მოსწავლეები

სკოლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები განახლდა: რა შეიცვალა პროტოკოლში

1180
(განახლებულია 20:38 10.02.2021)
თბილისისა და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გასული წლის მარტიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა

საქართველოს მასშტაბით საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში კი იგი 1 თებერვლიდან უკვე აღდგა.

განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას მიეწოდა. სკოლები, თავის მხრივ, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას უზრუნველყოფენ. განახლებული რეკომენდაციები და წესები შემდეგია:

მოსწავლის ტრანსპორტირება: სასკოლო ტრანსპორტში ასვლამდე უნდა ჩატარდეს მოსწავლის თერმოსკრინინგი; 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ მშობელს და მოსწავლე დაბრუნდეს სახლში; სასკოლო ტრანსპორტით მგზავრობისას მოსწავლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება. 

სკოლაში შესვლამდე: თერმოსკრინინგის ჩასატარებლად მოსწავლეები იცავენ 1-მეტრიან დისტანციას; სკოლის შენობაში შემსვლელ ნებისმიერ პირს სკოლის წარმომადგენელი გაუზომავს ტემპერატურას; დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში პირი გაივლის დეზობარიერს, დაიმუშავებს ხელებს ანტიბაქტერიული ხსნარით და მხოლოდ ამის შემდეგ გადაადგილდება დანიშნულების ადგილამდე; თერმოსკრინინგისას 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში პირს გადაიყვანენ სპეციალურად განსაზღვრულ სივრცეში და 15 წუთის შემდეგ, განმეორებით სამედიცინო თერმომეტრით ტემპერატურას გადაამოწმებენ; 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ტექნიკური პერსონალი და გარეშე პირები სკოლაში არ დაიშვებიან; 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მოსწავლე სკოლის წარმომადგენელს გადაჰყავს წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში; სკოლა უკავშირდება მოსწავლის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც პასუხისმგებელია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანაზე; მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად.

მოსწავლის პირადი ჰიგიენა სკოლაში: სკოლის საერთო სივრცეებში V-XII კლასის მოსწავლეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ პირბადით; მოსწავლემ სკოლაში გადაადგილებისას უნდა დაიცვას 1-მეტრიანი დისტანცია; საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ მოსწავლემ ხელები უნდა დაიბანოს საპნით და გაიმშრალოს ქაღალდის ხელსახოცით; გაკვეთილზე ხელის დაბინძურების შემთხვევაში მოსწავლემ ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით, ხველების ან ცემინების შემთხვევაში კი გამოიყენოს ერთჯერადი ხელსახოცი. 

რეკომენდაცია მშობლებს: ცხელების ან რესპირაციული სიმპტომების შემთხვევაში ბავშვი უნდა დარჩეს სახლში; მშობელი ვალდებულია სკოლას აცნობოს შვილის გამოუცხადებლობის მიზეზი და უზრუნველყოს ოჯახის ექიმის გამოძახება ან მისი გადაყვანა ცხელების ცენტრში.

რეკომენდაცია მასწავლებლებს: სკოლის საერთო სივრცეებში მასწავლებელი უნდა გადაადგილდეს მხოლოდ პირბადით; სკოლის შენობაში შესვლისთანავე მასწავლებელმა უნდა გაიაროს დეზობარიერი; კლასიდან კლასში გადაადგილებისას მასწავლებელმა ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით; მშობელთან კომუნიკაცია მასწავლებელმა უნდა წარმართოს დისტანციური სერვისების გამოყენებით; მასწავლებელმა უნდა მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით; მასწავლებელმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს მოსწავლეებთან მათი ცნობიერების ასამაღლებლად.

გარდა ამისა, ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით. 

კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილების ხანგრძლივობა, საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით, მოქნილად დაგეგმოს ცვლები, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი, შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება. 

უწყების ცნობით, სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მიზნით ტარდება სკოლების მონიტორინგი. 800-მდე სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები. გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით უკვე მიმდინარეობს სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ – ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.

