ბექა ფერაძე: თვითნებურად გახსნის შემთხვევაში რესტორნები დაჯარიმდებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, რესტორნებსა და კაფე-ბარებს მუშაობა მხოლოდ გატანის სერვისით შეუძლიათ.

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. რესტორნების თვითნებურად გახსნის შემთხვევაში ობიექტები დაჯარიმდებიან, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. 

დაკეტილი რესტორნები - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
რესტორნები აკრძალვის მიუხედავად მუშაობის განახლებას აანონსებენ 

დაახლოებით 200-მა რესტორანმა, ქვეყანაში მოქმედი კოვიდ–შეზღუდვების პროტესტის ნიშნად, 6 თებერვალს ობიექტების თვითნებურად გახსნისა და მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

ფერაძის თქმით, ობიექტების მიმართ, რომლებიც მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს არ დაემორჩილებიან, შესაბამისი სანქციები ამოქმედდება. თუმცა, იმედი გამოთქვა, რომ კვირის ბოლომდე რესტორნებთან კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი გახდება.

„ჩვენ ბიზნესთან კომუნიკაციაში აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა სექტორული მიმართულებით. ვიმედოვნებ, კვირის განმავლობაში რესტორნების მეპატრონეებთან შეთანხმებას მივაღწევთ და მათი მხრიდან ასეთი რადიკალური ზომები არ განხორციელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ, ბუნებრივია, გამოყენებული იქნება სანქციები – ფიზიკური პირის მიმართ 2.000 ლარის, ხოლო იურიდიული პირის მიმართ 10.000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ამასთან, როგორც დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რესტორნების დიდი ნაწილი სრულად იზიარებს მოთხოვნებს და მთავრობის მიერ დაანონსებულ ეტაპობრივი გახსნის პროცესს მიჰყვება. 

დაკეტილი რესტორანი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
სარესტორნო ბიზნესის განცხადებებს დაუმორჩილებლობაზე მთავრობიდან უპასუხეს

„ვინც ობიექტების თვითნებურად გახსნას გეგმავს, ეს არის არა რესტორნების აბსოლუტური უმრავლესობა, არამედ გარკვეული ჯგუფი. ჩვენ ბევრ რესტორანთან გვაქვს კომუნიკაცია, რომლებიც აცხადებენ, რომ შექმნილი ეპიდვითარების ფონზე მათთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული არაა საქმიანობის განახლება“, – განაცხადა ფერაძემ.

ფერაძის თქმით, რეგულაციის დარღვევის განმეორებითი ფაქტი უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ასევე რესტორნის დალუქვასა და კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების აღსრულებას.

1 თებერვლიდან თბილისში მხოლოდ სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა. ყველა დანარჩენი კოვიდ-შეზღუდვა, მათ შორის, ტრანსპორტის, ბაზრების, რესტორნების, ფიტნეს–დარბაზებისა და გასართობი ცენტრების მუშაობის განახლებაზე აკრძალვა ძალაშია 1 მარტამდე. თუმცა, ხელისუფლების განმარტებით, გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ გაჩერდება ერთი კვირის განმავლობაში.

შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ რესტორნების საქმიანობის განახლების გადაწყვეტილება მხოლოდ აჭარის რეგიონთან დაკავშირებით მიიღო. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, რეგიონში 1 თებერვლიდან კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება დაშვებულია.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ბიზნესის ამ სექტორის სხვა რეგიონების წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია. ბოლო კვირის განმავლობაში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელსაც შეუერთდნენ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები, რესტორატორები, ფიტნეს–ცენტრების მეპატრონეები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები, რომელთა მთავარი მოთხოვნაა: „ჩვენ არ გვინდა შიმშილისგან სიკვდილი, მოგვეცით მუშაობის ნება“.

ყველა ახალი ამბავი
0