გუდაური

კობი–გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიში ფერდობების მონიტორინგი თოვლმავალით განხორციელდება

53
(განახლებულია 17:28 19.01.2021)
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ზვავების წარმოქმნის მხრივ ერთ-ერთი მაღალი რისკის ზონაა.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ე.წ. საქართველოს სამხედრო გზის კობი–გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიში ფერდობების მონიტორინგს თანამედროვე, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით – თოვლმავალით (ბურანი) განახორციელებენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ზვავსაშიშროების დროს გუდაური–კობის გზის 14 კმ-იან მონაკვეთზე ავტომობილებით გადაადგილება შეუძლებელია.

„თოვლმავალის დახმარებით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ოპერატიულად შეაფასებენ არსებულ ვითარებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად საქართველოს სამხედრო გზის მომსახურებას ოპერატიულ რეჟიმში მუდმივად ახორციელებენ.

ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. „ზემო ლარსის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი კი ერთადერთი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

ბოლო დღეებში საქართველოს გზებზე უამინდობამ პრობლემები შექმნა. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის კობი–გუდაურის მონაკვეთი ზვავსაშიშროების გამო 11 იანვრიდან დაკეტილია. უახლოეს დღეებში უამინდობა შენარჩუნდება. 18-20 იანვარს სინოპტიკოსები ისევ თოვლს, ქარბუქს და ყინვას ვარაუდობენ.

53
თემები:
უამინდობა საქართველოში (310)
ელექტრომრიცხველები

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს

145
პოლიტიკურ პარტია კომუნალური გადასახადების სუბსიდირების კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებას ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამო ითხოვს

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოში კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ვადა შესაძლოა 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით გახანგრძლივდეს.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მიმართავს პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“, ნათქვამია პარიის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობამ 2020 წლის 30 ოქტომბერს 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყლის გადასახადების სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომუნალურ გადასახადებს ის აბონენტები არ იხდიან, რომლებიც თვეში 200კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრ გაზს მოიხმარენ. ამასთან ასეთ აბონენტებს არ ეხებათ დასუფთავებისა და სასმელი წყლის გადასახადიც.

„იქიდან გამომდინარე, რომ სინოპტიკოსთა პროგნოზით 2021 წლის მარტის თვეც ასევე სუსხიანი იქნება, მივმართავთ თხოვნით მთავრობას, რათა გააგრძელოს სუბსიდირების ვადა კიდევ ერთი თვით 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

პარტიის განცხადებით,  გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტიც, რომ გაზის წვის მაჩვენებლის აღება ხდება ყოველი თვის 11-13 რიცხვამდე, ხოლო ელექტროენერგიის დანახარჯის მაჩვენებელის - 17-20 რიცხვამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობამ სრულყოფილად ვერ გამოიყენა მთავრობის მიერ გაწეული სუბსიდირება.

„მთავრობის ეს გადაწყვეტილება იქნება პატარა შეღავათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოსახლეობისთვის“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

იმ აბონენტების რაოდენობა, ვინც ყოველთვიურად 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, 1,2 მილიონს შეადგენს და სახელმწიფომ დაახლოებით 17 მლნ ლარ გამოყო ამ მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების დასაფარად.

ასევე საქართველოში 670 ათასი აბონენტია, რომელიც თვეში 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარს – სახელმწიფომ ამ გადასახადების დასაფარად 27 მლნ ლარი გამოყო.

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიებით შესულმა ოთხმა დეპუტატმა - ფრიდონ ინჯიამ, ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა და გელა მიქაძემ დააარსეს.

145
თბილისის აეროპორტი

თბილისის და ბათუმის აეროპორტებში ახალი ავიარეისები დაინიშნა

34
საქართველოს ხელისუფლებამ საჰაერო საზღვრები უცხოელებისთვის 1 თებერვლიდან გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია.

