სკოლის მოსწავლე ნიღბით

მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

435
თბილისისა და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გასული წლის მარტიდან დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. არსებული რეგულაციის ფარგლებში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არაა, თუმცა ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა რეგულაციის შეცვლასთან დაკავშირებით, განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. მთავრობაში განმარტავენ, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ვადაზე ადრე შემსუბუქება ქვეყანაში კოვიდ-ინფექციის გავრცელების კლებამ გამოიწვია.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით არსებობს ბრძანებით დამტკიცებული რეგულაცია, რომელიც, შესაძლოა, გადაიხედოს.

„სავარაუდოდ, ამასთან დაკავშირებით მომდევნო კვირაში ვიმსჯელებთ და ინფორმაციას მივაწვდით სკოლას, მშობლებსა და საზოგადოებას“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს:

  • გაკვეთილის ხანგრძლივობა;
  • საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით;
  • მოქნილად დაგეგმოს ცვლები;
  • მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი;
  • შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება.

სკოლა ვალდებულია, დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უზრუნველყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ ან ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში.

გარდა ამისა, სამინისტრო სკოლებს დამატებით შესაძლებლობებსაც სთავაზობს. კერძოდ, მშობლებს კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა, გააკეთოს არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს.

თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.

რაც შეხება რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, დგებუაძის განცხადებით, მათთან დაკავშირებით სამინისტრომ ორი მიმართულებით იმუშავა.

„თუ ფაქტებით დადასტურდა, რომ მასწავლებელი რისკჯგუფშია, სკოლამ საგანი სხვა მასწავლებლით უნდა ჩაანაცვლოს. ამასთან, მნიშვნელოვანია, მასწავლებლის უფლებაც არ დაირღვეს და ამ შემთხვევაში შესაძლებელია, კონკრეტული საგნის სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დგებუაძის ინფორმაციით, სამინისტროს შესაბამისი სამმართველოს, ასევე მუნიციპალურ დონეზე არსებული საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები შემთხვევითობის პრინციპით სკოლებში მივლენ და იქ არსებულ ვითარებას გააკონტროლებენ.

1 თებერვლიდან აჭარის, ზუგდიდის, გორის, ფოთისა და თელავის სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგა. რაც შეეხება თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებს, მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესის აღდგენა 1 მარტიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ახლა ეს ორი კვირით უფრო ადრე მოხდება.

435
კომპანია GWP

მოსახლეობის საყურადღებოდ! თბილისის ხუთ რაიონს წყალმომარაგება შეუწყდება

62
(განახლებულია 19:27 26.02.2021)
წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. მარშალ გელოვანის გამზირზე მიმდინარე საგზაო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება შეუწყდება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება.

„სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 26 თებერვალს ღამის 22:00 საათიდან, 27 თებერვლის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

წყალმომარაგება შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:

ვაკის რაიონი – ჭავჭავაძის გამზირს, კეკელიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ტაბიძის, მცხეთის, შატბერაშვილის, აბაშიძის, არაყიშვილის, კავსაძის, რადიანის, ატენის, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებს.

საბურთალოს რაიონი – ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, პეკინის, კოსტავას, თამარაშვილის, ბახტრიონის, გელოვანის, დოლიძის, ტაშკენტის, იყალთოს, ალექსიძის, გაგარინის, შარტავას, კალანდაძის, ფანჯიკიძის (ყოფ. ბუდაპეშტის), მიცკევიჩის, საირმის, ლორთქიფანიძის, ზემო ვეძისის და მიმდებარე ქუჩებს.

მთწმინდის რაიონი – ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევს, მელიქიშვილის, ხორავას, ლარსის, ბელინსკის, რუსთაველის, ფურცელაძის, ჭონქაძის, თარხნიშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ოქროყანას დასახლებას.

კრწანისის რაიონი – პუშკინის, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, გორგასლის, ღვინის აღმართის და და მიმდებარე ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონი – მარჯანიშვილის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს.

დიდუბის რაიონი – ბელიაშვილის ქ. N40-ს, ლუბლიანას და ბალანჩინის ქუჩებს. ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს.

 

 

62
საგარეო საქმეთა სამინისტრო

ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმს 150-ზე მეტი ემიგრანტი დაესწრება

18
(განახლებულია 19:03 26.02.2021)
ფორუმის მიზანია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა.

 

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი 27 თებერვალს ონლაინ–ფორმატში გაიმართება, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის  საქართველოს ბიზნეს–გარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

„ფორუმზე ხაზი გაესმება ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ღონისძიებაზე განიხილება მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და თანადაფინანსების მექანიზმები, ხაზი გაესმება იმ წამყვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყების თუ ინვესტიციის განხორციელების სიმარტივეს განაპირობებს.

ამასთან, მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს და არსებულ სავაჭრო რეჟიმებს.  

ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გაეროს მიგრაციის სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). 

ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უცხოეთში მცხოვრები 150–ზე მეტი თანამემამულე დაესწრება.

18
თემები:
ქართული დიასპორა
პატრული

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

0
(განახლებულია 20:18 26.02.2021)
სავარაუდო დამნაშავემ, სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან საპასუხო სროლა მოყვა

 

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ზუგდიდში დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყაჩაღობის ფაქტი ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მომხდარი ფაქტიდან უმოკლეს დროში დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. 

რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით, საპასუხო სროლა მოჰყვა.

შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი - 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციამ უგონო მდგომარეობაში ნახა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უწყების ინფორმაციით, გამომძიებლების მიერ ამ ეტაპზე ტარდება პირველადი საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში