ვაქცინაცია

საქართველო იმედოვნებს, რომ კოვიდვაქცინის იმაზე მეტ დოზას მიიღებს, ვიდრე ელოდება ტიკარაძე

58
(განახლებულია 19:22 20.01.2021)
COVID-19-ის ვაქცინის რა რაოდენობა იქნება ქვეყნისთვის გამოყოფილი COVAX–პლატფორმის მიერ, ცნობილი იანვრის ბოლოს გახდება.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. COVAX–პლატფორმამ საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის იმაზე მეტი დოზა შეიძლება გამოუყოს, ვიდრე ეს ნავარაუდევია, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველომ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა>>

საქართველო COVAX–პლატფორმის მეშვეობით Pfizer-ისა AstraZeneca-ს ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. COVAX–პლატფორმით საქართველომ ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის – 700 ათასი ადამიანისთვის შეუკვეთა. ქვეყანამ უკვე გადაიხადა 4 მლნ დოლარი. ვაქცინის პირველი პარტია – დაახლოებით 20 ათასი დოზა საქართველოში დაახლოებით ერთ თვეში, თებერვლის ბოლოს გამოჩნდება. ქვეყანაში შემოიტანენ ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორი BioNTech-ის პრეპარატს BNT162b2.

„საბოლოო გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს მიიღება, როდესაც ჩვენ მივიღებთ წერილს, რომელსაც ველოდებით ჩვენ მიერ წარდგენილი დოკუმენტის შემდეგ. ამ დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი ის პირობები, რომლებსაც საქართველო აკმაყოფილებს და, აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია COVAX–პლატფორმამ საქართველოსთვის ბევრად უფრო მეტი ვაქცინის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა ტიკარაძემ „იმედის“ ეთერში.

მინისტრის ინფორმაციით, პლატფორმაზე დარეგისტრირებული 53 ქვეყნიდან ყველა ვერ აკმაყოფილებს Pfizer-ის ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის საჭირო და ქვეყნის შიგნით ლოგისტიკის აუცილებელ მოთხოვნებს.

COVAX–პლატფორმამ საქართველოსგან 18 იანვარს მიიღო დადასტურება, რომ ქვეყანა მზადაა მიიღოს კორონავირუსის ვაქცინა წლის პირველ კვარტალში.

როგორც უფრო ადრე ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მოსახლეობის ტესტირების დინამიკის შენარჩუნება, ვაქცინაცია და მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა მნიშვნელოვანი ერთობლივი ზომებია ქვეყანაში ეპიდემიური და ეკონომიკური ვითარების გასაუმჯობესებლად.

ეკონომიკის სრული გახსნისთვის აუცილებელია მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა. ამას შეიძლება 164 მლნ ლარი დასჭირდეს.

ვაქცინაციისთვის უკვე განისაზღვრა პრიორიტეტული ჯგუფები: ჯანდაცვის სექტორი, თავშესაფრებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები, 75 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა, 65-დან 74 წლამდე მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების მქონე 18–54 წლის პირები. შემდგომ იგეგმება მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ვაქცინაცია, მათ შორის იმ პირების, რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს.

გაბუნია: საქართველო მზადაა სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად>>

არ იგეგმება ბავშვების ვაქცინაცია. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება. მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 32 მლნ ადამიანზე მეტს უკვე ჩაუტარდა. საქართველოში ვაქცინაციის გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია.

58
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (310)
მუსიკოსები რესტორანში

როდის აღდგება რესტორნების შიდა სივრცეებში ცოცხალი მუსიკის შესრულება

20
საქართველოს ხელისუფლება ეტაპობრივად ამსუბუქებს შეზღუდვებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა

 თბილისი, 7 მარტი - Sputnik. 1 აპრილამდე საზოგადოებრივი კვების ობიექტების შიდა სივრცეებში ცოცხალი მუსიკის შესრულება კვლავ შეზღუდული იქნება. ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ორშაბათიდან, 8 მარტიდან კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება, რომლებიც გასული წლის ნოემბერში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო დაწესდა. კერძოდ, ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით რესტორნები მუშაობას შიდა სივრცეებში განაახლებენ (შაბათ-კვირის გარდა).

