ქართული ავიაკომპანია Airzena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი

საქართველომ საჰაერო სივრცე გახსნა: რეისების მიმართულება და განრიგი

8604
(განახლებულია 22:44 01.02.2021)
ამ დროისათვის ორმხრივი საავიაციო კავშირი აღდგენილია გერმანიასთან, ნიდერლანდებთან, პოლონეთთან, საფრანგეთთან, ავსტრიასთან, კატართან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, სომხეთთან, თურქეთთან, უკრაინასთან, ყაზახეთთან და ბელარუსთან.

თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. თებერვალში საქართველო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ავიარეისებს 12 ქვეყანაში შეასრულებს, აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ 1 თებერვლიდან რეგულარული ავიამიმოსვლის ყველა მიმართულებით განახლების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო. მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.

ამ მომენტისთვის საქართველოდან ავიარეისები ორივე მიმართულებით სრულდება გერმანიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სომხეთში, თურქეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ბელარუსში.

თებერვალში თბილისსა და ამსტერდამს შორის ოთხი რეისი შესრულდება. ქართული კომპანია „საქართველოს ავიახაზები“ თბილისიდან ამსტერდამში ფრენებს 8 და 20 თებერვალს შეასრულებს, ამსტერდამიდან თბილისში კი 15 და 27 თებერვალს.

თბილისი-ბერლინის რეისები დაგეგმილია 10 და 19 თებერვალს.

კვირაში ორი რეისი, ოთხშაბათსა და კვირას, ერევანში შესრულდება. სააგენტოს ინფორმაციით, რეისები არ არის დანიშნული მხოლოდ 3 და 7 თებერვალს. ამის ნაცვლად, დამატებითი რეისი 5 თებერვალს შესრულდება.

თებერვალში დაგეგმილია ორი რეისი - თბილისი-ვარშავა და ვარშავა-თბილისი. 3 თებერვალს კი დამატებითი რეისი შესრულდება (ჩამოსვლა 04:10 სთ-ზე, გაფრენა - 05:25 სთ-ზე თბილისის დროით).

ვენაში ფრენები მხოლოდ 7 და 21 თებერვალს შესრულდება.

4 რეისია დაგეგმილი დუბაიში (ორშაბათსა და ხუთშაბათს) და ექვსი - დოჰაში (სამშაბათს, პარასკევსა და კვირას).

კიევიდან თბილისში და უკან მიმართულებით იფრენს ორი უკრაინული ავიაკომპანია. სულ თებერვალში ქვეყნებს შორის დაგეგმილია 8 რეისი, რომელთაგან 4-ს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ ორშაბათობით და შაბათობით, კიდევ ოთხს კი ხუთშაბათობით და კვირაობით ავიაკომპანია SKYUP შეასრულებენ.

ერთ თვეში აქტაუ-თბილისისა და თბილისი-აქტაუს მიმართულებით ორი რეისი (ხუთშაბათობით), შარჯაში ორი (შაბათობით), მიუნხენში ოთხი რეისი შესრულდება - ორშაბათობით და პარასკეობით. 8 თებერვლის რეისი გაუქმებულია.

6 რეისია დაგეგმილი მინსკში და უკანა მიმართულებით - ორშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს.

გარდა ამისა, ავიაკომპანია Air France შეასრულებს 4 რეისს თბილისიდან პარიზში და პარიზიდან თბილისში. პარიზში გაფრინდება ასევე „საქართველოს ავიახაზები“, მაგრამ მხოლოდ 2 და 16 თებერვალს.

ყველაზე მეტი რეისი სტამბოლშია დანიშნული. კვირაში ოთხჯერ ფრენებს შეასრულებს „თურქეთის ავიახაზები“, ავიაკომპანია Pegasus – 5-ჯერ კვირაში, შაბათის რეისები 13 თებერვალს დაიწყება.

თებერვალში თბილისსა და შარჯას შორის შაბათობით ორი რეისი შესრულდება.

ათენთან დანიშნულია მხოლოდ ჩარტერული რეისი 22 თებერვალს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ფრენების განრიგი შეიძლება განახლდეს ფრენის დროისა და თარიღის ცვლილების პარალელურად.

ვინ შეძლებს საქართველოში მოხვედრას

საქართველოს საჰაერო საზღვარს გადაკვეთენ უცხოელები, რომლებსაც COVID-19-ის ვაქცინაციის სრული კურსი აქვს გავლილი.

ქვეყანაში გარკვეული შეღავათიანი პირობებით შემოსვლას შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეები და რეზიდენტები. მათ უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი. საქართველოში ჩამოსვლიდან სამი დღის შემდეგ მათ განმეორებით მოუწევთ ტესტირების ჩატარება.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ავიაკომპანიებს მოუწოდა, არ დაუშვან თვითმფრინავში პირები, რომელთაც PCR-ტესტის პასუხები ან კოვიდ-პასპორტები არ ექნებათ.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მათ სამშობლოში დაბრუნებისას არჩევანის შესაძლებლობა ექნებათ – წარმოადგინონ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი და რვა დღით თვითიზოლაციაში დარჩნენ, ან გაიკეთონ კიდევ ერთი PCR-ტესტი საკუთარი ხარჯით ჩამოსვლიდან მესამე დღეს.

თუ მოქალაქეს თან არ ექნება PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი, მას რვადღიანი სავალდებულო იზოლაციის დაცვა მოუწევს.

8604
სამძებრო ოპერაცია რიონზე

კარვები აღებულია: რა ვითარებაა „ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე

11
(განახლებულია 00:55 12.04.2021)
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მიეცეთ უფლება გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე, ხოლო სამართალდამცველები მათ ალტერნატიულ ლოკაციად სოფელ გუმათს სთავაზობენ

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვების აღებამ შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა და აქციის ორგანიზატორებს კარვების სოფელ გუმათში ჩატანა შესთავაზეს, ამის შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კარვების აღება სოფელ ნამოხვანში მდინარე რიონის მოსალოდნელ ადიდებას უკავშირდება.

„მეტეოროლოგები გვიწინასწარმეტყველებენ ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას, მოსალოდნელია მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა, დავდექით აუცილებლობის წინაშე, რომ კარვები იქედან აგვეღო. ამის ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს კანონი პოლიციის შესახებ, 26-ე მუხლი. ამ დროისთვის კარვები არის მანქანებზე დალაგებული და შევთავაზეთ, რომ გუმათში ჩავიტანდით, სადაც ერთი კარავი უკვე დგას. მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ დადგან ეს კარვები და მშვიდობიან ვითარებაში გააგრძელონ პროტესტი“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

აქციის მონაწილეები თანახმა არიან, პროტესტი გადაიტანონ სხვა ადგილას, მაგრამ არა სოფელ გუმათში, როგორც ამას შსს სთავაზობს, არამედ სოფელ ნამოხვანთან. მათი მტკიცებით, იმ ადგილას, სადაც კარვები იყო გაშლილი, რიონის ადიდება არ ხდება, რადგან ამაღლებული ადგილია და მდინარის ადიდება უბრალო საბაბია კარვების ასაღებად. პოლიციას უკვე რამდენიმე დღეა გზა გადაკეტილი ჰქონდა და აქციის მონაწილეებს ნამოხვანში კარვებთან არ უშვებდა.

ამ დროისათვის აქციის მონაწილეები (დაახლოებით 400 ადამიანი) სოფელ გუმათთან „გუმათ ჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებულები და მათ ნამოხვანიდან ქუთაისის მიმართულებით გზა პროტესტის ნიშნად საკუთარი ავტომობილებით გადაკეტეს.

„მოვუწოდებ ყველას, რომ მოვიდნენ აქ... ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, ერთმანეთის მხარში დგომით ეს პრობლემა გადავჭრათ. მოვუწოდებთ მშვიდობიანად, ჩვენ არ მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ და გადავიდეთ ხელჩართულ ბრძოლაზე. უბრალოდ, გვჭირდება ადამიანების სიმრავლე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.

დღეს აქციაზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ასევე ესწრებოდ კარვების აღების პროცესს.

„დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

პარალელურად რიონში მიმდინარეობს აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნიკა ანთიძის ძებნა, რომელიც შაბათ საღამოს მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს მისი გადარჩენა, მაგრამ უშედეგოდ, ის დინებამ წაიღო. მის ძებნაში მყვინთავები არიან ჩართული.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარვების აღება მათ შორის ამ ინციდენტსაც უკავშირდება - თითქოს კარვები სამძებრო ოპერაციას ხელს უშლიდა.

სამოქალაქო აქტივისტების, ადგილობრივი მცხოვრებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების პროტესტი რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ 168-ე დღე გრძელდება. მთელი ეს პერიოდი აქციის მონაწილეები ღამეებს ნამოხვანში გაშლილ კარვებში ათენებდნენ. ამაღამ ისინი საკუთარ ავტომობილებში გუმათში გაათენებენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რათა ჰესის მშენებლობა შეწყდეს, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი მოშალოს. თავისი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებაზე გარემოზე და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. „რიონის ხეობის მცველებმა“ ქუთაისში უკვე ორი მრავალათასიანი მიტინგი გამართეს. ისინი ასევე მოითხოვენ, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

11
სპეცოპერაცია რიონზე

პოლიციამ „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა კარვების გატანა დაიწყო

107
შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი სოფელ ნამოხვანის მიმდებარედ მოსალოდნელია რიონის წყლის დონის განსაკუთრებული მატება

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეების რიონის მახლობლად გაშლილი კარვების გატანის გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით  საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ პოლიციის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ კარვები სამძებრო სამუშაოებს უშლის.

„დაგვირეკა სამხარეო პოლიციის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა და გვითხრა რომ კარვები უნდა ავიღოთ, რადგან თქვენი კარვები სამძებრო სამუშაოების წარმოების პროცესს ხელს უშლისო“, - განაცხადა გოლეთიანმა სოციალურ ქსელში.

გოლეთიანი აცხადებს, რომ კარვები გაშლილია აქციის ერთ-ერთი მონაწილის კუთვნილ მიწაზე, რაც კერძო საკუთრებას წარმოადგენს და ამიტომ შსს-ს კარვების დაშლის უფლება არ აქვს.

მისივე თქმით, კარვების ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს არ უშვებენ, პოლიციამ კარვების დაშლა უკვე დაიწყო.

„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო უწყვეტი აქცია რიონის ხეობაში 167-ე დღე გრძელდება. აქციის მონაწილეები დღე და ღამე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ღამეებს იქვე გაშლილ კარვებში ათენებენ.

შაბათს საღამოს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ანთიძემ თავისი ტელეფონი ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და წყალში შევიდა. იქვე მყოფმა ადამიანებმა მისი გადარჩენა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ის დინებამ წაიღო. მის სამძებრო ოპერაციაში მყვინთავები მონაწილეობენ.

107