სამინისტროს ინიციატივით სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება დაევალათ, რომლის ფარგლებშიც მათ ექნებათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა COVID-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.

საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს ეძლევა საშუალება – გააკეთონ არჩევანი დისტანციურ და დასწრებით სწავლებას შორის. აღნიშნული სერვისის მისაღებად მშობელი ვალდებულია მოსწავლე დაარეგისტრიროს ვებ-გვერდზე online.emis.ge.

 

1180
თემები:
განათლება საქართველოში (404)
ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში 15 აპრილის მონაცემები

27
(განახლებულია 10:54 15.04.2021)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 279.389 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 706), გარდაიცვალა – 3.908 (ბოლო 24 საათში – 7), კარანტინის რეჟიმშია 155, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.616 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 394 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.030-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 292.244-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 279.389 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 706), გარდაიცვალა – 3.908 (ბოლო 24 საათში – 7), კარანტინის რეჟიმშია 155, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.616 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 394 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 32.801 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20.919, PCR–ტესტით – 11.882.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,14%, ბოლო 14 დღის - 2,68%, ბოლო 7 დღის - 2,82%

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

27
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ეპიდემია საქართველოში

მთავარმა ეპიდემიოლოგმა კორონავირუსის გავრცელების სამი ცხელი წერტილი დაასახელა

22
(განახლებულია 09:20 15.04.2021)
ბოლო ინფორმაციით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 291 ათასს აჭარბებს, გამოჯანმრთელდა 278 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 3.901 პაციენტი.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის მესამე ტალღამ, პრაქტიკულად, მთლიანი საქართველო მოიცვა, თუმცა, ყველაზე ცხელ წერტილს თბილისი, სამეგრელო–ზემო სვანეთი და აჭარა წარმოადგენს, განაცხადა დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

გამყრელიძის თქმით, ზრდის დინამიკა ყველგან შეიმჩნევა, თუმცა, დამატებითი შეზღუდვების შემოღების საკითხი ჯერ არ განიხილება.

 „ჩვენ ყველა ვცდილობთ, რომ ქვეყანაში მძიმე ლოკდაუნის შემოღება თავიდან ავირიდოთ. ეს ძალზე რთული გამოცდა იქნება როგორც ადამიანებისთვის, ისე ეკონომიკისთვის. ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ეს და დავიცვათ რეკომენდაციები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების გამოვლენილი 18–ვე კლასტერი დიდ თავყრილობებთან არის დაკავშირებული.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა თუ რა სარგებლობა მოაქვს კორონავირუსთან ბრძოლაში „კომენდანტის საათს“, რომელიც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს. მისი თქმით, გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა მობილობას ამცირებს, რაც ეპიდსიტუაციაზე აისახება.

როგორც მთავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, თუ რესტორნები უქმეებზე იმუშავებენ და „კომენდანტის საათი“ გაუქმდება, ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველომ Pfizer–ის ვაქცინის მილიონი დოზა ოფიციალურად უკვე შეუკვეთა, თუმცა, როდის მიიღებს ქვეყანა აღნიშნულ პრეპარატს, ჯერჯერობით, უცნობია. მისი თქმით, ივნისში საქართველო Pfizer–ის ლიმიტირებულ დოზას მიიღებს.

საქართველოში პრეპარატ  AstraZeneca–თი ვაქცინაცია 15 მარტიდან, Pfizer–ით კი 30 მარტიდან დაიწყო.

22
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
საპროტესტო აქცია

პროტესტი და შეთავაზება - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული სკანდალი გრძელდება

0
(განახლებულია 10:59 15.04.2021)
ეკლესიამ მოსახლეობის დასამშვიდებლად სახელმწიფოსა და მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შორის დიალოგის პროცესში ჩარევა გადაწყვიტა 

 

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. „ნამახვანჰესის“  მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი ღამის საათებშიც არ წყდება, რის გამოც საქართველოს საპატრიარქომ დაპირისპირების მოგვარების მიზნით მხარეებს შუამავლობა შესთავაზა. 

