეებმა „ბოდიში უნდა მოხადონ“.

„ვახო სანაიას და მისი ოჯახის წევრების გადასაწყვეტი უნდა იყოს მოძალადეები ციხეში იჯდებიან თუ არა. სანამ ვახოსთან და მის ოჯახთან ისე არ მოიხდიან ბოდიშს, რომ მათ მიტევების სურვილი გაუჩნდეთ, ციხეში უნდა ეყარონ. ვახოს და მის ოჯახს უნდა ჰქონდეთ უფლება ამ საქმისთვის, მათთვის სანდო პროკურორი შეარჩიონ და არც ერთ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს დაზარალებულების გარეშე, მოძალადესთან რამეზე გარიგების უფლება, მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიტევება უნდა იყოს გათავისუფლების საფუძველი“, - დაწერა ხვიჩიამ სოციალურ ქსელში.

შსს-მ სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „ორი და მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობას“ გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელია - 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

36
ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი სანაიას ცემის ფაქტზე: გარწმუნებთ, პასუხი იქნება ადეკვატური

86
(განახლებულია 21:53 25.02.2021)
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ დამნაშავეები პასუხს მთელი სიმკაცრით აგებენ.

ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავს წუხელ წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს.

„ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.

გამოძიების მიხედვით, ჟურნალისტზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამმა პირმა ფიზიკურად იძალადა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

86