მოგზაურობის მოყვარულთათვის: Flydubai საქართველოში ფრენებს აღადგენს

გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების მხრივ სიტუაციის გაუარესების გამო დაგეგმილი ავიარეისების გაუქმება ან გარკვეული დროით გადადება ბევრჯერ მოუწიათ როგორც ქართულ, ისე უცხოურ ავიაკომპანიებს.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ავიაკომპანია Flydubai 28 იანვრიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში. ავიარეისი დუბაი–თბილისი კვირაში ორჯერ შესრულდება.

საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით მიმდინარე წლის მარტის შუა რიცხვებში შეწყვიტა, როდესაც ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ გამოაცხადა. შეზღუდვები არ ეხებოდა მხოლოდ იმ სპეცრეისებს, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისახავდა მიზნად. ზაფხულის შუა პერიოდში რეგულარული ფრენების აღდგენა დაიწყო, თუმცა ეპიდვითარების გაუარესების გამო ისევ შეჩერდა. ბოლოს ავიამიმოსვლის აკრძალვის ვადა 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა. 

 Lufthansa–ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
როდის გაიხსნება საქართველოს საჰაერო სივრცე – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

გასული წლის მანძილზე ეპიდვითარების მკვეთრმა გაუარესებამ საქართველოს მთავრობა იძულებული გახადა საერთაშორისო რეგულარული ავიამიმოსვლის განახლების თარიღი რამდენჯერმე გადაედო. 

ცოტა ხნის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა, შესაძლოა, მიმდინარე წლის თებერვლიდან გააუქმოს.

როგორც ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, ავიაგადამზიდ კომპანიებს კვლავ აქვთ საქართველოში ფრენების განახლების სურვილი. აქტიურად გრძელდება რეგულარული საჰაერო ავიამიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენისთვის ტექნიკური კონსულტაციები და სამუშაოები. ამასთან, ავიაცია აქტიურად ემზადება ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის.

ზაფხულის შუა პერიოდში რეგულარული ფრენები განახლდა მიუნხენში, პარიზსა და რიგაში. ოქტომბრის დასაწყისში ლოუკოსტერმა Wizzair-მა ქუთაისიდან რიგაში რეგულარული ფრენები განაახლა. ნოემბრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგულარული ფრენების კიდევ 12 ქვეყანაში განახლების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0