 „ნამახვანჰესის“  კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური  – 333 მგვტ სიმძლავრის  „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის  „ზემო ნამახვანი“.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანიის გამოჩენა და, რაც მთავარია, მისთვის მიწის 99 წლის ვადით გადაცემა.

ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ ჰესის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწისთვის ნორვეგიულმა კომპანია Clean Energy Group-მა, რომელმაც მშენებლობა თურქულ კომპანია ENKA-ს დაავალა, ადგილობრივ მცხოვრებლებს  34 მილიონი ლარი გადაუხადა. სამშენებლო ტერიტორიასთან  ახლოს მცხოვრები 270 ოჯახიდან კომპენსაციის აღებაზე უარი არცერთს არ უთქვამს.

მშენებლობის მოწინააღმდეგეთა რთული ღამე

პროტესტმა უკვე იმერეთის რეგიონის ცენტრს მიაღწია და არ არის გამორიცხული, მთელ საქართველოს მოედოს. ამჟამად აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე ქუთაისის ცენტრშია შეკრებილი და უკმაყოფილებას იქ გამოხატავს. 

 „ჩვენ მთელი ღამე აქ გავათიეთ და მომდევნო დღეებშიც ასე გავაგრძელებთ. თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიწვევთ ბლოკირებას... თუ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ქვეყნის ყველა რეგიონის პიკეტირებას მოვახდენთ“, – განაცხადა  საპროტესტო აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ითხოვენ ჰესის მშენებლობაზე უარის თქმას და ხეობის ტერიტორიიდან ინვესტორების გაყვანას, მოსახლეობისთვის კი მიწების დაბრუნებას.

ხელისუფლების პოზიცია

საქართველოს მთავრობა ჰესის მშენებლობაზე უარის თქმას არ აპირებს, პირველ რიგში, ენერგოუსაფრთხოების მოსაზრებით შიდა ბაზარზე ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების ფონზე. იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის 34% იმპორტირებული იყო.

„ძალიან სერიოზულ დათმობებზე წამოვიყვანეთ თავად ინვესტორი კომპანია, რომელმაც, პრაქტიკულად, გადადო მთელი ერთი წლით კაშხლის მშენებლობა, რადგან კაშხალი იწვევდა მოსახლეობაში ყველაზე მეტ წუხილს. ახლა მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ გზის და მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ამ კვირაში შეხვედრა იგეგმება ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ექსპერტთან, გეოლოგებთან, მეცნიერებთან, ასევე აქტივისტებთან, რათა პასუხი გაეცეს ყველა მათ კითხვას.

ეკლესიის ჩარევა

ეკლესიამ მოსახლეობის დასამშვიდებლად სახელმწიფოსა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შორის დიალოგის პროცესში ჩარევა გადაწყვიტა. 

„ნამახვანჰესის“ საკითხზე ვიქნებით მედიატორი, ვმუშაობთ ორივე მხარესთან, რომ არ მოხდეს რადიკალიზაცია და დარჩეს სივრცე დიალოგისთვის“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს მიერ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გავრცელებული განაცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, არის გარკვეული კითხვები კონტრაქტის პირობებთან, მის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რომლებზეც საზოგადოებამ სრული ინფორმაცია უნდა მიიღოს.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ დასძინა, რომ საპატრიარქო ჰესის მშენებლობის საკითხში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. მისი ამოცანაა, არ დაუშვას პროცესების რადიკალიზაცია.

რა არის  „ნამახვანჰესი“

„ნამახვანჰესი“ კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. თითო კაშხლის ფართობი საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობია 11,6 კვ.კმ–ია,  „ენგურჰესის“ - 13,6 კვ.კმ,  შაორის წყალსაცავის კი 9,1 კვ.კმ.  

აღსანიშნავია, რომ კაშხლების დახმარებით დარეგულირდება წყლის დონე მდინარეში, რათა ხეობაში წყალდიდობა თავიდან იქნას აცილებული.

პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოება 15%-ით გაიზრდება. კასკადის მშენებლობაში  830 მილიონი დოლარის დაბანდება იგეგმება.

 

0