15 წლის შემდეგ პირველად: თელავში მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ

© photo: Sputnikთელავი
თელავი - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
საწყის ეტაპზე ავტობუსები მხოლოდ ქალაქ თელავის ქუჩებში გამოჩნდება, მოგვიანებით კი ავტობუსები მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასაც მოემსახურება.

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტში დღეიდან მოსახლეობას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები მოემსახურება, იუწყება „პირველი არხი“. 

ახალი ავტობუსები რუსთავისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
ხვალიდან რუსთაველებს ახალი ავტობუსები უფასოდ მოემსახურება

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა განაცხადა, 8,5-მეტრიანი, EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსები თელავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადასცა.

„პირველ ეტაპზე ქალაქის მასშტაბით მოსახლეობას ხუთი ავტობუსი უფასოდ მოემსახურება. შემდეგ კი მგზავრობის ტარიფს მუნიციპალიტეტის საკრებულო დაადგენს. მომავალ წელს მუნიციპალიტეტს კიდევ 20 ავტობუსი დაემატება. ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ ქალაქს ეყოლებოდა მუნიციპალური ტრანსპორტი და დღეს ამ დაპირების შესრულების დღეა“, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი თითქმის 15-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა. ახალი ავტობუსების პირველი მგზავრები კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი, თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე იყვნენ.

ახალი ავტობუსები გათვლილია 50 მგზავრზე და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, თელავში ავტობუსები პირველ ეტაპზე 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოძრავებენ. ავტობუსებში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები. კერძოდ, მძღოლი და მგზავრები ვალდებული არიან ატარონ პირბადე, აიკრძალება მგზავრის ფეხზე დგომა. ასევე ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტობუსებს ჩაუტარდება დეზინფექცია.

ქვეყნის მუნიციპალიტეტებისთვის ავტობუსების შეძენა საქალაქო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ამ პროგრამით საქართველოს დიდმა ქალაქებმა ახალი ავტობუსები მიიღეს და კიდევ მიიღებენ. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, კონტრაქტის ჯამური ღირებულება 18,7 მლნ ევროა.

ყველა ახალი ამბავი
0