მორიგი აქცია „ფრონტერას“ წინააღმდეგ – ყოფილი თანამშრომლები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ

© Sputnik / Shota Nozadze"ფრონტერას" ყოფილი თანამშრომლები
ფრონტერას ყოფილი თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიის მხრიდან იყო დაპირება, რომ პროდუქციის რეალიზებიდან შემოსული თანხით ჩვენს სახელფასო დავალიანებას გაისტუმრებდნენ, მაგრამ ისევ მოგვატყუეს, განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ამერიკული ნავთობკომპანია Frontera-ს ყოფილმა თანამშრომლებმა დედოფლისწყაროში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

აქციის მონაწილეები კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ, რომელიც დედოფლისწყაროში მდებარეობს, და არ ატარებენ ნავთობის გადამზიდ სატვირთო ავტომობილებს, რომელთაც ნავთობბაზის ტერიტორიიდან კომპანიის მიერ მოპოვებული ნავთობის გატანის საშუალება არ ეძლევათ. მათ ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ – სახელფასო დავალიანების დაფარვა და კომპანიის მიერ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა. 

საპროტესტო აქცია კომპანია Frontera-ს წინააღმდეგ
 - Sputnik საქართველო
ქართული მუშახელი ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ: თბილისში საპროტესტო აქცია ჩატარდა

კომპანიის მენეჯერის გიორგი ჯანიაშვილის განმარტებით, „ფრონტერას“ ხელმძღვანელობა მზად არის, ყოფილ თანამშრომლებს შეხვდეს და არსებული საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილოს. მაგრამ აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციის წარმომადგენლის არ სჯერათ.

ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, „ფრონტერამ“ მათთან შეთანხმება რამდენჯერმე დაარღვია და, მიუხედავად პროდუქტის რეალიზებისა, სახელფასო დავალიანება არ აანაზღაურა.

„ფრონტერას“ წინააღმდეგ სახელმწიფომ დავა საერთაშორისო არბიტრაჟში მოიგო. კომპანია „ფრონტერას“ 11-თვიანი დავალიანება აქვს 84 თანამშრომლის მიმართ, ჯამში მილიონამდე ლარი. კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით ყოფილმა თანამშრომლებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს გასულ წელს მიმართეს, თუმცა საკითხი ამ დრომდე არ განხილულა.

Frontera Resources Corporation – ამერიკული კომპანიაა, რომელიც გაზისა და ნავთობის საბადოების მოძიებითა და მოპოვებითაა დაკავებული. დაარსდა 1996 წელს. კომპანიის სტრატეგიაა პერსპექტივების ძიება ნახშირწყალბადების მოსაპოვებლად აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე, რომლებიც შავი ზღვის აუზს განეკუთვნებიან. ამჟამად კომპანია მუშაობს საქართველოსა და მოლდოვაში. 

ყველა ახალი ამბავი
0