ონლაინ–გაკვეთილი

განათლების სფეროს სერიოზული სიახლეები ელოდება: რას გეგმავს ხელისუფლება

189
(განახლებულია 14:34 12.01.2021)
შენარჩუნდება თუ არა უფასო განათლება, გაჩნდება თუ არა მოსამზადებელი კლასები და რა ბედი ელით პედაგოგებს? – რას ითვალისწინებს განათლების რეფორმა.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2021 წელს განათლების სფეროში რიგი სიახლეები დაგეგმა, რაც სკოლასა და სკოლამდელ აღზრდას შეეხება. 

მიუხედავად მრავალი წინადადებისა - საბავშვო ბაღისა და სკოლის გადასახადის შემოღების შესახებ იმ პირებისთვის, რომელთა შემოსავალიც გარკვეულ ზღვარს სცილდება - ქვეყნის ხელისუფლებამ ძალაში დატოვა სკოლამდელი და სასკოლო განათლების სრული უფასო სისტემა. თუმცა, ორივე სისტემას რიგი ცვლილებები შეეხება.

საბავშვო ბაღების რეფორმა

2021 წელს ერთიდან ექვს წლამდე ყველა ბავშვისთვის სახელმწიფო ერთიან ელექტრონულ სისტემას შექმნის და სასკოლო მომზადებისთვის სპეციალური ცენტრების შექმნის მიზნით კონცეფციას შეადგენს, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. 

გარდა ამისა, წელს იგეგმება საბავშვო ბაღების მთლიანი სისტემის ცვლილებაც, რომელიც სკოლამდელი განათლების ფუნქციას შეასრულებს და ბავშვებს ქცევის, ემოციური და სოციალური უნარების განვითარების გზით სასკოლოდ მოამზადებს.

შეიცვლება საბავშვო ბაღების აღმზრდელთა შემადგენლობაც. ხელისუფლება ახალგაზრდა კადრების მოზიდვაზე გააკეთებს აქცენტს.

ყურადღების მიღმა არ დარჩება რაიონებში საბავშვო ბაღების დეფიციტის საკითხი. წელს ხელისუფლება გეგმავს ქვეყნის მასშტაბით დამატებით 50 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობას.

რეფორმების ახალი ტალღა სკოლებში

2021 წელს რეფორმები იგეგმება სასკოლო განათლების სისტემაშიც. ხელისუფლება მთლიანად გადახედავს სასწავლო გეგმას და სახელმძღვანელოების შეცვლას გააგრძელებს. 

გარდა ამისა, 2021 წელს დაიწყება განათლების სრული რეფორმის შემუშავება. რეფორმის დასაწყებად, რომელიც ხუთი წელი გაგრძელდება, დადგინდება პირველი სტანდარტები და პროცედურები.

ასევე ხელისუფლება ამზადებს წესებს მასწავლებლებისთვის, რომელთა დანერგვაც 2021 წელს დაიწყება. მათთვის შემუშავდა პროფესიული განვითარების სპეციალური პროგრამები, რათა პედაგოგებმა მუდმივი განვითარება შეძლონ.

ხელისუფლებას არც ახალი სკოლები დავიწყებია. 2021 წელს 80 ახალი სკოლის მშენებლობა და 850 სკოლის სარემონტო სამუშაოები იგეგმება.

189
ბაკურიანი

„ბევრი ადამიანი დარჩება მშიერი“: საქართველოში შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

28
მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც გაკოტრების ზღვარზეა, მხარს უჭერს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მოითხოვს შეზღუდვების მოხსნას, რომლებიც კორონავირუსის გამოა დაწესებული. ამ საკითხს პარტიის ოფისში გამართული პრესკონფერენცია მიეძღვნა.

„გვაცადეთ მუშაობა! - „გირჩი“ კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვს >>

მათი თქმით, შეზღუდვების გამო ადამიანებმა სამსახურები დაკარგეს, მცირე ბიზნესი ვერ უმკლავდება პრობლემებს და ერთმანეთის მიყოლებით კოტრდება.

„ჩვენს ბარში იყო გაფორმებული 82 ადამიანი, რომლებიც ამ მომენტისთვის იმ 200 ლარის იმედად არის... ამ 82 ადამიანს მოყვება ოჯახები, შემდეგ არის დაცვის სამსახური, დისტრიბუცია, რომლის ვალები გვაქვს და ვერ ვიხდით. სექტემბერში აღებული საქონელი გვიდევს. არის ქირა, რომელსაც ვერ ვიხდით“, - განაცხადა ბარ „სახელოსნოს“ მეპატრონემ ივა მაჭავარიანმა პრესკონფერენციაზე.

ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და ყველა კვების ობიექტი მხოლოდ გატანაზე მუშაობენ. ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვა.

2020 წლის 28 ნოემბრიდან მუშაობა შეწყვიტეს საქართველოს ზამთრის კურორტებმა, სასტუმროებს აეკრძალათ სტუმრების მიღება, კაფეები, რესტორნები, საბაგიროები და ტრასები დაკეტილია.

არსებობს ვარაუდი, რომ ზამთრის კურორტები დამსვენებლებს 1 თებერვლიდან მიიღებენ, მაგრამ ყველაფერი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

„სათხილამურო კლუბის“ მფლობელის, გურამ გოგიშვილის თქმით, მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სათხილამურო კურორტების გახსნის შესახებ.

გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო >>

„დროზე უნდა გადაწყვიტონ, უახლოეს დღეებში. თუ წელს სათხილამურო კურორტები არ გაიხსნება, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება მშიერი“, - განაცხადა გოგიშვილმა.

საქართველოში არსებული ყველა სათხილამურო კურორტი - გუდაური, თეთნულდი, ჰაწვალი, ბაკურიანი, კოხტა-მიტარბი და გოდერძი გაჩერებულია. პანდემიამდე ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისში იწყებოდა და მარტის ბოლომდე გრძელდებოდა.

 

28
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების შემცირების სტრატეგიაზე მუშაობს

109
(განახლებულია 18:08 18.01.2021)
როგორც გუშინ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საქართველოში კლინიკის გახსნა კარგ ბიზნესად ითვლება, რადგან ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. საქართველო მილიონ მოსახლეზე კლინიკების დიდი რაოდენობით გამოირჩევა, რაც პანდემიამდე კრიტიკის მთავარი საგანი იყო, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ პანდემიის დროს კლინიკების დიდმა რაოდენობამ გარკვეულწილად დადებითი როლიც შეასრულა, როდესაც ჯანდაცვის სისტემის ნორმალურ საქმიანობას დაუბრუნდება, საჭირო გახდება მათი რაოდენობის შემცირება.

გაბუნიას განცხადებით, ეს განსაკუთრებით ეხება  მცირე ზომის კლინიკებს, რომელთა სიჭარბე მაღალი ადმინისტრაციული ხარჯებისა და არაეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

„მიზანი არის, რომ ოპტიმალური იყოს კლინიკების რაოდენობა, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებებთან შესაბამისი იქნება. თუ, დავუშვათ, დღეს ქვეყანაში ფუნქციონირებს 17 ათასი საწოლი, და 17 ათასი საწოლი გაფანტულია 300-ზე მეტ კლინიკაში. კლინიკებისა და საწოლების კონსოლიდაციამ უკეთესი პირობები უნდა შექმნას ოპტიმალური სერვისის მიწოდებისთვის, დაზოგოს დანახარჯი ადმინისტრაციულ რესურსზე და ეს ფული პირდაპირ ბენეფიციარისკენ წავიდეს, პაციენტმა მიიღოს მეტი და უკეთესი სერვისი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, აღნიშნულთან  დაკავშირებით უკვე დაწყებულია სტრატეგიის შემუშავების პროცესი და ეს ყველაფერი თავიდან უნდა გაანალიზდეს.

კლინიკების ნაწილი 1 თებერვლიდან მრავალპროფილურ სერვისებს განაახლებს>>

გუშინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც განაცხადა, რომ საქართველოს  არ ესაჭიროება იმ რაოდენობით კლინიკები, რაც ამჟამად არის.  მინისტრმა ჭარბი რაოდენობის კლინიკების გახსნა ბიზნეს–ინტერესებით ახსნა.

109
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში
რეტრო კინოკამერა

40 წლის შემდეგ - ტელემაყურებლები სოსო ჩხაიძის ფილმ „შვიდკაცას“ ნახავენ

0
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ცნობილი ქართველი რეჟისორის, სოსო ჩხაიძის კინოფილმს აღადგენს

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. 40 წლის შემდეგ მაყურებლები ნახავენ სოსო ჩხაიძის მრავალსერიან მხატვრულ ფილმ „შვიდკაცას“, რომლის დასრულებაც კინორეჟისორს სიცოცხლეში არ დასცალდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

ფილმზე რეჟისორი სოსო ჩხაიძე 1979 – 1987 წლებში მუშაობდა, მაგრამ შემდეგ ეს პროექტი მიივიწყა. ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა კინორეჟისორი აგროვებს მასალებს სადიპლომო ფილმის გადასაღებად გურულ პოლიფონიურ სიმღერაზე. მაყურებელი თითქოს მასთან ერთად მოგზაურობს და ეცნობა გურული ხალხური სიმღერის დიდოსტატებს. ფილმში ასახულია 80-იანი წლების თბილისიც რეალური პერსონაჟებით.

„სამწუხაროდ, სოსო ჩხაიძეს არ დასცალდა ფილმის დასრულება, მაგრამ მან მოასწრო გადაღება, დამონტაჟება და გურიის ეპიზოდების ნაწილობრივი გახმოვანება. ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ფილმზე მუშაობა წელს საბოლოოდ დასრულდება და მაყურებელი იხილავს შვიდსერიან სატელევიზო მხატვრულ ფილმს“, - აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში.

ფილმის დასრულებისთვის დაგეგმილია შემდეგი სამუშაოების ჩატარება: არსებული მასალის აღდგენა, ხმის გაწმენდა, ფერთა კორექცია, დიალოგების ნაწილის ჩაწერა, მონტაჟის დასრულება, მიქსინგი, ტიტრებისა და სუბტიტრების დამზადება.

ქართველი სცენარისტი და რეჟისორი იოსებ ჩხაიძე 1937 წლის 18 მარტს დაიბადა თბილისში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1964-1969 წლებში სწავლობდა „ვგიკში“ გრიგორი ჩუხრაის სარეჟისორო სახელოსნოში. იგი არის შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ალბერტ შვეიცერის მედლის მფლობელი. სოსო ჩხაიძე 1992 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა.

0