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია" (TAV Georgia) თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ფრენებთან დაკავშირებული სიახლეების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი:

  • ბაქო-თბილისი-ბაქო - 21 მარტიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას (Azerbaijan Airways),
  • ელ ქუვეითი-თბილისი-ელ ქუვეითი - 28 მარტიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს (Jazeera Airways),
  • დუბაი-თბილისი-დუბაი - 28 მარტიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ყოველდღიური ფრენები შესრულდება (FlyDubai),
  • კიევი-თბილისი-კიევი - 28 მარტიდან 10 ოქტომბრის ჩავთვლით ყოველდღიური ფრენები შესრულდება (Skyup).

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი:

  • სტამბოლი - ბათუმი - სტამბოლი - 3 მარტიდან-27 მარტის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს (Turkish Airlines),
  • მინსკი-ბათუმი-მინსკი - 28 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას (Belavia).

გარდა ამისა, დღესვე ცნობილი გახდა, რომ 16 მარტიდან შესრულდება ავიარეისები ალმათი–თბილისი–ალმათის მიმართულებით.

საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 თებერვლიდან რეგულარული ავიაფრენების ყველა მიმართულებით აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. არაერთია ავიაკომპანია უკვე მზადაა ფრენების განსაახლებლად.

კორონავირუსული პანდემიის გამო საქართველომ 2020 წლის მარტიდან ჩაკეტა საზღვრები — ზოგი გამონაკლისით. კერძოდ, ქვეყნის საზღვრების გადმოკვეთა ნებადართული იყო საქართველოს მოქალაქეებისა და ტვირთების ტრანზიტული გადამზიდველებითვის.

ასევე გაუქმებული იყო რეგულარული ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით. ხორციელდებოდა მხოლოდ სპეცრეისები, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები ბრუნდებოდნენ შინ, ან უცხოელები მიფრინავდნენ საკუთარ ქვეყნებში.

გასული წლის ზაფხულის შუა პერიოდიდან რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო. პირველ რიგში ფრენები განახლდა მიუნხენის, რიგისა და პარიზის მიმართულებით. ნოემბრიდან ამ ჩამონათვალს დაემატა ამსტერდამი, ვენა, ბერლინი და დოჰა. თუმცა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებიდან გამომდინარე, ავიამიმოსვლის აკრძალვა 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა.სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია.

1 მარტიდან რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ვაქცინაციის გარეშე შეუძლიათ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში ჩამოფრენისას თან უნდა იქონიონ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი.

 

34
მცხეთის რაიონული სასამართლო

სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენს კვირის ბოლომდე გამოაცხადებს

0
გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულთა ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან და პროკურატურის შენობასთან კარვების დადგმას აანონსებენ

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. მოსამართლე ბიძინა სტურუა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთი ბრალდებულის მიმართ განაჩენს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. მათ ბრალი ედებათ „დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში“.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღევანდელი სხდომა შვიდ საათზე მეტს გაგრძელდა. ბრალდებულებმა ისარგებლეს ბოლო სიტყვის თქმის უფლებით და წარდგენილი ბრალდების მიმართ თავისი დამოკიდებულება დააფიქსირეს.

ბრალდებულთა ოჯახის წევრები გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან და პროკურატურის შენობასთან კარვების დადგმას აანონსებენ.

რეზონანსული საქმე

დღეისათვის შაქარაშვილის საქმე სამ ნაწილად არის დაყოფილი: მკვლელობამდე მომხდარი ჩხუბების ეპიზოდები არასრულწლოვანთა მონაწილეობით (მათ მიმართ განაჩენი უკვე გამოტანილია), ჩხუბების სამი ეპიზოდი სრულწლოვანთა მონაწილეობით და უშუალოდ ფეხბურთელის მკვლელობა.

საქმეზე სულ 17 ადამიანი დააკავეს. უშუალოდ მკვლელობის ნაწილში 17-დან ხუთი ბრალდებული ფიგურირებს, აქედან ორი არასრულწლოვანია. გამოძიების ვერსიით, მათ შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, სადაც ის დაიხრჩო.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო.

0