გარდა ცოცხალი მუსიკის შესრულების შეზღუდვისა, კვლავ აკრძალული იქნება სოციალური ღონისძიებების გამართვაც.

ხვალიდან აგრეთვე სამთო კურორტებზე გაიხსნება საბაგიროები, სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც განაახლებენ მუშაობას.

საქართველოში 1 მარტს გაიხსნა მუზეუმები და ბიბლიოთეკები, ბათუმის რესტორნებში მუშაობა შიდა სივრცეებში განახლდა (გარდა შაბათ-კვირისა), ნებადართულია კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება, ფუნქციონირება დაიწყეს საბავშვო ბაღებმა, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში ნებადართულია კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება.

ქვეყანაში 25 თებერვლიდან აღდგა სასტუმროების მუშაობა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვები, რომლებიც 25 თებერვლიდან  შემსუბუქდება - სრული ჩამონათვალი >>

ამას გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა უქმე დღეებშიც.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოიხსნება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა. ის ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომელიც პირბადეების ტარებასთან და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვასთან ერთად საქართველოში გაურკვეველი ვადით იმოქმედებს. ეპიდემიოლოგები ამ შეზღუდვას მოქალაქეთა მობილობის შემცირების სურვილით ხსნიან.

20
აქცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

„...ჩვენი გოგოების გამო“: ორშაბათს „1000 მშობლის მარში“ გაიმართება

95
რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ სქესობრივ დანაშაულთან  მიმართულებით გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. ორშაბათს, 8 მარტს საქართველოს დიდ ქალაქებში კამპანია „1000 მშობლის მარში" გაიმართება, რომელიც არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის გახშირებული შემთხვევების გამო დაიგეგმა.

კამპანია ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება, რომელმაც თავი მიმდინარე წლის თებერვალში მას შემდეგ მოიკლა, რაც მასზე 23 წლის კაცმა სექსუალურად იძალადა.

„1000 მშობლის მარში“ საქართველოს დიდ ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თელავი, მარნეული, ქობულეთი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, ლანჩხუთი, ხარაგაული) 17:00 საათზე დაიწყება. ეს აქცია ნაწილია 100-დღიანი კამპანიისა, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგონებისა და ქალების მიმართ. 

თბილისში აქციის მომაწილეები შეიკრიბებიან ვარდების მოედანზე, საიდანაც მსვლელობით გაიმართებიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ, სადაც მიტინგს გამართავენ.

„გამო, გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო, გამო!" - ამ ლოზუნგით სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ რვა მარტიდან ქუჩაში ის ადამიანები გამოვლენ, ვინც სისტემური რეფორმების გატარებას უჭერს მხარს.

მათი მთავარი მოთხოვნებია:

1. შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი და თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ასპექტი;

2. შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს;

3. გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობას და მისგან თავის დაცვას;

4. გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;

5. დადგეს ნინი ცეცხლაძის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.

კამპანია „პროტესტის 100 დღე“ ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, ის აერთიანებს მშობლებს, ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. მარშის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო ორგანიზაციები „მშობლები განათლებისთვის“, „Safe You - საქართველო“ და კიდევ 15 ორგანიზაცია.

პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი გოგონას ბაბუა დააკავა >>

ბოლო პერიოდში საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე სექსუალური ძალადობის არაერთი ფაქტი მოხდა, რომელთაგან ზოგ შემთხვევაში მოძალადე თავად არასრულწლოვანის ახლობელი ან ნათესავი იყო.

 

95
პოლიცია თელავში

თელავში მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს

0
(განახლებულია 19:23 07.03.2021)
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცს ბოლო პერიოდში ფსიქოლოგიური პრობლემები აღენიშნებოდა. ის სახლიდან იყო წასული

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. თელავში მშობლებისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 27 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა.

შემთხვევა თელავში, გოშაძის ქუჩაზე დღეს მოხდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია თელავის მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ხოსმაზარაშვილი. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მის ვაჟს ბოლო დროს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მან უნივერსიტეტში აკადემიური აიღო. ის რამდენიმე თვის განმავლობაში სახლიდან იყო წასული და მას ოჯახი ვერ უკავშირდებოდა. 

 

 

0