კარტოგრაფების საქმე – რა ახალი მტკიცებულებები აქვს პროკურატურას

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომტკიცებულებები გაასაჯაროვა. გამოძიების ფარგლებში ფარული საგამოძიები მოქმედებები მიმდინარეობდა ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, მათ შორის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახშიც.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულების – ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადასცა, განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა.

პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
კარტოგრაფების საქმე:  ვის მოიაზრებს პროკურატურა „ზემდგომ პირებში“

პროკურორის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მოწმის სახით გამოიკითხა 100-მდე პირი. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ამოღებული იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის კარტოგრაფიული მასალები.

„აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 1937-1938 წლების ტოპოგრაფიული რუკის დედანი აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნ.ი.-ს (ნატალია ილიჩოვას) სამუშაო კაბინეტში. დასახელებული რუკა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ნაცვლად ნ.ი.-ს სამუშაო კაბინეტისა, კანონმდებლობის შესაბამისად, დაცული უნდა ყოფილიყო იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში“, – აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. საზღვრის ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის 1:200000-იანი მასშტაბის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად იყენებდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100000 და 1:50000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზს, რომლებიც სახელმწიფოთა შორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან.

პროკურორის ცნობით, გამოძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელდა ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტის აღჭურვა ფარული ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობით.

აღნიშნულის შედეგად გამოძიებამ მტკიცებულების სახით მოიპოვა ივერი მელაშვილისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ-ს შორის გამართული საუბარი, რომელიც რამდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავით-გარეჯის მიმდებარედ, საქართველოს ინტერესების საზიანოდ საზღვრის შეთანხმების საკითხს შეეხება. ფარული ვიდეოჩანაწერი მოპოვებულია სასამართლოს ნებართვის საფუძველზე ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში 2020 წლის 28 სექტემბერს, ამ უკანასკნელის დაკავებამდე.

გენერალური პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
კარტოგრაფების სკანდალური საქმე: პროკურატურაში საგარეო უწყების ჩინოვნიკი დაიბარეს

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულ ივერი მელაშვილისა და მ.მ-ს საუბარი შეეხება საქართველოს საზღვრის რამდენიმე შეთანხმებულ მონაკვეთს, კერძოდ მე-17 არხის, დავით გარეჯისა და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებს.

მისი თქმით, ფარულ ჩანაწერში ივერი მელაშვილი ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას დავით გარეჯის მიმდებარედ ქართულმა მხარემ უარყო საქართველოს თავდაპირველი პოზიცია, რაც საზღვრის უდაბნოს მთის ძირში გატარებას გულისხმობდა, რის შედეგადაც თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი ექცეოდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში. მან, მიღებული დავალების შესაბამისად, თავდაპირველი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მონაკვეთი შეათანხმა უდაბნოს მთის თხემზე.

„ბრალდებული საუბარში ასევე აცხადებს, რომ იგი წინააღმდეგი იყო დავით გარეჯის მიმდებარედ საზღვრის მოცემული მდგომარეობით შეთანხმებაზე, მას არ მიაჩნდა სწორედ აღნიშნული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ივერი მელაშვილი ხელს აწერს შეთანხმების ოქმს, რის შედეგადაც დასახელებული მონაკვეთი ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
კარტოგრაფების საქმე: ბრალდებულები სასამართლოს ელოდებიან

რაც შეეხება მე-17 სარწყავი არხის მონაკვეთს, ივერი მელაშვილი აღიარებს, რომ დასახელებული მონაკვეთიც, დავით გარეჯის მიმდებარედ არსებული მონაკვეთის მსგავსად, საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. ფარულ ჩანაწერში მჟღავნდება, რომ იგივე ეხება მეოთხე, ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთსაც, რომელიც ასევე ქართული მხარის თავდაპირველი პოზიციის საწინააღმდეგოდ შეთანხმდა.

„ამას ბრალდებული ტექნიკურ შესწორებად მოიხსენიებს, თუმცა საზოგადოებას შეუძლია თავად იხილოს, თუ რაოდენ დიდი განსხვავებაა საქართველოს თავდაპირველ პოზიციასა და საბოლოოდ შეთანხმებულ მონაკვეთს შორის“, – განაცხადა პროკურორმა.

როგორც მან აღნიშნა, ბრალდებულის საუბრით ასევე დასტურდება, რომ მათი, როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. კერძოდ, ივერი მელაშვილი საუბრობს, რომ ქართველი ექსპერტები მუშაობის პროცესში მეტწილად ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იზიარებდნენ აზერბაიჯანის პოზიციას. ქართული მხარისგან განსხვავებით, აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოსთვის ტერიტორია არ დაუთმია.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ი.მ.-სა და ნ.ი.-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 13 მონაკვეთზე დაკარგვის საფრთხე შეექმნა საქართველოს ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიებს, დაახლოებით 3500 ჰექტარს“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ  ვიდეო/აუდიომასალას ერთვის გრაფიკულად დამუშავებული კარტოგრაფიული მასალა, სადაც ნაჩვენებია საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავით-გარეჯის მიმდებარედ, საზღვრის ხაზის ის მონაკვეთები, რომლებიც მელაშვილმა და ილიჩოვამ  განზრახ, მიღებული დავალების შესაბამისად, შეათანხმეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ.

აქცია - Sputnik საქართველო
თბილისში გიორგი რურუასა და კარტოგრაფების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პროკურორის თქმით, საქართველოს გენერალური პროკურატურა განაგრძობს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რომელიც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე სხვა თანამდებობის პირთა ქმედებების კანონიერებას.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0