ბაკურიანი

„ბევრი ადამიანი დარჩება მშიერი“: საქართველოში შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

4023
მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც გაკოტრების ზღვარზეა, მხარს უჭერს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მოითხოვს შეზღუდვების მოხსნას, რომლებიც კორონავირუსის გამოა დაწესებული. ამ საკითხს პარტიის ოფისში გამართული პრესკონფერენცია მიეძღვნა.

„გვაცადეთ მუშაობა! - „გირჩი“ კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვს >>

მათი თქმით, შეზღუდვების გამო ადამიანებმა სამსახურები დაკარგეს, მცირე ბიზნესი ვერ უმკლავდება პრობლემებს და ერთმანეთის მიყოლებით კოტრდება.

„ჩვენს ბარში იყო გაფორმებული 82 ადამიანი, რომლებიც ამ მომენტისთვის იმ 200 ლარის იმედად არის... ამ 82 ადამიანს მოყვება ოჯახები, შემდეგ არის დაცვის სამსახური, დისტრიბუცია, რომლის ვალები გვაქვს და ვერ ვიხდით. სექტემბერში აღებული საქონელი გვიდევს. არის ქირა, რომელსაც ვერ ვიხდით“, - განაცხადა ბარ „სახელოსნოს“ მეპატრონემ ივა მაჭავარიანმა პრესკონფერენციაზე.

ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და ყველა კვების ობიექტი მხოლოდ გატანაზე მუშაობენ. ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვა.

2020 წლის 28 ნოემბრიდან მუშაობა შეწყვიტეს საქართველოს ზამთრის კურორტებმა, სასტუმროებს აეკრძალათ სტუმრების მიღება, კაფეები, რესტორნები, საბაგიროები და ტრასები დაკეტილია.

არსებობს ვარაუდი, რომ ზამთრის კურორტები დამსვენებლებს 1 თებერვლიდან მიიღებენ, მაგრამ ყველაფერი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

„სათხილამურო კლუბის“ მფლობელის, გურამ გოგიშვილის თქმით, მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სათხილამურო კურორტების გახსნის შესახებ.

გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო >>

„დროზე უნდა გადაწყვიტონ, უახლოეს დღეებში. თუ წელს სათხილამურო კურორტები არ გაიხსნება, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება მშიერი“, - განაცხადა გოგიშვილმა.

საქართველოში არსებული ყველა სათხილამურო კურორტი - გუდაური, თეთნულდი, ჰაწვალი, ბაკურიანი, კოხტა-მიტარბი და გოდერძი გაჩერებულია. პანდემიამდე ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისში იწყებოდა და მარტის ბოლომდე გრძელდებოდა.

 

4023
მუსიკოსები რესტორანში

როდის აღდგება რესტორნების შიდა სივრცეებში ცოცხალი მუსიკის შესრულება

12
საქართველოს ხელისუფლება ეტაპობრივად ამსუბუქებს შეზღუდვებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა

 თბილისი, 7 მარტი - Sputnik. 1 აპრილამდე საზოგადოებრივი კვების ობიექტების შიდა სივრცეებში ცოცხალი მუსიკის შესრულება კვლავ შეზღუდული იქნება. ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ორშაბათიდან, 8 მარტიდან კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება, რომლებიც გასული წლის ნოემბერში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო დაწესდა. კერძოდ, ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით რესტორნები მუშაობას შიდა სივრცეებში განაახლებენ (შაბათ-კვირის გარდა).

გარდა ცოცხალი მუსიკის შესრულების შეზღუდვისა, კვლავ აკრძალული იქნება სოციალური ღონისძიებების გამართვაც.

ხვალიდან აგრეთვე სამთო კურორტებზე გაიხსნება საბაგიროები, სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც განაახლებენ მუშაობას.

საქართველოში 1 მარტს გაიხსნა მუზეუმები და ბიბლიოთეკები, ბათუმის რესტორნებში მუშაობა შიდა სივრცეებში განახლდა (გარდა შაბათ-კვირისა), ნებადართულია კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება, ფუნქციონირება დაიწყეს საბავშვო ბაღებმა, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში ნებადართულია კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება.

ქვეყანაში 25 თებერვლიდან აღდგა სასტუმროების მუშაობა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვები, რომლებიც 25 თებერვლიდან  შემსუბუქდება - სრული ჩამონათვალი >>

ამას გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა უქმე დღეებშიც.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოიხსნება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა. ის ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომელიც პირბადეების ტარებასთან და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვასთან ერთად საქართველოში გაურკვეველი ვადით იმოქმედებს. ეპიდემიოლოგები ამ შეზღუდვას მოქალაქეთა მობილობის შემცირების სურვილით ხსნიან.

12
აქცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

„...ჩვენი გოგოების გამო“: ორშაბათს „1000 მშობლის მარში“ გაიმართება

93
რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ სქესობრივ დანაშაულთან  მიმართულებით გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. ორშაბათს, 8 მარტს საქართველოს დიდ ქალაქებში კამპანია „1000 მშობლის მარში" გაიმართება, რომელიც არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის გახშირებული შემთხვევების გამო დაიგეგმა.

კამპანია ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება, რომელმაც თავი მიმდინარე წლის თებერვალში მას შემდეგ მოიკლა, რაც მასზე 23 წლის კაცმა სექსუალურად იძალადა.

„1000 მშობლის მარში“ საქართველოს დიდ ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თელავი, მარნეული, ქობულეთი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, ლანჩხუთი, ხარაგაული) 17:00 საათზე დაიწყება. ეს აქცია ნაწილია 100-დღიანი კამპანიისა, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგონებისა და ქალების მიმართ. 

თბილისში აქციის მომაწილეები შეიკრიბებიან ვარდების მოედანზე, საიდანაც მსვლელობით გაიმართებიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ, სადაც მიტინგს გამართავენ.

„გამო, გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო, გამო!" - ამ ლოზუნგით სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ რვა მარტიდან ქუჩაში ის ადამიანები გამოვლენ, ვინც სისტემური რეფორმების გატარებას უჭერს მხარს.

მათი მთავარი მოთხოვნებია:

1. შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი და თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ასპექტი;

2. შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს;

3. გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობას და მისგან თავის დაცვას;

4. გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;

5. დადგეს ნინი ცეცხლაძის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.

კამპანია „პროტესტის 100 დღე“ ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, ის აერთიანებს მშობლებს, ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. მარშის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო ორგანიზაციები „მშობლები განათლებისთვის“, „Safe You - საქართველო“ და კიდევ 15 ორგანიზაცია.

პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი გოგონას ბაბუა დააკავა >>

ბოლო პერიოდში საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე სექსუალური ძალადობის არაერთი ფაქტი მოხდა, რომელთაგან ზოგ შემთხვევაში მოძალადე თავად არასრულწლოვანის ახლობელი ან ნათესავი იყო.

 

93
საპატრულო პოლიცია

თელავში 27 წლის  მამაკაცმა ოჯახის სამი წევრი მოკლა

0
(განახლებულია 18:49 07.03.2021)
მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. კახეთში საშინელი ტრაგედია მოხდა - თელავში, გოშაძის ქუჩაზე 27 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები და ბებია მოკლა და მიიმალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება.

ტრაგედიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი) მიმდინარეობს.

 

0